ახალი კოშმარი რუსეთისთვის: ქვეყანას დიზელის დეფიციტის გამო მარცვლეულის მოსავლის დაკარგვა ემუქრება?! - კვირის პალიტრა

ახალი კოშმარი რუსეთისთვის: ქვეყანას დიზელის დეფიციტის გამო მარცვლეულის მოსავლის დაკარგვა ემუქრება?!

მოსავლის აღების წლევანდელი კამპანია რუსი ფერმერებისთვის კოშმარად იქცევა, რომლებიც დიზელის საწვავის დეფიციტს, გაყიდვების შეზღუდვებსა და ფასების ზრდას აწყდებიან. ამის შესახებ Forbes ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს.

კომბაინებისა და სხვა ტექნიკისთვის დიზელის საწვავის დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა სამხრეთის მთავარ რეგიონებში, როსტოვის ოლქში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, რომლებზეც მარცვლეულის მთლიანი მოსავლის მეხუთედი მოდის.

გამოცემას ყუბანში მომუშავე ფერმერმა განუცხადა, რომ რეგიონში დიზელის საწვავის შოვნა M4-ის ფედერალურ გზატკეცილზე არის შესაძლებელი და ხალხი იძულებულია, ბენზინმზიდი მანქანების მოლოდინში ღამეები ბენზინგასამართ სადგურებზე გაატაროს. ამ სადგურებზე ერთ მომხმარებელზე 100 ან 200-ლიტრიანი ლიმიტი არის დაწესებული, მაშინ, როცა ერთი კომბაინი ცვლაში 300 ლიტრამდე საწვავს მოიხმარს. Forbes-ის წყარო განმარტავს, რომ „მინდვრებში საწვავის მიწოდების გარანტიის გარეშე ბევრი ფერმერი მოსავლის აღებას არ რისკავს.“

ანექსირებულ ყირიმში, რომელიც საწვავის კრიზისის ეპიცენტრია, აგროტექნიკა, „უბრალოდ, უმოქმედოდ დგას.“ ასევე, როსტოვის ოლქში, სადაც ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მლნ ტონა მარცვლეული იკრიბება, ფერმერები უკვე მოსავლის 15%-მდე პოტენციურ დანაკარგს აფიქსირებენ.

სვერდლოვსკის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომელმა Forbes-ს განუცხადა, რომ რეგიონში სიტუაცია კრიტიკულია.

„ჩვენ საწვავის ერთი თვის მარაგი გვაქვს, მაგრამ რა მოხდება შემდეგ, არავინ იცის. ჯერჯერობით, ჩინოვნიკები მხოლოდ საწვავის მოთხოვნილებებისა და სიმძლავრეების ამსახველ დაუსრულებელ ცხრილებს ადგენენ და სულ ეს არის... ყველას ესმის, რომ თუ მოსავალი არ იქნა აღებული, ეს კოშმარი იქნება, მაგრამ არავინ იცის, ფერმერებს როგორ დაეხმაროს,“ - ამბობს წყარო.

იაკუტიის სახალხო ფერმერთა ასოციაცია „სახაში“ აცხადებენ, რომ რესპუბლიკაში დაწესებული შეზღუდვებით, ერთ ადამიანზე 200 ლიტრამდე დიზელის საწვავი გაიცემა. თუმცა იაკუტიის უზარმაზარი ტერიტორიები მწარმოებლებს ხელს უშლის, ტრაქტორებითა და სხვა ტექნიკით 200-300 კმ გაიარონ საწვავის მისაღებად, რომელიც მხოლოდ ერთი დღის სამუშაოს თუ ეყოფა.

მცირე და საშუალო ზომის მეურნეობებისთვის, რომლებსაც საწვავის საკუთარი მარაგი არ აქვთ, სიტუაცია კიდევ უფრო უარესია. „დიზელის არსებული მარაგი მხოლოდ 14 დღის საველე სამუშაოებს ფარავს, რაც მათ აიძულებს, საწვავი სპოტურ ბაზარზე გაბერილ ფასებში შეიძინონ.“

ანალიტიკურ ცენტრ „სოვეკონის“ შეფასებით, საწვავის პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ მოსავლის აღება მარცვლეულის დამწიფებიდან, ფაქტობრივად, ერთი კვირიდან 10 დღემდე ვადაში უნდა დასრულდეს. თუ ფერმერები ამას დროულად არ გააკეთებენ, მარცვლეული ჩამოცვენას დაიწყებს, ხოლო წვიმის შემთხვევაში კომბაინები მინდვრებში გასვლას უბრალოდ ვერ შეძლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა