“მოიხედავ უკან და ხედავ, რომ შენი უსაყვარლესი, უახლოესი ადამიანები გაკრეფილან და რა გამოდის შენი სიცოცხლე? - სიცოცხლე უსიხარულოდ, გადავსებული ცრემლით, სევდით, მწარე მოგონებებით..." - ინტერვიუ ტარიელ ჭანტურიასთან “კვირის პალიტრის“ არქივიდან - კვირის პალიტრა

“მოიხედავ უკან და ხედავ, რომ შენი უსაყვარლესი, უახლოესი ადამიანები გაკრეფილან და რა გამოდის შენი სიცოცხლე? - სიცოცხლე უსიხარულოდ, გადავსებული ცრემლით, სევდით, მწარე მოგონებებით..." - ინტერვიუ ტარიელ ჭანტურიასთან “კვირის პალიტრის“ არქივიდან

(არქივი)

"დღევანდელ პოლიტიკოსებზე გული მტკივა... ეჭვი არ მეპარება, რომ მათ საქართველო უყვართ და სტკივათ, მაგრამ ერთია რომ გიყვარს და სიკეთე გინდა და მეორეა, როგორ გამოიყენო სიკეთე და დაეხმარო შენს ქვეყანას, რა გზა უნდა აირჩიო. უზარმაზარი წნეხია რუსეთიდან"

"დღეს და ხვალ კი არა, მთავრობას და პარტიას კი არა, მწერალი მკითხველს და შორეულ მომავალს აბარებს ანგარიშს", - მეუბნება და დასძენს, რომ მთელი ცხოვრება "სხვა კრიტერიუმების მქონე ჟიურისთან" წარსადგომად ემზადება. პოეტისა და მწერლის ტარიელ ჭანტურიას მრავალფეროვანი შემოქმედება სხვებისგან, ალბათ, იმით გამოირჩევა, რომ ისეთივე ექსპრესიული და ქაოსურია, ერთბაშად სევდიანი და სიყვარულით, ნოვაციით, ტრადიციულობით სავსე, როგორიც თავად მისი ცხოვრება. ჟამთა სვლის მიუხედავად, მისი პოეზია მუდამ თანამედროვე და უბერებელია. პოეტი მალე 88-ის გახდება და როგორც წლების წინ, დღესაც ისევე უყვარს, სძულს, წუხს, მღერის ქართულად, რისთვისაც "ჰმადლობს უფალს, ნებადართულად".

- ბატონო ტარიელ, როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს და წლებს?

- ვარ, ნაწილობრივ (იცინის). ილია ჭავჭავაძე მის პერსონაჟს რომ ათქმევინებს, მე ის თამრო აღარა ვარო, ეს კაცებსაც ეხება, სხვათა შორის. მე ის თამრო აღარა ვარ, ისე ვეღარ ვსვამ, ვერ ვცურავ... განწყობას რაც შეეხება, ეს არის ადამიანის მთავარი სივრცე. კარგადა ვარ - ეს პირობითია. "ბიოგრაფიის მოდელი" დავწერე - ორი ერთიანი გავიარე, ვიყავი 11 წლის, ორი ორიანი - 22-ის... ორი 7-იანი - 77-ის. არ ვიცი, მინდა თუ არა ორი რვიანი? ჩემმა შვილმა, ირაკლიმ მითხრა, ბოლო ფრაზა ტრიპაჩის დაწერილია, აბა, კი, არ გინდაო. 87-ის რომ გავხდი და 88-ში გადავედი, მერე ვიფიქრე, იყოს ეს ორი რვიანიც, მაგრამ ორი ცხრიანი არ შეიძლება.

- რატომ არ შეიძლება?

- ტრაგიკულია რაღაც, მთელ ცხოვრებას ეხება - ხარ 99 წლის, მოიხედავ უკან და ხედავ, რომ შენი უსაყვარლესი, უახლოესი ადამიანები გაკრეფილან და რა გამოდის შენი სიცოცხლე? - სიცოცხლე უსიხარულოდ, გადავსებული ცრემლით, სევდით, მწარე მოგონებებით...

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩვენი ჯგუფი პატარა მწერალთა კავშირი გეგონებოდა - ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, ვახტანგ ჯავახაძე, რეზო ინანიშვილი, თამაზ ბიბილური, ჯანსუღ ჩარკვიანი... წავიდა ოთარი, წავიდა ჭაბუა, მოიხედავ და, შენი საძმაკაცო აღარაა. ჭაბუამ 94 წელი მაინც "გაქაჩა". მის სახლში პოკერს ვთამაშობდით ხოლმე მე, ჭაბუა, მურმან ლებანიძე, ოთარ ჭილაძე, გურამ საღარაძე... ჭაბუას დედა, დეიდა მაკა, კატორღელი ქალი იყო. მეც კატორღელების შვილი ვარ. ერთხელაც ჭაბუას მეუღლე თამრიკო ჯავახიშვილი მირეკავს და მეუბნება, ჭაბუას დედის ალბომი ვნახეო. მივედი და ხუთი პატიმარი ქალის სურათი ვნახე, ერთი მათგანი დედაჩემი იყო. ნახევარ საათს ვტიროდით მე და ჭაბუა. ის კარგა დიდი იყო ჩემზე, 17 წელი კატორღაში, სამჯერ გამოქცეული... ნოდარ დუმბაძეც ჩვენი ძმაკაცი იყო, მე, ის და ოთარ ჭილაძე ეზოში ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. ყველაზე სწრაფი ნოდარი იყო. მეც გურული ვარ, იმედგადაწურული მეგრელი გურული. მარტო ამ საინტერესო საძმაკაცოს აღწერა ღირს ერთ რამედ.

ვიღაცები ამბობენ, ჭაბუას დაწერილი არაა "დათა თუთაშხიაო". ბიჭები პოკერს რომ ვთამაშობდით, ჭაბუა გამოვიდოდა ოთახიდან და გვეტყოდა, ერთი ნაჭერი უნდა წაგიკითხოთო (ასე ეძახდა ერთ თავს), ჩვენ თვალწინ დაიწერა "დათა თუთაშხია". მაშინ "ცისკარში" ვმუშაობდი და მე მომიტანა დასაბეჭდად, მე ეს შესანიშნავი ნაწარმოები უკვე მოსმენილი მქონდა...

- მკითხველთან კონტაქტი მხოლოდ ლექსებით და ესეებით არჩიეთ. არც ინტერვიუები, არც იუბილეები... ხმაურს ერიდებით...

- მწერალი შორეულ მომავალს აბარებს ანგარიშს. შესანიშნავი პოეტი მარინა ცვეტაევა, რომელიც მშიერი მოკლეს და თავი ჩამოიხრჩო, მკითხველს მიმართავს, "ცელუიუ ვას ჩერეზ სოტნი რაზედინიაიუშიხ ლეტ", ანუ დღეს და ხვალ კი არა, მკითხველს მომავალში აბარებ ანგარიშს, მეც ვეთანხმები პოეტესას.

არასოდეს დამიწერია კომუნისტების სადიდებელი სტრიქონები იმისათვის, რომ მიმეღო კიდევ ერთი სამოთახიანი ბინა, მანქანა, გამოეცათ ჩემი სამტომეული და ა.შ.

როდესაც ანდროპოვი მოსკოვში გენსეკად დანიშნეს, ეს კაცი თურმე ვერ იტანდა მწერლებს და ედუარდ შევარდნაძეს. ედიკას უნდა რაღაცით თავი მოაწონოს და კოჭი გაუგოროს ანდროპოვს. მოეფერა, აქო და ასეთი რაღაც თქვა: ანდროპოვი სპეტაკი და სანთელივით წმინდა ადამიანია და მის გამო ხალხი შეცვივდა კომუნისტურ პარტიაშიო, ეპადხალიმება... მერე შეადგინა მათი სია, ვინც პარტიაში უნდა შეეყვანა და მწერლებიდან მე, ოთარ ჭილაძე და ჭაბუა ამირეჯიბი შეგვარჩია. მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე იყო, ეს მისია მას დაავალა და უთხრა, ამათ მიხედე, ჭაბუას კინოსტუდიის დირექტორად, ჭილაძეს - "მნათობის" რედაქტორად, ტარიელს კი "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად დავნიშნავო. მოვიდა ნოდარი და გვეუბნება, ხვალ პასუხი მომეცით, იმედია, კარგ სამსახურზე უარს არ იტყვითო. მთელი ღამე არ დამიძინია. კატორღელების შვილი ვარ და, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. მეორე დღეს მივედი და ნოდარს ვეუბნები, არ მიძინია-მეთქი. ნოდარი მეუბნება, ბიჭო, თქვენ მოლაპარაკებული ხართო? თურმე ოთარსაც იგივე ტექსტი და უარიც უთქვამს. ყველაფერი, ყველა ჯილდო და თანამდებობა ავიცილეთ მეც და ოთარმაც.

ttt-1783577990.jpg

- ოთარს ლექსიც მიუძღვენით. აშკარაა, თქვენი ფავორიტი პოეტი იყო...

- ნამდვილად, მაქვს ასეთი ლექსი - "თიხის სამი ფირფიტა": "ვაკვირდები ცისარტყელას - ღმერთისა და კაცის ტიხარს, ტიხარს აქეთ კაცი ხარ და, ტიხარს იქით - პოეტი ხარ... მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა ჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ! სულ ღმერთებში იტრიალებ, ოდეს აიღებენ ტიხარს!.."როდესაც ეს ლექსი წავიკითხე, ერთად ვისხედით, პურს ვჭამდით და ხალხს გაუკვირდა, ჩემს მეგობარს პოეზიის ღმერთად რომ ვაცხადებ. მოვიდა ოთარი, გადამკოცნა და მითხრა, რა ვქნა, ვერ ვიტან ვალებს, ბიჭო, რაღაც უნდა მოვიფიქროო. დიდი წნეხი იყო ჩემზე და ოთარზე, შევარდნაძეს აკვიატებული ვყავდით და ყველაფერი სცადა, ხან ვინ მოგვიგზავნა, ხან რა შემოგვიგდო, მაგრამ ვერას გახდა.

- მაინც რა მიგაჩნიათ მწერლის უპირველეს დანიშნულება-მოვალეობად? კომპრომისზე არასოდეს წასულხართ და მწერლის მორალისთვის არ გიღალატიათ?

- არიან ადამიანები, ე.წ. ფსევდომწერლები, რომლებიც საკუთარი თავის პიარმენეჯერები გახდნენ, ხელში აქვთ ჩაგდებული ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, ყველაფერი მათი სივრცეა და ხმაურობენ, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. როგორც გითხარით, ნამდვილი მწერალი, პოეტი ანგარიშს აბარებს შორეულ მომავალს.

შოთა რუსთაველმა დაწერა: "მისი სახელი შეფარვით, ქვემორე მითქვამს, მიქია". არის ისეთი რაღაც, რასაც მწერალი და პოეტი არ ამხელს, მალავს, რათა ის მხოლოდ ჭეშმარიტი მკითხველისთვის იყოს გასაგები. ნამდვილი მწერალი თავის შემოქმედებაში დებს ყველაფერს, მთელ მის ცხოვრებას, გულსა და სულს. იმათზე არ არის ლაპარაკი, ვინც ანგარიშს აბარებს მთავრობას და პრეზიდენტს.

მწერალი თავის სამშობლოს და ხალხს უნდა ემსახუროს, მაგრამ მთავარი რაც არის, ის გათვლილია შორეული მომავლისთვის. ნიჭიერი კაცი რომ ხარ და ნაღდი პოეტის მონაცემები გაქვს, რატომ უნდა უღალატო თავს, რატომ უნდა ადიდებდე ლენინსა და პარტიას?! არადა, ნაღდი პოეტი ხარ და ამისათვის ყველაფერი მოგცა ღმერთმა. რატომ აკეთებ ამას? რატომ შეურაცხყოფ სახელს და რატომ გვაძლევ წამოსაძახებელს?

განაგრძეთ კითხვა