რა ხდება ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 რუს ჯარისკაცს ვანადგურებთ. წარმოიდგინეთ მასშტაბები. მხოლოდ ივნისში, თითქმის 28 000 რუსი ჯარისკაცი განადგურდა და ჩვენ გვაქვს ვიდეო დადასტურება თითოეული მათგანისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ომი ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს დრონები და დისტანციურად ბრძოლის ტექნოლოგია წარმოადგენს რევოლუციურ ცვლილებას ომის ტექნოლოგიაში. ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 რუს ჯარისკაცს ვანადგურებთ. წარმოიდგინეთ მასშტაბები. მხოლოდ ივნისში, თითქმის 28 000 რუსი ჯარისკაცი განადგურდა და ჩვენ გვაქვს ვიდეო დადასტურება თითოეული მათგანისთვის. აბსოლუტური უმრავლესობის ლიკვიდაცია დრონებით განხორციელდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ამით არ ვამაყობთ. განვიხილავთ ამას, რათა ვაჩვენოთ, როგორ გამოიყურება თანამედროვე ომი, ომი, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იძულებულები ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების დასაცავად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ ომში ყოველდღიურად ნადგურდება მტრის უზარმაზარი აღჭურვილობა, ლოჯისტიკა და სამხედრო ობიექტები და უკრაინა ამას ძირითადად დრონებით ახორციელებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ასევე იცავს შავი ზღვის უსაფრთხოებას საზღვაო დრონების გამოყენებით.
„ვიბრძვით ცაში ორ ძირითად ფრონტზე, ვიცავთ უკრაინას რუსული თავდასხმებისგან და ვახორციელებთ ჩვენს შორ მანძილზე მოქმედ „სანქციებს“ რუსეთის წინააღმდეგ ამ ომისთვის, ჩვენს საშუალო რადიუსის ზეწოლის კამპანიასთან ერთად უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მთელ სიღრმეზე. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დრონების წყალობით, ჩვენ დავამკვიდრეთ დარტყმის შესაძლებლობა ოკუპირებული ტერიტორიის მთელ სიღრმეზე.
მისი თქმით, უკრაინის მიერ Shaheed-ის დრონების მოგერიების მაჩვენებელმა 90 პროცენტს გადააჭარბა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა დრონებისგან ამ მასშტაბით თავის დასაცავად. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ასევე ინარჩუნებს ფრთოსანი რაკეტების მოგერიების მაღალ მაჩვენებელს.
„მე მაქვს თქვენთან კითხვა. მართლა მიგაჩნიათ, რომ სწორი იქნება ნატო-ს გარეთ დარჩეს ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ამ დონის თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს? თუ ჩვენ უკვე გვაქვს ეს შესაძლებლობები, თუ უკრაინელებმა უკვე იციან, როგორ იბრძოლონ ასე, მაშინ ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. ეს ყველას გაგვაძლიერებდა. ჩვენ უკვე ვხედავთ ერთმანეთს, როგორც საიმედო პარტნიორებს და ბუნებრივი იქნება, რომ გავხდეთ უსაფრთხოების ერთიანი საზოგადოების ნაწილი. ნატო-ში უკრაინა არაჩვეულებრივი თავდაცვითი შესაძლებლობების წყაროა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
"ინტერპრესნიუსი"