დაიძვრება თუ არა მყინვარები ძლიერი სიცხის ფონზე: რა ელოდება საქართველოს
კლიმატის ცვლილება, მისგან გამოწვეულ პრობლემები - კვლავ დიდ გამოწვევად რჩება მსოფლიოსთვის, რადგან ეს ყველაფერი უკვე შეუქცევადი პროცესია. რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს, იმოქმედებს თუ არა „ელ-ნინიო“ საქართველოზე, გვიცავს თუ არა კატასტროფებისგან კავკასიონი და ბევრ საინტერესო თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ლაშა სუხიშვილი გვესაუბრა:
- დედამიწაზე კლიმატი მუდმივად იცვლება. რაც დედამიწა არსებობს, მილიარდობით წელია, ეს პროცესი არ წყდება - ხან თბება, ხან გამყინვარება იწყება. კლიმატის ეს შებრუნებები, ანუ სითბოდან გამყინვარებაში გადასვლა და შემდეგ ისევ უკან, ბუნებრივი ციკლია. მაგალითად, სულ რაღაც საუკუნე-ნახევრის, უფრო ზუსტად, ორი საუკუნის წინ, ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში დასრულდა „მცირე გამყინვარება“, რომელიც მე-12 საუკუნეში დაიწყო და მე-19 საუკუნის დასაწყისში დამთავრდა... ესეც სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, თავისით დაიწყო და დასრულდა. თანაც, იმაზე ბევრად ადრე დასრულდა, ვიდრე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყებოდა - ანუ მანამ, სანამ ადამიანი სათბურის ეფექტის მქონე აირების დიდი რაოდენობით გაფქვევას დაიწყებდა (მით უმეტეს, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, როცა ამ აირების ატმოსფეროში გაფრქვევამ საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია).
- მოკლედ, კლიმატის ცვლილება, მათ შორის, გამოხატული დათბობით, ბუნებრივი პროცესია...
- დიახ, რომელიც დედამიწაზე ადამიანის ჩარევის გარეშეც მიმდინარეობს. თუმცა, ადამიანის ფაქტორიც რომ შემოდის, ეს დათბობა უფრო მძაფრდება - ანუ ადამიანის გარეშეც დათბებოდა, მაგრამ ჩვენი ჩარევის გამო ეს დათბობა ბევრად მკაცრი სახით არის წარმოდგენილი. ამის შეცვლა, ან რაიმეს შველა თუ შეგვიძლია? არა მგონია. ერთადერთი, ალბათ, შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ხვალიდან ყველა საწარმო გავაჩეროთ და სადაც კი ქალაქები აშენდა, ყველგან ხეები დავრგოთ.

- და ეს დათბობას შეანელებს?
- შეანელებს, მაგრამ ვერ გააქრობს. მაინც დათბება, უბრალოდ, ასეთი ექსტრემალური აღარ იქნება... დღეს რაც ხდება, დანარჩენი ევროპისა და საქართველოს შემთხვევაში, არის სურათი, რომელიც ბოლო წლებში უკვე ხშირად მეორდება. ესეც ბუნებრივი პროცესია, რომელიც ადამიანური ფაქტორით ოდნავ გამძაფრებულია. ეს ბუნებრივი პროცესი კი შემდეგნაირად აიხსნება: ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპის კონტინენტზე შემოდის ცხელი ჰაერი, მაგრამ ეს შემოსვლა არ არის მუდმივი გადაადგილების რეჟიმში. მაისის ბოლოს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში შევიდა ცხელი ჰაერი და იქ დარჩა. ამას კლიმატოლოგიაში „სითბური გუმბათი“ (Heat Dome) ჰქვია.არსებობს ასევე „სითბური ტალღა“ - ტალღა არის, როცა შემოვა, გადაივლის და გავა.