დანაშაული გახსნილია - რას აცხადებენ პროკურატურაში 2015 წელს, გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე?
2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება."გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.
2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.