რა ხდება სინამდვილეში "ნაცმოძრაობაში" და რას ნიშნავს "რეფორმატორთა საბჭო"?! - ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება
„რეფორმატორთა საბჭო“ შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად - მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერს უთხრას, ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, შევქმნათ ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ, შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენეთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი - მიხეილ სააკაშვილი ღიად არის „რეფორმატორთა საბჭოს" რიგითი წევრი, როგორც თავად ამბობს, მას არ მოსწონს ეს „ხელმძღვანელი", თუმცა მთავარი რეფორმატორია,- ასე განმარტავს ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „რეფორმატორთა საბჭოს" შექმნის იდეის შესახებ. .
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „რეფორმატორთა საბჭოს" შექმნის პროცესი მუშა პროცესი იყო, რომელიც დახურულ ფორმატში განიხილებოდა. მისი თქმით, რეფორმების შექმნა მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიური ნიჭია, თავად კი ამაყია იმით, რომ ამ პროცესებში მონაწილეობს.
„რეფორმატორთა საბჭო“ შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე მიზეზის გამო. გვინდა, რომ იყოს საქმიანი კოალიცია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ არ უნდათ პარტიულობა. ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში, ვინც განსხვავებულ აზრს იტყვის, „ყველა „ნაცია“, მაგრამ მეორე საკითხია, როცა პოლიტიკურ პარტიასთან აფილირება ასე პირდაპირ ხდება, რისი სურვილიც შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ეს პრობლემა მოვუხსენით ადამიანებს და ვუთხარით, რომ ნებისმიერ თქვენგანს, მათ შორის შეიძლება იმ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ხუთიანის ამომრჩევლები, მიიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა იმიტომ, რომ გვინდა- არ გვინდა, პოლიტიკური პროცესები მაინც წავა ისეთ ჭრილში, რომ პარტია როგორც იარაღი საჭირო გახდება ყველასთვის, ვინც ამ ბრძოლაშია. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ახლა, არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერს უთხრას: ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად ვიმუშაოთ ამ ბრძოლის იარაღის გაძლიერებაზე, თქვენი შეხედულებების მიხედვით, რეფორმები განვახორციელოთ ამ პარტიაში, შევქმნათ ისეთი, როგორსაც თქვენ ხედავთ მომხიბვლელად და უფრო მიმზიდველად და შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენეთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი“,- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისი განმარტებით, „რეფორმატორების საბჭო" არის დამოუკიდებელი, თუმცა პროცესში მონაწილეობას იღებენ პარტიული ადამიანებიც, წევრებიც და არამხოლოდ წევრებიც, მათ შორის არიან წარსულში მაღალი ჩინის მქონე ადამიანები. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, პროცესი უნდა იყოს ძალიან გახსნილი.
"ინტერპრესნიუსი"