"ქორწილი გადაიხადეს, თანაც - სამდღიანი, ოღონდ ხელის მოწერა დაავიწყდათ" - მორის ფოცხიშვილისა და როზიტა ვერბის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"ქორწილი გადაიხადეს, თანაც - სამდღიანი, ოღონდ ხელის მოწერა დაავიწყდათ" - მორის ფოცხიშვილისა და როზიტა ვერბის სიყვარულის ამბავი

(არქივი)

"არის სიცოცხლე სიკვდილში

და უკვდავებაც არის!" მორის ფოცხიშვილი

თავისუფლებისმოყვარე იყო, თურმე, ლაღი, კეთილი და კაცთმოყვარე, ღირსეულად იცხოვრა და ლამაზი ლექსები დაწერა, ისეთი, მუსიკასავით რომ ხვდება ყურს. ხალხმა მისი ლექსები შეიყვარა, კომპოზიტორებმა კი ეს ლექსები ლამაზ სიმღერებად აქციეს და ამღერებულ პოეზიას დღემდე ყველა თაობის ადამიანები ასრულებენ. "არ მიყვარდა ერთი გოგო", "დაშვებული ფარდები", "ლაზიერის გამბიტი", "ვინც ამ გოგოს გააცინებს", "უკანასკნელი მეფაიტონე", რომელიც ბუბა კიკაბიძეს მიუძღვნა, "იძინებს მზე" და კიდევ რომელი ერთი გავიხსენოთ...

პოეტ მორის ფოცხიშვილს პირადად არ ვიცნობდი, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ მისი ლექსები ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ამ ადამიანის პოეზია ზუსტად გამოხატავს მის "სულიერ ბიოგრაფიას" - მის ბუნებას, გრძნობებს, ემოციებს, ნაფიქრ-ნააზრევს... იგი პროფესიით ჟურნალისტი იყო, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჯერ ჟურნალ "ცისკარს" რედაქტორობდა, შემდეგ გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორიც გახლდათ და - წიგნის პალატისაც, მთარგმნელიც იყო და მისი ბევრი ლექსიც სხვადასხვა ენაზე არის ნათარგმნი, მრავალი პრემიის ლაურეატია და გერმანელი თეოლოგის, ეთიკოსის, ექიმისა და ორღანისტის, ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალიც კი აქვს მიღებული! ბატონი მორისი 63 წლისა გარდაიცვალა, 2020 კი მისი საიუბილეო წელიწადია - 11 ივნისს 90 წელი შეუსრულდება. მისი ქალიშვილები - ბასა და თამარ ფოცხიშვილები ამ თარიღისთვის მამის ოთხტომეულს გია ჯოხთაბერიძესთან ერთად გამოსცემენ.

მაინც როგორი იყო ეს თავისუფლებისმოყვარე კაცი, პოეტი და მთარგმნელი მორის ფოცხიშვილი, როგორ ცხოვრობდა, ხარობდა, წუხდა და როგორ უყვარდა? - მშობლების გაცნობისა და სიყვარულის ამბის გახსენება ბატონი მორისის უმცროს ქალიშვილს, რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს ვთხოვე.

moris-1-1783430004.webp

"...შენს ჩურჩულს, მე რომ გალობად მესმის,

სიცოცხლეს, კვლავ რომ ასე ტკბილია,

ლექსად დავწერდი, მაგრამ ეს ლექსიც

უკვე დიდი ხნის დაწერილია!"

basaa-1783430026.jpg

- ეს ლექსი, ისევე, როგორ ბევრი ლექსი, მამამ დედას მიუძღვნა. დედა - როზიტა ვერბი მამით იტალიელი იყო, ტიტულიანი გვარის წარმომადგენელი, დედით კი - ქართველი და თბილისში ცხოვრობდა. ერთმანეთი აფხაზეთში გაიცნეს, ძალიან უჩვეულოდ - შუა ზღვაში... დედა ექიმი იყო, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და სამთვიან საზაფხულო პრაქტიკას გაგრაში გადიოდა. ქართველს არ ჰგავდა, ძალიან ცისფერი თვალები ჰქონდა და ქართველისთვის უჩვეულო - რომაული პროფილი. ამას ისიც დაემატა, რომ ზაფხულის მზემ თმა გაუხუნა და რუჯიც ძალიან დაეტყო. იმ ზაფხულს მორისი, მთელი მისი დიდი ოჯახი და სამეგობრო დასასვენებლად სწორედ გაგრაში ჩავიდა. მამამ დედა პლაჟზე შენიშნა და ძალიან მოეწონა. დედამაც შენიშნა, თურმე, მორისი. მერე გვიყვებოდა, ისეთი თეთრი იყო, არ მომეწონაო. დედას ძალიან უყვარდა ცურვა და კარგადაც ცურავდა - ზღვაში იმდენად შორს გადიოდა, ჰორიზონტზეც აღარ ჩანდა ხოლმე. იმ დღესაც ძალიან შორს გაცურა და მორისიც გაჰყვა. რომ მიუახლოვდა, რუსულად გამოელაპარაკა დედას, - გოგონა, რა კარგი ამინდიაო! (მამას დედა რუსი ეგონა). დედა მთელი ცხოვრება სიცილით იხსენებდა, ასე მარტივად, ბანალურად როგორ დამელაპარაკაო?! მაშინ მამა 28 წლის იყო, დედა - 24 წლის. გაგრაში ყოფნისას ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, მორისი ხშირად აკითხავდა, თურმე. დედას თავისი მეგობრები ეუბნებოდნენ, ეს, იცი, რა მაგარი პოეტიაო! დედას კი მორისის ლექსები წაკითხულიც არ ჰქონდა.

განაგრძეთ კითხვა