8 წლის მათე სიცოცხლისთვის იბრძვის - ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება
8 წლის მათე სხილაძეს ავთვისებიანი სიმსივნე, მარცხენა ბარძაყის ძვლის იუვინგის სარკომა დაუდგინდა. ბავშვის მკურნალობისთვის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გერმანულ კლინიკაში მკურნალობის პირველ ეტაპზე საჭირო თანხა 290 ათას ევროს შეადგენს.
მათე ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ბავშვია. მისი ჯანმრთელობის პრობლემების პირველი ნიშნები 2025 წლის მარტში დაიწყო.
მათეს ბებია ლელა შველიძე იხსენებს, რომ ბავშვს ფეხის ტკივილი პირველად სკოლაში ყოფნისას დაეწყო.
„მასწავლებელმა დამირეკა, მითხრა, ბავშვს ფეხი სტკივაო. მეორე დღესვე ზესტაფონში რენტგენზე ჩავწერე. გვითხრეს, სერიოზული არაფერია, ალბათ, კუნთი აქვს გაჭიმულიო“, — იხსენებს ლელა შველიძე.
თუმცა, დაახლოებით ორი თვის შემდეგ ტკივილმა კვლავ იჩინა თავი. ამჯერად ოჯახმა მიზეზი გლანდებს დაუკავშირა და ბავშვს ოპერაცია გაუკეთდა. ოპერაციის შემდეგ მათეს ფეხის ტკივილი ისევ გაუმეორდა. ოჯახმა დახმარებისთვის ქუთაისში ორთოპედ-ტრავმატოლოგ მარიამ მიქიაშვილს მიმართა. ჩატარდა კვლევები და მკურნალობა, მათ შორის ელექტროფორეზის პროცედურები, რის შემდეგაც ბავშვის მდგომარეობა დროებით გაუმჯობესდა.
„გვიხაროდა, ვიფიქრეთ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ოქტომბერში ისევ დაეწყო ტკივილები, თან უფრო ძლიერად. შევამჩნიე, რომ ხშირად ტკივილი გაციებას ან ვირუსს მოჰყვებოდა. წამალს მივცემდი და დროებით გადაუვლიდა“, — ამბობს მათეს ბებია.
მორიგი ვიზიტისას ექიმებმა რენტგენოგრაფია და ექოსკოპია ჩაატარეს. კვლევამ ძვალში ანევრიზული კისტის არსებობა აჩვენა. ამის შემდეგ მათე თბილისში ონკოლოგ-ორთოპედ ტრავმატოლოგ გიორგი ლორიასთან გადაამისამართეს.
ჩატარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, რის შემდეგაც ექიმს გაუჩნდა ეჭვი, რომ ძვალში არსებული ცვლილებები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა.
„გვითხრა, რომ არის კისტები, ძვლის გარშემო ანთებითი პროცესები და ეს არ მომწონს, ბიოფსია უნდა გაკეთდესო“, — იხსენებს ლელა შველიძე.
პირველი ბიოფსიის პასუხს ოჯახი 21 დღე ელოდა. პასუხი დამაიმედებელი აღმოჩნდა — სიმსივნე არ დადასტურდა.
თუმცა, ბავშვის მდგომარეობის გამო ექიმებმა კვლევების გაგრძელება საჭიროდ ჩათვალეს.
ამ პერიოდში ოჯახმა გადაწყვიტა თურქი სპეციალისტისთვისაც მიემართა. ქუთაისში ჩამოსულ თურქ ორთოპედ-ტრავმატოლოგ მუსტაფა ჩელიქთაშისთან ვიზიტის შემდეგ ოჯახს ურჩიეს, რომ ბიოფსიის მასალა თურქეთში გადაეგზავნათ დამატებითი კვლევისთვის.
„თურქ ექიმს ქართველი თარჯიმანი ნათია სამსიანი ახლდა. ექიმი ჩვენ მდგომარეობას გაეცნო და ნათიამ მითარგმნა რომ ბიოფსია უნდა გადავამოწმოთ თურქეთშიო. თბილისის ლაბორატორიიდან ბიოფსიის მასალა გამოვითხოვეთ, გადავეცით ნათიას. ამის შემდეგ თურქეთიდან ინვოისი გამოგვიგზავნეს - 400 დოლარი გვქონდა გადასახდელი. ქუთისშივე გვითრეს რომ ექიმის მოთხოვნით, ბიოფსიის პასუხი ერთ კვირაში იქნებოდა. ამიტომ, რაც უფრო მალე შევიტანთ თანხას, პასუხსაც მალე მივიღებთო. ჩვენც ჩავრიცხეთ. 5 მარტს წაიღო ბიოფსია თარჯიმანმა ნათიამ, მერე შემატყობინა, პარასკევს ვერ მოვასწარი, ორშაბათს შევიტანო, ჩვენც ვანგარიშობდით დღეებს ორშაბათიდან. შემდეგ გვითხრა, 1 კვირაში ვერ ხერხდება 2 კვირა სჭირდებაო... მერე - ახლა ბაირამიაო... კიდევ 2 კვირა რომ გავიდა, სულ აღარ გვიპასუხა. როდესღაც ისევ გამოჩნდა და გვითხრა, კიდევ 100 დოლარის დამატებაა საჭირო იმისთვის, რომ ახალი მარკერი მოითხოვა ექიმმაო. ეჭვი მეპარებოდა უკვე ამ გოგოს ნათქვამში, მაგრამ რომ ვიკითხე, მითხრეს რომ ასეთი რამ მართლა ხდებოდა, როცა დამატებითი კვლევა სჭირდებოდა პაციენტს. გადავაგზავნეთ 100 დოლარიც. ამის შემდეგ ისევ გაუჩინარდა“ , - იხსენებს ქალბატონი ლელა.
მართალია, ოჯახმა მოთხოვნილი თანხაც გადაიხადა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მასალა თურქეთში კლინიკამდე არ მისულა.
„ბევრი გაუგებრობა მოხდა. ბოლოს ჩაერთნენ თურქეთში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც კლინიკასთან დაკავშირება შეძლეს. ექიმმა თქვა, რომ მათეს ბიოფსიის შესახებ არაფერი იცოდა. მოგვიანებით თარჯიმანმა ოჯახს განუცხადა, რომ მასალა თურქეთში არ წაუღია. გადახდილი თანხა ოჯახს უკან დაუბრუნდა, თუმცა დაკარგული დრო ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“, — ამბობს მათეს ბებია.
2025 წლის ივნისში ჩატარებული ახალი კვლევების შემდეგ ექიმებმა ახალი ბიოფსიის ჩატარება გადაწყვიტეს. ამჯერად პასუხი მძიმე აღმოჩნდა — მათეს ავთვისებიანი სიმსივნე, მარცხენა ბარძაყის ძვლის იუვინგის სარკომა დაუდგინდა.
ბიოფსიის პასუხის მიღების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მათეს მკურნალობა გერმანიაში გაეგრძელებინა. ამაში დახმარება გაუწია მათეს მამიდის მეგობარმა ოჯახმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს.
„როცა გაიგეს ჩვენი ამბავი, გვითხრეს, ჩამოდით, ჩვენთან იცხოვრეთო. გერმანიაში არის სპეციალიზებული საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც სწორედ ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობენ“, — ამბობს ლელა შველიძე.
უცხოელი პაციენტების მიღება შეზღუდული იყო, თუმცა გერმანიაში მცხოვრები ოჯახის დახმარებით, მათემ კლინიკაში მოხვედრა შეძლო.
იქ ჩატარდა დამატებითი კვლევები — იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა და სიმსივნის გენეტიკური ტესტირება. მიღებულმა პასუხებმა დაადასტურა ქართველი ექიმების წინასწარი ვარაუდი — მათეს იუვინგის სარკომა აქვს.
გერმანელმა ექიმებმა ოჯახს განუმარტეს, რომ ბავშვს ხანგრძლივი და რთული მკურნალობა ელოდება. მათეს დასჭირდება: ქიმიოთერაპიის კურსები; ოპერაცია; სპეციალური იმპლანტი.
მკურნალობის პირველი ეტაპისთვის კლინიკამ ოჯახს 290 ათასი ევროს ინვოისი გამოუგზავნა. საბოლოო თანხა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ბავშვის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის მიხედვით.
ამჟამად მათე გერმანიაში იმყოფება. მასთან ერთად მისი მამიდაა.
„ბიოფსიის შემდეგ ტკივილები ჰქონდა, ახლა ტკივილები აღარ აწუხებს, თუმცა სიარული უჭირს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მკურნალობა დროულად დაიწყოს“, — ამბობს ლელა შველიძე.
მათეს მშობლები ამჟამად ბრიტანეთში იმყოფებიან. დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა — მკურნალობისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.
„ორი წელია, რაც ისინი ბრიტანეთში არიან. ჩვენ ზესტაფონში ვცხოვრობთ, მათეს ორ ძმასთან და მამიდასთან ერთად. სამივე ბავშვს მე ვზრდი, ამიტომ გერმანიაში წასვლა ვერ შევძელი“, — ამბობს ბებია.
„290 ათასი ევრო ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა“ , - ოჯახისთვის მათეს მკურნალობის დაფინანსება ძალიან რთული გამოწვევაა.
ლელა შველიძე საბავშვო ბაღში ნახევარ განაკვეთზე მუშაობს და მისი ხელფასი 400 ლარია. ოჯახს აქვს იპოთეკური სესხიც, რომელსაც რამდენიმე წელია იხდის.
„ბინა იპოთეკით გვაქვს ნაყიდი. ოთხი წელია ვიხდით ვალს. ჩემი ხელფასი ძალიან მცირეა, მეუღლის შემოსავალი კი ძირითადად იპოთეკასა და ყოველდღიურ ხარჯებს ხმარდება. 290 ათასი ევრო ჩვენთვის ძალიან, ძალიან დიდი თანხაა“, — ამბობს მათეს ბებია.
ოჯახი დახმარების იმედით მიმართავს როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე ყველა კეთილ ადამიანს.
„არ ვიცი, საიდან და როგორ შევაგროვებთ ამ თანხას. მხოლოდ ის ვიცი, რომ მათე კარგად უნდა იყოს. კეთილო ადამიანებო, დაეხმარეთ ჩემს მათეს!"
საქართველოს ბანკი : #GE08TB7074845061100103
თიბისი ბანკი: #GE43BG0000000612761549
მიმღები: სხილაძე თამილა