"მკვლელის მკვლელი" დაკავებულია: ვინ მოკლა უკრაინელი მილიარდერის "ამფეთქებელი" და რა თანხა მიიღო ჯილდოდ ქალმა სიკვდილამდე
მონაკოში, უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის მთავარი ეჭვმიტანილი, 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაია, უკრაინის დედაქალაქში მოკლული იპოვეს. სამართალდამცავებმა მისი ცხედარი კიევში ერთ-ერთ სარდაფში აღმოაჩინეს – მას თავის არეში ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი.
მკვლელობის ადგილზე, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო საიდუმლო წამების კამერა.საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ოფიცერი (გვარად რეუტი) და ყოფილი პოლიციელი.

თავდასხმა მონაკოში
გამოძიების თანახმად, 29 ივნისს, მონაკოს პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექს „Sun’s Palace“-თან ძლიერი აფეთქება მოხდა. მამაკაცის ტანსაცმელში შენიღბულმა ბერეზოვსკაიამ ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ზურგჩანთა უკრაინელი მილიონერის, ვადიმ ერმოლაევის სახლთან დატოვა.
აფეთქების შედეგად ვადიმ ერმოლაევი (ბიზნესმენი, რომელსაც უკრაინამ 2023 წელს ყირიმში საქმიანობის გამო სანქციები დააწესა) მძიმედ დაშავდა. მისი სავარაუდო საყვარელი, 46 წლის ანასტასია ნასობინა, კიდევ უფრო მძიმედ დაზარალდა – მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. წყვილის 13 წლის შვილი მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა და ახლა გამოძიებას ჩვენებას აძლევს.