"ერთ დღეს თბილისში ისეთი წვიმა მოვა, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს და..." - ნინო ჩხობაძის საგანგაშო პროგნოზი
„რა დავივიწყეთ ახლა შევახსენებ თბილისის მცხოვრებლებს, ძალიან ბევრ ქუჩაზე იყო ნასვრეტებიანი თუჯის სანიაღვრე ჭები, ფილებით გაკეთებული, არცერთ რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასეთი ნაგებობები აღარ დარჩა“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში სანიაღვრე სისტემები ბევრ ადგილას გადაკეტილია, რადგან კორპუსები და შენობები ჩადგეს.
„პრობლემა ის არის, რომ ქალაქის ქუჩები არ უნდა იტბორებოდეს, იმიტომ არის საინჟინრო გადაწყვეტები და როცა ვამბობთ, რომ კლიმატი იცვლება, ესე იგი ჩვენ უნდა ველოდოთ...
რამდენიმე წელია ვამბობ, მოვა ერთ დღეს ისეთი წვიმა, ისეთი რაოდენობის ნალექი, როგორიც იყო ვერაზე 2015 წელს. ჩვენ თვითონ ვნახეთ რა გამოიწვია ამ კატასტროფამ.
დღეს არანაკლებ პრობლემურია. შეიძლება იმ სიმძლავრის არ ყოფილა, როგორც ვაკეში იყო მაშინ, მაგრამ არანაკლებ დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა ერთბაშად.
აღმოჩნდა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა (ქუჩები და თანდაყოლილი სანიაღვრე სისტემები), ბოლომდე გამართული არ არის. იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცები დავივიწყეთ.
რა დავივიწყეთ, ახლა შევახსენებ თბილისის მცხოვრებლებს - ძალიან ბევრ ქუჩაზე იყო ნასვრეტებიანი თუჯის სანიაღვრე ჭები, ფილებით გაკეთებული, ქუჩებს მიჰყვებოდა, არცერთ რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასეთი ნაგებობები აღარ დარჩა. ეს იყო იმისთვის, რომ წყალი უცებ გასულიყო და სავალი ნაწილი ყოფილიყო მშრალი.
ჩვენ დაგვავიწყდა გავითვალისწინოთ, რომ სანიაღვრე სისტემები არის მნიშვნელოვანი.
ჭავჭავაძის გამზირზე, პირველი რეაბილიტაცია რომ მოხდა, რამდენიმე თვეში უნივერსიტეტსა და 55-ე სკოლას შორის მოხდა დატბორვა. იმ წუთასვე დაიწყეს გამოსწორება. იმიტომ, რომ იქ რაღაც დალუქეს. დალუქეს სანიაღვრე სისტემა. მერე გახსნეს და დღეს ჭავჭავაძეზე აღარ დგება ისეთი რაოდენობის წყალი.