"დედისერთა იყო, დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს..." - ვინ არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიისას დაღუპული ახალგაზრდა?
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ვახო ხუციშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ვახო მეგობართან ერთად „ვაზ-2106“-ის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. ახალგაზრდა საუბედუროდ ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ვახო ხუციშვილი თურმე გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო.
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რა უნდა გითხრათ არ ვიცი, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, ვახო ჩემი ნათესავია, ძალიან განადგურებული ვარ ამ ამბით. დედისერთა იყო, დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს და აქ რა არის სალაპარაკო, რა უნდა ვთქვათ, განვიცდით ამ ტრაგედიას. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო, ერთი თვე იქნება ალბათ. სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად იქ გადავიდა. არ ვიცი სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრა მის დედას, ირმას. მეტს ვერაფერს გეტყვით, აღარ შემიძლია”,- გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
კიდევ ერთი ახლობელი განიცდის ვახო ხუციშვილის გარდაცვალებას.
“ჩემი ახლობელი იყო ვახო, გაგვანადგურა ამ ამბავმა. დედისერთა ბიჭი იყო. ძალიან მშრომელი, მეოჯახე, ძალიან კარგი ადამიანი. საუბარს ვეღარ შევძლებ ვახოზე, რადგან ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის. მძიმეა ჩემთვის ეს ტრაგედია, როგორ გული დაგვწყვიტა”, - გვითხრა კიდევ ერთმა ახლობელმა.
სოციალურ ქსელში უამრავი ემოციური სტატუსია. ყველა განიცდის ახალგაზრდა ბიჭის ასე ტრაგიკულად დაღუპვას.
“შენ მხოლოდ ჩემი მეგობარი არ იყავი... შენ ჩემი ბავშვობა იყავი. შენთან არის დაკავშირებული ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და უდარდელი წლები. დღეს კი ყველაზე მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამიერიდან მხოლოდ მოგონებებში იქნები. მადლობა ყველა იმ დღეს, ყველა სიცილისთვის და იმ მეგობრობისთვის, რომელიც წლებმა ვერ შეცვალა. ძალიან მომენატრები. შენი ადგილი ჩემს გულში ყოველთვის დარჩება. განისვენე მშვიდად. ბავშვობა ისევ შენს სახელს ეძებს, ქარს ჩვენი სიცილი შორს მიაქვს. იმ დღეებიდან მხოლოდ მოგონებები დარჩა, რომლებსაც დრო ვერასოდეს წაშლის. მეგობარო, ვინ იფიქრებდა, ასე ადრე თუ გაგიშვებდა ცხოვრება... ამდენი დაუთქმელი სიტყვა, ამდენი აუხდენელი ოცნება გულში ჩაგვრჩა. ახლა ცას რომ ავხედავ, მგონია, იქიდან მიღიმი. შენ წახვედი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა არ წასულა, ის ჩემს გულში დარჩა, როგორც ბავშვობის ყველაზე ნათელი ნაწილი. ადამიანი მაშინ არ ქრება, როცა ამ სამყაროს ტოვებს... ის მაშინ ქრება, როცა აღარავის ახსოვს. შენ კი არასოდეს გაქრები, რადგან ყოველ მოგონებაში, ყოველ ცრემლში, ყოველ ჩუმ ლოცვაში კვლავ ჩემთან ხარ. მშვიდად იძინე, ჩემო მეგობარო... დრომ წლები შეიძლება წაიღოს, მაგრამ შენზე მოგონებას ვერასოდეს წაიღებს” - ასე ემშვიდობება მომხდარით შეძრული მეგობარი ვახო ხუციშვილს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)