"რას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია უსაფრთხოების გარანტი - მტერი რომ შემოიჭრას, ივანიშვილი ფრონტზე პირველი წავა თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? - კეთილი ნებით?!" - გიორგი ტუმასიანი
ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს! - ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ ამბობენ ჯარს, არ ამბობენ ეკონომიკას, არ ამბობენ ბუნკერების სისტემას, არ ამბობენ მაღალ ტექნოლოგიებს! ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს - რას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია უსაფრთხოების გარანტი - მტერი რომ შემოიჭრას ფრონტზე პირველი წავა თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? - კეთილი ნებით?! - ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველმა გიორგი ტუმასიანმა გააკეთა.
ტუმასიანის თქმით, იმ ვითარების ფონზე, რაც რუსეთში შეიქმნა, “ქართული ოცნების“ მდგომარეობა სახარბიელო არ არის. მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინას უკვე სტრატეგიული უპირატესობა გააჩნია, რაც არსებული პროგნოზით, კიდევ უფრო გაიზრდება.
ტუმასიანი ელის, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნება“ მთელი მისი ლოგიკის შეცვლასა და ტრანსფორმაციას ეცდება, მაგრამ მისივე თქმით, ამის საშუალება „ოცნებას“ არც დასავლეთმა და არც ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს.
„უკრაინამ რუსეთს სერიოზულ ადგილას დაარტყა. ნავთობგადამამუშავებელი სექტორი რუსეთისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სამხედრო კამპანიის ფუძეა, რის გარეშეც სერიოზული სამხედრო მოქმედებების წარმოება შეუძლებელია. ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ მთელი მისი ლოგიკის შეცვლას ეცდება.
როდესაც ამბობ: - „აბა ომი გინდა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ამბობ, რომ მოწინააღმდეგეს შენი რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში დაპყრობა შეუძლია. ამის შემდეგ კი გამოდიხარ და ამბობ, რომ ხარ დამოუკიდებელი და სუვერენული. რის საფუძველზე?! - დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს! - ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ ამბობენ ჯარს, არ ამბობენ ეკონომიკას, არ ამბობენ ბუნკერების სისტემას, არ ამბობენ მაღალ ტექნოლოგიებს! ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს - რას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია უსაფრთხოების გარანტი - მტერი რომ შემოიჭრას პირველ წავა ფრონტზე თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? - კეთილი ნებით?!“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
ტუმასიანის შეფასებით, ის საგარეო პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება“ ატარებს, მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას არ ნიშნავს.
“მრავალვექტორულ პოლიტიკას მივესალმები, ოღონდ “ქართული ოცნება“ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას არ ატარებს. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის მაგალითი სომხეთია, რომელსაც გააჩნია მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, აქვს ევროკავშირში გაწევრიანების კანონი, ევროკავშირმა მას ბაზარი გაუხსნა, ასევე სომხეთს აშშ-სთან სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა აქვს. როცა მრავალვექტორული პოლიტიკა დემოკრატიაზე დაფუძნებული არ არის, შედეგად ვხედავთ, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობა დავანგრიეთ, ხოლო “ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობა მტრობაში გადაიზარდა. ჩვენი ღიად პროდასავლური ვექტორი, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, პროჩინური კომუნისტური პარტიით, პროირანულით, პრორუსულით ჩაანაცვლა, მაშინ როდესაც სომხეთი აბალანსებს. რანაირად გამოდის, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები დავანგრიეთ და ამას დაბალანსებული მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა დაარქვეს.
„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გაუქმება მოინდომა. ბევრ ქვეყანასთან პარტნიორობა ძალიან კარგია, მაგრამ ცივილიზაციურად საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. “ოცნება“ ჩვენს ცივილიზაციაზე უარს ამბობს. მან სტრატეგიული პარტნიორობა იმ ქვეყნებში იპოვა, რომელთა დაპყრობის შესახებ სკოლაში გვასწავლიდნენ - საქართველოს გაქრისტიანებით დაწყებული, ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვებით დასრულებული: - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი - არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი“, - განაცხადა გიორგი ტუმასიანმა.
"ინტერპრესნიუსი"