სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს ძარცვავდა - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის მამაკაცი დააკავეს
პოლონეთის ოტვოკის რაიონის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს ძარცვავდა.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოტვოკის რაიონში მდებარე მსხვილ ქსელურ მაღაზიებსა და აფთიაქებში სხვადასხვა ნივთის ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. დანაშაულის ადგილების შესწავლისას გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დამნაშავე ყველა ეპიზოდში ერთნაირი მეთოდით მოქმედებდა.მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მაღაზიების სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ამოიღეს.
პოლიციის ცნობით, მამაკაცს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა, რის გამოც მისი დაკავება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებს შორის თანამშრომლობის შედეგად, მისი ადგილსამყოფელი დაადგინაეს და დააკავეს.
სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიების ფარგლებში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეს ქურდობის ბრალდება წაუყენეს.