ისრაელმა აშშ-ს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია ირანის გეგმის შესახებ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას ითვალისწინებდა- რას წერს მედია
ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიზანიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა იყო, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრ სახლში, ისრაელის გაფრთხილებაზე კომენტირებისას, მიუთითეს ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებზე იმის შესახებ, რომ ირანს მისი მოკვლის სურვილი აქვს.
„მათ აშშ-ს ლიდერის ფიზიკური განადგურება სურთ, ანუ ჩემი. მე მათ სიაში ვარ. როგორც ამ დილით ვნახე, მე მათ ყველა სიაში ვარ. აქამდე გამიმართლა, მაგრამ შეიძლება ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. ესენი ბოროტი, ავადმყოფი ხალხია. ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ ეს ავთვისებიანი სიმსივნე, სწორედაც, რომ სიმსივნე. ამ დროს რას აკეთებთ, იცით? მას ადრეულ ეტაპზევე მთლიანად კვეთთ. ასეთია ჩემი პოზიცია,’’ - განუცხადა ტრამპმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ის ირანის ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა, გაურკვეველია, მიანიშნებდა თუ არა ის, ისრაელის მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციაზე.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ირანის სამიზნეს აშშ-ს ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირებიც წარმოადგენენ. აშშ-ის მაღალი რანგის პირები ცდილობენ დაადგინონ აქტორები, რომლებიც საუბრობდნენ თავდასხმაზე. CNN-ის წყაროს თქმით, დაზვერვის სამსახურის ზოგიერთი წევრი ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი ისრაელის ანგარიშების მიმართ.