ვინ იგებს და ვინ აგებს უკრაინის ფრონტზე?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: "არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინელებმა სპეცოპერაცია "აბლაბუდა -2" ჩაატარონ რუსეთში და..."
2 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით მასშტაბურად შეუტიეს, დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, ხოლო 91 კაცი დაშავდა. რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით დაიწყეს, შემდეგ კი რაკეტებით. კიევზე მასირებულ იერიშს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "არჩევნებისთვის პუტინის მზადების ნაწილი" უწოდა. უკრაინის ლიდერმა დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზია მოსთხოვა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ თავდასხმისთვის პასუხს მიიღებს. "პუტინს სექტემბერში არჩევნები აქვს და სჭირდება ერთიანი საზოგადოება, რომელიც მის პარტიას, "ედინაია როსიას" მხარს დაუჭერს. მას ქაოსის ეშინია, ბრძოლის ველზე ასეთი ძალა აღარ აქვს და სწორედ ამიტომ აჩვენებს ძალას მსგავსი მასირებული თავდასხმებით", - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინის პასუხი "სამართლიანი იქნება". როგორ უპასუხებს ამ თავდასხმას უკრაინა და რას ნიშნავს ზელენსკის დაანონსებული "სამართლიანი პასუხი" რუსეთისთვის, გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას და დადგა თუ არა გადამწყვეტი ეტაპი რუსეთ-უკრაინის ომში, ამ საკითხებზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გვესაუბრება.
- რუსეთი აგრძელებს პასუხს გამწარებული ადამიანის პოზიციიდან. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, აღიქვამს თუ არა პუტინი ვითარებას პირად შეურაცხყოფად და რამდენად უსუსტდება შესაძლებლობები.
კიევზე ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი და მძიმე დარტყმა იყო, თუმცა არა ყველაზე ძლიერი. უკრაინა ამას ელოდა, იცოდა, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტოების მარაგს აგროვებდა. ეს კომბინირებული დარტყმა იყო და რუსეთმა ყველა ტიპის საშუალება გამოიყენა. მოსახლეობა ნაკლებად არის დაცული, სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებს უკრაინა უფრო მეტი მონდომებით იცავს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ უკრაინის შესაძლებლობები ყველაფერს ვერ გასწვდება. რუსეთი ამით სარგებლობს და ეს არის მათი პასუხი იმ ვითარებაზე, რაც ჩამოყალიბდა როგორც ფრონტის ხაზზე, ისე რუსეთის რეალობაში, როდესაც ავტოგასამართი სადგურები საწვავის გარეშე აღმოჩნდა. ყირიმში საწვავი მხოლოდ სამხედროებისთვისაა, ხოლო რუსეთის კონტინენტურ ნაწილზე ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას. რუსეთის ძალიან ბევრი რეგიონი ჩაბნელებულია, შუქი არ არის ან გრაფიკით მიეწოდებათ. უკრაინელები ურტყამენ სტრატეგიულ ობიექტებს, ძირითადად, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს ტიუმენში, დასავლეთ ციმბირში, ბაშკორტოსტანში, თათრეთში და ა.შ.
რუსეთის დარტყმები კიევზე ბოღმის ამოსანთხევია და მიზნად აქვს მოსახლეობის გამწარება და ამას უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ამ ომმა სახე იცვალა. უკრაინელები სისტემურად უდგებიან თავიანთ მიზანს - ისახავენ ამოცანას, მაგალითად, რუსეთის რომელიმე სამრეწველო ან სამხედრო-სამრეწველო სტრატეგიული სფეროს, ვთქვათ, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მწყობრიდან გამოყვანას, ან ყირიმის ბლოკირებას. ამის შემდეგ ეძებენ საშუალებებსა და გზებს მიზნის მისაღწევად. ამგვარი სისტემური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, იზრდება დარტყმების სიზუსტეც. ჯერჯერობით, დიპლომატია გვერდზეა გადადებული, ვინაიდან ორივე მხარე ცდილობს, ტრამპის ტერმინები რომ ვიხმაროთ, კოზირები დააგროვოს მოლაპარაკების მაგიდისთვის, ვინაიდან ევროპას რუსეთი არ ელაპარაკება.
- ზელენსკიმ თქვა, თავდაცვის ახალი და შესაბამისი პაკეტი, კონკრეტულად რაკეტები გვჭირდებაო.
- დასავლეთმა უკვე გამოყო თანხები. დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინისთვის 300 მილიონის ფარგლებში შეიძინოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, როგორც კონტაქტური, ისე რადიოლოკაციური. გერმანია 400 მილიონს გამოყოფს, რათა უკრაინისთვის შეიძინოს "პეტრიოტის"“რაკეტები. უკრაინაში დღე-დღეზე ელოდებიან FP-7 და FP-9 ბალისტიკურ რაკეტებს. FP-7 200-დან 300 კილომეტრზე, FP-9 კი 800-დან 1200 კილომეტრამდე იმოქმედებს. წარმოიდგინეთ, ამ ბალისტიკურ რაკეტას 800 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ FP-7-ის ერთ-ერთი მოდიფიკაცია იქნება "პეტრიოტის" ანალოგი, ანუ იქნება "ხმელეთი-მიწა-ჰაერის" სისტემის რაკეტა, რომელიც გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის. მოსალოდნელია, რომ უკრაინელების საჰაერო ძალები თვითმფრინავებითაც შეივსოს, როგორც F-16-ებით, ასევე "გრიპენებით", რომელთა მიღებაც დაწყებულია. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ისევე, როგორც რუსეთი ვერ ფარავს მთელ ტერიტორიას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ასევე უკრაინასაც უჭირს. ასე რომ, ეს მასირებული დარტყმები იმის პარალელურად ხდება, როცა რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს ფრონტის ხაზზე.
პუტინმა უკვე გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე დაიგეგმა დონბასის სრულად გაკონტროლება და ეს თარიღი უკვე მეთხუთმეტედ შეიცვალა. ამერიკული სტრატეგიული კვლევების ცენტრის მონაცემებით, რუსეთი თვეში 32-33 000-ს მებრძოლს კარგავს, ამავე დროს თვეში 27 000 კონტრაქტს აფორმებს. ეს არ ნიშნავს, რომ მას ჯარი აღარ დარჩა, იმ 32-33 ათას დანაკარგში ითვლება არა მხოლოდ მოკლული, არამედ დაჭრილიც, რომელიც ისევ ბრუნდება ფრონტის ხაზზე. რუსეთს 30%-ით აქვს შემცირებული კონტრაქტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ძალიან დიდი ანაზღაურება ეძლევათ. ამერიკელების მონაცემებით, ფრონტის ხაზზე ახლა 725 000 რუსი სამხედრო იქნება. ზოგადად, რუსებს 1,4 მილიონი სამხედრო ჰყავს დაკარგული (მასში იგულისხმება მოკლული, დაჭრილი, დაკარგული და ა.შ.) და აქედან მოკლული, როგორც ამერიკელები თვლიან, 450 000 კაცია. დღესდღეობით დანაკარგებში რუსების უკრაინელებთან შეფარდება სადღაც ერთი რვასთანაა. ეს მაშინ, როდესაც ომის დასაწყისში იყო ერთი სამთან.
- რა არის ამის მიზეზი?
- დაქვეითებული სულისკვეთება და დისციპლინა, მოტივაცია, საბრძოლო მორალი. ასევე, საბრძოლო მომზადების დონე, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსები ცდილობენ რაც შეიძლება მალე შეავსონ დანაკარგები. ამას დაემატა ისიც, რომ დაჭრილებთან შედარებით გაზრდილია მოკლულების რაოდენობა. ის, რომ ბოლო პერიოდში იმდენი დანაკარგი აღარ აქვთ რუსებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ შეტევებში მონაწილეთა რაოდენობაა შემცირებული.
- ამბობენ, რომ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს და რუსეთის მთელ ეკონომიკის ომისკენ მიმართავს, ვინაიდან რუსეთშიც იციან, რომ ამის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
- პუტინს არ უნდა აწყობდეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს მთლიანად მოშლის იმ სისტემას, რაც რუსეთშია. ისტორიულად, სოციალურად დამძიმებულ ვითარებას ძალიან დიდი არეულობა მოჰყვება ხოლმე და არა მგონია, პუტინს ახლა ამის თავი ჰქონდეს.
- ზელენსკი ცდილობს პუტინს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოაწერინოს ხელი და მას 40-დღიანი ვადა მისცა, რომ ომი შეწყვიტოს. იმუშავებს ეს ულტიმატუმი?
- ვერ გეტყვით, რას იზამს უკრაინა ამ 40 დღეში, ის თავისი გეგმის მიხედვით და ძალიან სისტემურად მუშაობს: 1. ამ დროში არ გამოვრიცხავ ბალისტიკური შესაძლებლობების გაზრდას უკრაინაში, ეს პერიოდი შეიძლება ბალისტიკის გამოყენებას დაემთხვეს რუსეთის წინააღმდეგ; 2. არ გამოვრიცხავ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში რაღაც გარკვეული გეგმები დაისახება უკრაინაში. უკრაინას არ ახასიათებს რაღაც გამწარებული პასუხები, მათ აქვთ თავისი გეგმა და სისტემურად მოქმედებენ, მაგრამ რადგანაც ითქვა, შესაძლოა ამ 40 დღეში ძალიან ბევრი ამოცანა დაესახა არა მარტო შეიარაღებულ ძალებს, არამედ სპეციალურ სამსახურებს და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ "აბლაბუდა -2", “"აბლაბუდა-3" ან რაღაც მსგავსი ოპერაციები ჩაატარონ რუსეთის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც განცხადება გაკეთდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მზად არის შესაბამისი მოქმედებებისთვის.