"შენ, ერთადერთი ხარ დედოფალი, ჩემი ცხოვრების ჯიქთა-ხათუნი"
აბაშიძე საკმაოდ გავრცელებული გვარია და საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვდები. მაგალითად, იმერეთში განსაკუთრებით ბევრი აბაშიძე ცხოვრობს. ჩემი სტატიის გმირიც იმერეთიდან იყო, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანიდან. ჭიათურა ჩემი დედულეთია და ბავშვობაში, სასკოლო არდადეგებისას, იქ ჩასულს, ხშირად მესმოდა მისი სახელი და გვარი, მისი ნაწარმოებებიც: "ლაშარელა", "დიდი ღამე", "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" და ა.შ. პირველად სწორედ იქ წავიკითხე. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ წლები გავიდოდა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ მისი ნაწარმოებების გამოცემაშიც მივიღებდი მონაწილეობას - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის ოჯახში მოვხვდებოდი, შვილებს, ქალბატონ თამარს (თოლიას) და ბატონ დავითს (აწ განსვენებულს) გავიცნობდი, დავუახლოვდებოდი და მათგან აბაშიძეების ოჯახის დიდი სიყვარულის ამბებსაც მოვისმენდი. 2024 წელი პოეტისა და პროზაიკოსის - გრიგოლ აბაშიძის ორმაგად საიუბილეო წელიწადია: 1-ლ აგვისტოს მწერალი 110 წლის გახდებოდა, 29 ივლისს კი მას გარდაცვალებიდან 30 წელი შეუსრულდა. ამიტომაც სწორედ ახლა გადავწყვიტე, ოჯახის ამბები თქვენთვისაც მომეყოლა.აბაშიძის გვარზე საგანგებოდ გავამახვილე ყურადღება, რადგან... გრიგოლ აბაშიძის მეუღლეც გვარად აბაშიძე იყო, ოღონდ, ცხადია, ამ გვარის სხვა შტოს წარმომადგენელი. ლამარა აბაშიძე ისეთი ლამაზი ყოფილა, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა.

ფოტო: ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად
მწერლის მუზა
იმხანად გრიგოლ აბაშიძე 30-31 წლის იქნებოდა, მასზე 12 წლით უმცროსი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რომ ნახა. ქალს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით, და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. სხვათა შორის, ფრანგული ბატონმა გრიგოლმაც ძალიან კარგად იცოდა. პიერ რონსარი ბწკარედის გარეშე ჰქონდა ნათარგმნი. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე შეუყვარდა. ლექსიც მიუძღვნა - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა: "და შედგა ჩემი ბედის ბორბალი,/ შეჩერდა, შენი თმით დახლართული,/ შენ, ერთადერთი ხარ დედოფალი,/ ჩემი ცხოვრების ჯიქთა-ხათუნი./ მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება,/ წვრილი წარბები წყვილად გართხმული,/ რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება/ და რაღაც - კიდევ უფრო ქართული./ სად წავალ? შენკენ მომაფრენს ქარი,/ ფრთად მექცა შენი ყმობის უღელი,/ ყველგან თანა გდევ, ფიქრივით ჩქარი,/ ჩრდილივით ჩუმი და - განუყრელი./ დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს,/ შეჩერდეს, შენი თმით დახლართული,/ ვეფხვზე უწყალო, ჯიქზე უწყალო,/ შენა ხარ ჩემი ჯიქთა ხათუნი". ჯიქთა-ხათუნი მონღოლი პრინცესა იყო, რომელიც ძალიან ლამაზი და ამაყი იყო და მამაკაცებს ამწარებდა...

წყვილი მალე დაქორწინდა, ორი შვილი ეყოლათ და მწერალმა ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი. მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა. გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდა იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა ოჯახშიც და მის მიღმაც ყველას უადვილდებოდა, მუდამ სიკეთეს ასხივებდა. ამბობენ, შინ რომ შედიოდა, თითქოს კედლებიც იცინოდნენო. მუშაობისასაც კი არ წუხდებოდა - თამარი მუსიკაზე დადიოდა და მამის შინ ყოფნისასაც ხშირად უწევდა მეცადინეობა. ერთმანეთში გამავალი ოთახები ჰქონდათ და მამა თავის ოთახში რომ წერდა, აქეთ თამარი უკრავდა, თანაც მარტო შოპენსა და ბეთჰოვენს ხომ არ შეასრულებდა? - ხან გამებს უკრავდა, ხან სხვა სავარჯიშოებს, მამა კი მას ერთ საყვედურსაც არასდროს ეტყოდა.