"საოცარი წინათგრძნობა ჰქონია, თითქოს, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდოდა... როდესაც გაგრელები ეხვეწებოდნენ, ზღვიდან გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო"
ამ დილით, ახლად გაღვიძებულს, ფიქრებში ჩემი გურამ რჩეულიშვილი შემომეფეთა... ან შემოვიფეთე... ეს ბიჭი სულ არ იცვლება, არც - მე, მის წინაშე! იგი გაცნობისთანავე შევიყვარე, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას...
და მიყვარს დღემდე - ბობოქარიც და მშვიდიც; თავქარიანიც და დინჯიც; გრძნობებით არეულიც, ჩაძირულიც, აღტაცებულიც, ამღვრეულიც, სევდიანიც, გახელებულიც... ვერაფრით გადავიყვარე, რადგან არაფრით დამეხსნა - არც მასზე უმცროსს, არც მის თანატოლს და არც მასზე უფროსს... საოცარი ბიჭია, თავისი ვაჟკაცობით და თავისი ნიჭით - რამდენი 26 წელიწადი გამოიარა და... მაინც ცოცხალია... სახელიც აცოცხლებს და - თავისი წიგნებიც... თანაც - კვლავ 26 წლისაა...
ჩემი მეგობარი გურამ რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილი ერთი სქელყდიანი წითელი წიგნით `გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა! სულთან ძალიან ახლოს იყო... მეტისმეტად ახლოს... და კიდევ, ვაჟკაცობის, კაცობის ეტალონი იყო ჩემთვის... ის წიგნი მუდამ თან მქონდა და თითქოს გურამიც მუდამ ჩემ გვერდით იყო... მერე ის წიგნი დავკარგე და დღემდე განვიცდი ამ ამბავს. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა - მე ჟურნალისტობა ავირჩიე და ბედმაც გამიღიმა - გურამ რჩეულიშვილის უახლოეს მეგობრებსა და ოჯახს დავუახლოვდი, მისი ამბები, თავგადასავლები, ალბათ, მილიონჯერ მოვისმინე, მისი დღიურები, არ ვიცი, რამდენჯერ წავიკითხე, მისი სულიც კიდევ უფრო უკეთ შევიგრძენი და ასმაგადაც შემიყვარდა... ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი "მედია პალიტრის" გამომცემლობას - "პალიტრა L" -ს მიუძღვის, რადგან სწორედ მე მომანდეს გურამის წიგნების გამოსაცემად მის ოჯახთან ურთიერთობა....
არასდროს დამავიწყდება, როგორ ვტიროდით მე და მწერალი და გამომცემელი ბატონი ნუგზარ წერეთელი ამ უკანასკნელის კაბინეტის კედლებზე ჩამოკიდებულ გურამის უზარმაზარ ფოტოებთან, დიახაც ვტიროდით - ის თავის უახლოეს მეგობარს, მე - ჩემს გმირს, რომელიც ჩემთვის მუდამ ის ბიჭია, ბავშვობაში რომ შემიყვარდა და ჩემი სულის ნაწილიც გახდა... ცუდია, რომ მან ეს არ იცოდა. უარესი კი ის იყო, რომ ვერც ვერასდროს გაიგებდა... რამ შემაყვარა? ალბათ, ბავშვობაშივე ინტუიციურად ვგრძნობდი, ბევრი საერთო რომ გვქონდა - ფიქრები, განცდები, ზღვის, მთის, თავისუფლების სიყვარული, რომანტიკა, ხანდახან - თავქარიანობაც, დღიურების, ჩანაწერებისა და წერილების წერა, თუნდაც ქაღალდის ნაგლეჯზე ან სიგარეტის კოლოფის კიდეზე და მერე ამ ყველაფრის შენახვა; მეგობრებთან ერთად მოლხენა, სიზმრები და... კიდევ ბევრი თვისება თუ ჩვევა...
"...თბილისში ვიჯექ და წვიმდა მთელი დღე კოკისპირულად. მე კი ვიჯექი, თავზე წყლულები დამისკდა, ხოვლეში უქუდოდ სიარულისას დამსკდარი, და ვუყურებდი წვიმას. მოწყენილი ამინდი, წვიმა, უკაცური ქუჩა ჩემი გულის დარდს ერთგვარ თანაგრძნობას უწევდა. მერე მინდოდა დამეწერა ამ დარდის ამბავი, მაგრამ სულ სხვა რამეზე გადავედი, კალამმა ჩემდაუნებურად სხვა დამაწერინა. როცა დავამთავრე და წავიკითხე, გამიხარდა. ჩემს გრძნობას სხვა ფორმებში უფრო კარგად გადმოეცა ის ჩუმი დარდი, მელანქოლია, უიმედობა და თან შეუპოვრობის ნაპერწკალი, თუნდაც ის ამბავი, რომ სახლში არ მინდოდა გაეგოთ, რომ მე ვდარდობდი რაიმეზე.
ერთი სიტყვით, მე ძალიან შორს შევიჭერი ჩემს მოგონებებში. ესაა ჩემი უბედურება. დავიწყებ ერთი რაიმეს კეთებას და ოცნება სხვა მხარეს მაგდებს, სხვას მაკეთებინებს, ძირითადს, ჩემს მიზანს იმ დროში მავიწყებს. ამის კვალი ეტყობათ ჩემს დღიურებს. ალბათ იგივე ნაკლი ექნებათ ნოველებს თუ პატარა ნოველებსაც, რომელთა დაწერასაც მე ვაპირებ. ერთი კი უნდა შევცვალო წერაში, ესე იგი ქაღალდზე გადმოვიტანო არა ჩემი წარსული განცდები, არამედ ჩემი ფიქრები მომავალზეც, ჩემს პირადზე, მეგობრებისაზე თუ სამშობლოზე. ამ ფიქრებს ჩემს გონებაში მოგონებებზე ბევრი ადგილი უჭირავთ, მაგრამ მათი შეკრება დასაწერად უფრო ძნელია, ალბათ, იმიტომ, რომ მე ისინი თავად არ განმიცდია. - ეჰ, ვინ იცის, იქნება ვერც განვიცადო. - არა, ამაში ეჭვი არაა, ჩემი ფანტაზია ვერ დაცხრება. ვერ დააოკებს ვერავითარი იმედის შესრულება. ასეთ ფიქრებს ხშირად სრულ მელანქოლიამდე მივყევართ და მაშინ უკვე აღარაფრის შესრულება, აღარაფრის გაკეთება აღარ მინდა, გინდ შემისრულდეს, ალბათ ასეთ დროს არც გამიხარდება. მე მინდა ან არაფერი, ან ყველაფერი. მე რომ მინდა, ცოტას ნიშნავს - ჩემი წილია ცხოვრებაში ცოტა ისეც, ცოტა ასეც. მე ბუნება არა მჩაგრავს, მაგრამ არც მათამამებს. პირველი მიკარგავს ბრძოლის სურვილს, მეორე არ ვიცი, ხან მაძლიერებს - მაშინ კარგადა ვგრძნობ თავს, ხან ისიც მიკარგავს, მაგრამ მის მიერ გამოწვეული უიმედობა უფრო საშიში და ხანგრძლივია. კვლავ შევიჭერი - ასეთი ვარ მე - უვარგისი ერთი გარკვეული საქმისათვის..." - გურამ რჩეულიშვილი

გურამს საოცარი წინათგრძნობა ჰქონია, თითქოს, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდოდა. ერთგან დაუწერია კიდეც: მე ვიცი რომ მოვკვდები და ასე რომ არ მოხდეს, ძალიან მეწყინება, რომ ჩემმა ინტუიციამ მომატყუაო. ხანდახან ისეთ რამეს აკეთებდა, თურმე, თითქოს სიკვდილს სცდიდა. ბატონმა ნუგზარის თქმით, თითქოს სიკვდილს ეთამაშებოდა: - მისი დაღუპვის შემდეგ ბევრი ძიებით დავაზუსტე, რომ გურამი ტალღას კი არ გაუტაცია ზღვის ნაპირიდან, როგორც გაგრელმა ბიჭებმა მითხრეს (იქვე რომ იმყოფებოდნენ იმ საბედისწერო შემთხვევისას), თვითონ შესულა აღელვებულ ზღვაში სამი ადამიანის გადასარჩენად და როცა ეს გაგრელები ეხვეწებოდნენ, გამოდიო, - როგორ გამოვიდე, ხალხი იხრჩობაო, - წყლიდან უპასუხია და უზარმაზარ ტალღას შეჰყოლია ორი რუსის და ერთი ქართველის გადასარჩენად. და გადაარჩინა კიდეც. თვითონაც შეეძლო, გადარჩენილიყო, მაგრამ... ახლაც რომ ვიხსენებ, ძალიან ვღელავ... ერთ გაბედულ აფხაზ ბიჭს შეუცურავს ამ აღელვებულ ზღვაში და ჯერ გურამის დახმარება უცდია, მაგრამ გურამს უთქვამს, მე არაფერი მიჭირს, გამოვალ, იმ ბიჭებს მიხედეო (მერე ვნახეთ ის აფხაზი და ტირილით გვიყვებოდა ამ ამბავს)... გურამი გამოსულა კიდეც ჯებირამდე, გამოუცურავს. ძალიან დაღლილი ყოფილა და შეუსვენია. ხალხი კიოდა და წიოდა, - ჩქარა, ჩქარაო. `მინუტაო", - გურამს დაუძახია (ამ სიტყვის თქმა უყვარდა), ჩანს, სულის მოთქმა უნდოდა. არადა, ხელები რომ აეწია, ჯებირის ზემოთ მყოფნი დასწვდებოდნენ და უეჭველად აიყვანდნენ, მაგრამ ძალიან ამაყი იყო და სხვისგან დახმარება არ ისურვა. რამდენიმე წამში მოტრიალებულა და ჯებირის კიბეზე ასვლა რომ დაუპირებია, სწორედ მაშინ დაურტყამს უზარმაზარ ტალღას და გაუტაცია. კიდევ შეეძლო გამოსვლა, მაგრამ მერეც თითქოს კვლავ სიკვდილს ეთამაშებოდა: იმედი ჰქონდა, ამჯერადაც გაიტანდა თავს, როგორც ერთხელ, ალავერდში - ეხუმრებით ალავერდზე ავარდნას და დადგომას? მაგას ას კაცში ერთი თუ შეძლებს. იქიდან რომ ჩამოვარდნილიყო, სული არ დაჰყვებოდა მიწამდე. ზღვაშიც ისევ ნაპირისკენ მიიწევდა, შვეულმფრენს კიბე რომ ჩამოუშვია. გურამს ჯერ სხვები მიუშვია კიბემდე, ეხმარებოდა კიდეც ასვლაში, ბოლოს თვითონ დაუწყია ასვლა, მაგრამ დამპალი კიბე გამწყდარა და გურამი კვლავ ტალღებში ჩავარდნილა. მაინც მიიწევდა თურმე ნაპირისკენ, მაგრამ სტიქიას ვეღარ აჯობაო.