"მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთზე მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. მანქანაში მყოფი ბავშვი და ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ფაქტის თვითმხილველი გვიამბობს, მანქანაში სულ 4 ადამიანი იყო.

“ამ საშინელ ავარიას შევესწარით, რიკოთის “პერევალზე” ახალი მომხდარი იყო. “ფიტის” მარკის ავტომობილი ჯებირს იყო შეჯახებული, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, გვერდზე ვინც იჯდა ის მამაკაცი თავიდან გონზე იყო, მანქანიდან ის ფაქტის შემსწრე გამვლელმა ბიჭმა გადმოიყვანა, ნახევარი საათი ალბათ გონებაზე იყო, მერე გაითიშა და გარდაიცვალა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იჯდა, სამი სრულწლოვანი და პატარა ბავშვი, ქალი და ბავშვი გადარჩნენ. კლინიკაში არიან გადაყვანილები და ძალიან მაინტერესებს მათი მდგომარეობა. იმედია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მანქანა ქართული ნომრებით იყო, მაგრამ სავარაუდოდ ეროვნებით აზერბაიჯანელები იყვნენ. რა გახდა ავარიის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ მძღოლს ჩაეძინა, იქ ეს ვარაუდი გამოითქვა. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ამ ფაქტის ნახვა, მე და ჩემი მეუღლე შევესწარით და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით დაშავებულებს. შეჯახება ახალი მომხდარი იყო ჩვენ რომ იქ მოვედით, საშინელება იყო ამის ნახვა, თვალებიდან არ ამომდის. ანგელოზივით ბავშვი იყო, როგორც ვიცი, მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ქალი და ბავშვი ალბათ უკან ისხდნენ და დარტყმისგან საბარგულში იყვნენ გადავარდნილები. მძღოლი მაშინვე დაიღუპა. საშინელი სანახავი იყო ეს მძიმე კადრები, უყურებ მიცვალებულს და მერე შენს თვალწინ ხედავ მეორე ადამიანიც რომ იღუპება. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, დიდი ტრაგედიაა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტის თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მომხდარი ტრაგედიის გამო.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)