"არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ლიდერები ციხეში აღმოჩნდნენ და ...“ - კვირის პალიტრა

"არ არის გამორიცხული, ოპოზიციის ლიდერები ციხეში აღმოჩნდნენ და ...“

კვირის ბოლოს სუს-მა საგანგებო ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში, დააკავეს 4 ოქტომბრის საქმესთან და "დაგეგმილ დივერსიასთან" დაკავშირებით ძებნილი მოქალაქე ბექა ჭულუხაძე, რომელსაც ბრალი ჯერ კიდევ 9 თვის წინ, 7 ოქტომბერს წარუდგინეს და წესით, იძებნებოდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში სად იყო და მაინცდამაინც 9 თვის მერე რატომ აღმოჩნდა ამ საკრალურ "ნეიტრალურ ზონაში", ძნელი სათქმელია. როგორც ცნობილია, დაკავებულს "დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა" ედება ბრალად, რომლის კვალი, სუს-ის მაშინდელი განცხადებით, "უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველ წარმომადგენელთან" მიდის, რომლის მითითებითაც შეიძინა უკვე დაკავებულმა ეს იარაღი. რაც მთავარია, უკვე გაიჟღერა უკვე დაკავებული ბაჩო ახალიას სახელმაც, ისევ 4 ოქტომბრის გადატრიალებისა და ამ იარაღით დივერსიების მოწყობის კონტექსტში. ამ დაკავების შესახებ განცხადებას კი წინ უძღოდა ალეკო ელისაშვილისთვის ტერორიზმის ბრალდებით 13-წლიანი პატიმრობის მისჯა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ერთი მხრივ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე განცხადებების გააქტიურება, მიუხედავად იმისა, რომ არც აქამდე იყო ამ განცხადებების ნაკლებობა, და მეორე მხრივ, პრემიერის მიერ პარტიების აკრძალვის სარჩელის გახსენება. მართალია, ირაკლი კობახიძეს ეს სარჩელი გვარამიას იმ ნათქვამმა გაახსენა, ოპოზიცია აქციების გამართვას და ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებისთვის მუშაობას გეგმავსო, და ცოტა რთული გასაგებია, ამ ნათქვამში კანონდარღვევა რა არის და სასამართლომ რა უნდა გამოიყენოს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, "ოცნება" ერთდროულად ამ ორი მიმართულებით გააქტიურდა. ამ დროს კი სააკაშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, ციხიდან საქმეების დალაგებას განაგრძობს და მისივე პარტიის ლიდერები, რიგითი წევრები თუ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები სიტყვის უთქმელად ეთანხმებიან. ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე რა პროცესებზე მიუთითებს და რა არის მოსალოდნელი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრებით.

- "ოცნების" გადაწყვეტილებები ბოლო პერიოდში, იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი და არა მხოლოდ ეს კონკრეტული ფაქტი, ერთი გზით მიდის - გააძლიეროს რეპრესიები და ამის საფუძველზე დააშინოს მოსახლეობა. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ელისაშვილისთვის გამოტანილი განაჩენი, როდესაც ხელისუფლებამ საკუთრების დაზიანების მუხლი, ფაქტობრივად, ტერორიზმის მუხლით ჩაანაცვლა და მიიღო კიდეც ეს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება ემზადება და ცდილობს დააშინოს არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, არამედ მოსახლეობაც, რათა არავის გაუჩნდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი.

- არის ოპოზიცია იმ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას ისეთ საფრთხეს უქმნიდეს, რომ "ოცნებას" ამისთვის საზოგადოებაში შიშის დანერგვა სჭირდებოდეს?

- დღეს შესაძლოა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ისეთი აქტიური ვერ არის, მაგრამ ბევრი ფაქტორია, რის გამოც "ოცნებას" ასე მოქცევა უწევს. უფრო სწორად, ოპოზიციის აქტიურობას კი არ ამცირებს, მაგრამ აქ მთავარი, თავისთავად, მაინც ოპოზიციის არსებობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი ოპოზიციურ ელექტორატსა და საზოგადოებას ვერ მეთაურობს, სრულიად მოულოდნელად შესაძლოა მოხდეს ისეთი რამ, ამ მზარდმა ოპოზიციურმა მუხტმა უცებ ამოხეთქოს და ძალიან არასასურველი მიმართულება მიიღოს. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს ისეთი რეჟიმი, როდესაც საზოგადოებას ექნება განცდა, რომ ბრძოლას არანაირი სარგებელი და სიკეთე არ მოაქვს. დაახლოებით იმაზე ვლაპარაკობთ, რაც თითქოს საბჭოთა კავშირის დროს დავძლიეთ. აი, ისეთ ვითარებაში სურთ საზოგადოების ჩაყენება. მაგალითად, ბელარუსში ოპოზიცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, თუმცა მოსახლეობაში ოპოზიციური განწყობა მაინც არის, ოღონდ ამაზე საჯაროდ ლაპარაკს ვერავინ ბედავს. დაახლოებით იგივე ხდება აზერბაიჯანშიც, აღარაფერს ვამბობ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე შუა აზიაში, რომლებიც თავიდანვე ვერ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან.

სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება. დღევანდელი ოპოზიცია მათთვის საფრთხეს შეიძლება არ წარმოადგენს, მაგრამ, როგორც წესი, თუ რაღაც არეულობა დაიწყო და პროტესტმა ქუჩაში ამოხეთქა, შესაძლოა დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი საერთოდ წაილეკოს და სრულიად ახალი ლიდერები გამოჩნდნენ - ასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე. ამიტომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს დღესვე, სანამ ამის შესაძლებლობა არსებობს, ოპოზიციონერობა და ოპოზიციისადმი დამოკიდებულება მტრული გახადოს. შესაბამისად, სურთ დაამყარონ რეალური და არა მოჩვენებითი თუ ფასადური რეპრესიული სისტემა. ესაა მათი მიზანი და სწორედ ამიტომ ცდილობენ იყვნენ შეურიგებლები ნებისმიერი ანტისახელისუფლებო გამოსვლის მიმართ.

- რამდენიმე დღის წინ გვარამიამ თქვა, რომ ოპოზიციის გეგმაა "შინ პროტესტი და გარედან სანქციები", რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნის მტრობა და ეს იქნება საფუძველი უკვე სასამართლოში დამატებითი არგუმენტი ამ პარტიების ასაკრძალად. თქვენი შეფასებით, პარტიების აკრძალვის თემა რატომ გააქტიურდა?

- ეს სწორედ ის არის, რაზედაც ვლაპარაკობდი. ამიტომაც სულაც არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის ლიდერები სხვადასხვა მოტივით ციხეში აღმოჩნდნენ. ამას ამზადებს "ქართული ოცნება" და როცა საჭიროდ ჩათვლის, შემდეგ კონკრეტულ ქმედებებზეც გადავა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ხელისუფლება ასეთი მასობრივი ნაბიჯებისთვის მზად არ არის, მაგრამ თუ პროცესები ასე გაგრძელდება, დავუშვათ, ერთი წლის შემდეგ თავისუფლად შეძლებს მსგავსი ოპერაციის ჩატარებას. ვგულისხმობ ლიდერების დაპატიმრებასა და ციხეში ჩასმას.

- გვარამიასა და მისი ფრთის ლიდერებს გულისხმობთ თუ სხვა მიმართულებას?

- ვგულისხმობ ყველას, ვინც დღეს საზოგადოებრივი ოპოზიციის ლიდერია. პრინციპში, ავიღოთ თუნდაც ის ოთხი პარტია, რომლებმაც ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს. ჯერჯერობით, იერიში სწორედ იმ ლიდერებზე მიდის, ვინც ასპარეზზე გამოჩნდა. აი, ეს რვა კაციც ხომ არის, იქიდან სააკაშვილი ისედაც დიდი ხანია ციხეშია, დანარჩენებს კი, ასე ვთქვათ, ისევ ციხეებში მოხვედრა ელით.

- რადგან სააკაშვილი ახსენეთ, მის ქმედებებს როგორ ახსნით და ის პროცესები, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, თქვენთვის რისი ნიშანია?

- სააკაშვილის ქმედებები უფრო დესტრუქციულია საკუთარი პარტიის მიმართ, ვიდრე ხელის შემწყობი. გაუგებარია, რა ახალი მექანიზმი უნდა შექმნას, როდესაც ამბობს, რომ პარტიის მაღლა უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე ორგანიზაცია, რომლის მეთაურიც თავად იქნება, ხოლო საბჭო, თუ რაც დაერქმევა, პარტიაში რეფორმებს გაატარებს, მისი აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

საერთოდ, ეს მიდგომა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო და ცუდი მაინც ის გამოხმაურებაა, რაც ამას პარტიაში მოჰყვა - ყველამ აღფრთოვანებით მიიღო ეს შემოთავაზება. "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულება სააკაშვილისადმი ზუსტად იგივეა, რაც "ქართული ოცნების" დამოკიდებულება ივანიშვილისადმი - რაც არ უნდა თქვან, ყველაფერზე თანხმდებიან.

ამიტომ, ვფიქრობ, ეს არცთუ ისე მომგებიანი სვლაა. ჯერ ერთი, გაუგებარია, რა რეფორმები უნდა გატარდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ სააკაშვილის იდეას მთელი პარტია უსიტყვოდ დაეთანხმა და მოიწონა, ნიშნავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დემოკრატიულ პრინციპებზე ლაპარაკი ზედმეტია.

ასე მგონია, სააკაშვილის ეს ახალი წამოწყება "ნაციონალურ მოძრაობას" სიკეთეს არ მოუტანს, გარდა იმისა, რომ უფრო გააღრმავებს წყალგამყოფს მათსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის. სააკაშვილმა აქტიური განაცხადი გააკეთა იმაზე, რომ იყოს არა უბრალოდ წარმომადგენელი, არამედ ლიდერი - ის ისედაც არის, მაგრამ თუ მომავალში ქვეყანაში რამე შეიცვლება, მას სურს მთელი ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს. მას ასე წარმოუდგენია თავისი თავი, რაც, ვფიქრობ, შეუძლებელია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მას ნამდვილად აინტერესებს.

- რა შანსია ოპოზიციის გაერთიანების, მით უმეტეს, სააკაშვილის ლიდერობით?

- საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ისეთივე უარყოფითი დამოკიდებულებაა, როგორიც 2012 წელს იყო. ისევე როგორც "ქართული ოცნების" ამომრჩეველიც, ასე ვთქვათ, გარკვეულ ცალკეულ სივრცედ ჩამოყალიბდა. ამიტომ ეს გაერთიანება მომგებიანი ვერ იქნება და ვერც შედგება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სააკაშვილის ეს განცხადებები ოპოზიციის გაძლიერების ნაცვლად, უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

თუ მაინც ხელოვნური ერთიანობა შეიქმნება, მაშინ ის ხალხი, ვისთვისაც სააკაშვილი და "ქართული ოცნება" ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა, უბრალოდ, არ წავა არჩევნებზე და არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს კი ნიშნავს, რომ "ოცნება" არა მარტო ხელისუფლებაში დარჩება, არამედ მარტივად მოიგებს შემდგომ არჩევნებსაც და გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღეს ატარებს.

ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას - ეს ასე იქნება, თუ, რა თქმა უნდა, უკრაინაში პროცესები მათ სასარგებლოდ არ განვითარდა. თუ უკრაინის გაძლიერების ფონზე რუსეთში პოლიტიკურ ელიტაში ანტიპუტინისტური, ოპოზიციური განწყობები დაიწყო, რაც ჯერ რთული გამოსაცნობია, თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში ისტორიულად ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რამ, მაშინ ამ ფაქტორს სულ სხვაგვარი გავლენა ექნება "ქართულ ოცნებაზეც" და გარკვეულწილად, ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებზეც, მაგრამ, ჯერჯერობით, სანამ არსებული ვითარებაა, "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, კვლავ გააგრძელებს თავის ამჟამინდელ პოლიტიკას.

- ამბობთ, რომ სააკაშვილი თავისი განცხადებებით "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, რაც, პრინციპში, ახალი არ არის, რადგან ხშირად ოპოზიციის თუ უშუალოდ სააკაშვილის ნათქვამი სწორედ ხელისუფლების სასარგებლოა და ეს აშკარაა. გასაგებია, რომ თითქოს შეთქმულების თეორიას ჰგავს, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა მოსდიოდეს ადამიანს და პრეტენზია ჰქონდეს ლიდერობაზე. ხომ არ რჩება მართლა შთაბეჭდილება, რომ შეთანხმებული ქმედებების ნაწილია ეს ყველაფერი?

- ასეთი აზრი ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, ოღონდ ამას მყარი მტკიცებულებები სჭირდება, რომ უშუალოდ რომელიმე პერსონა დაასახელო და თქვა, ის ოპოზიციის ნაცვლად "ქართული ოცნების" სასარგებლოდ იბრძვისო. დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები ნამდვილად ბადებს ეჭვს და შეიძლება შეფასდეს ისე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას აწყობს და არა ოპოზიციას. თუმცა იმის მტკიცება, რომ ვინმე ვინმეს შეუთანხმდა, გამიჭირდება. ფაქტი კი ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი პოზიცია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

- კარგი, ვთქვათ, სააკაშვილს აქვს თავისი მიზანი და მოქმედებს მისაღწევად, სწორად თუ არასწორად, ეს თავისი საქმეა და მისი ამომრჩევლის. დანარჩენი ოპოზიცია რატომ ვერ ახერხებს, თქვენი შეფასებით, ადეკვატურად მოქმედებას? აი, ახლა ყიფიანმა დააარსა პარტია, მაგრამ ახალს ჯერ ვერაფერს ვხედავთ. ეს მხარე რატომაა ჩავარდნილი, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ვფიქრობ, იმიტომ, რომ არის გაუაზრებლობა იმისა, თუ როგორია დღეს საზოგადოებრივი ვითარება და რა არის ჩვენი საზოგადოებისთვის პრიორიტეტი. ეს ახალი პარტიები რომ იქმნება, გასაგებია, ყველა თვლის, რომ რადგან დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ, საკუთარი პერსონის შეთავაზებით უფრო ძლიერები იქნებიან და ელექტორატის მობილიზებას შეძლებენ. თუმცა იმისთვის, რომ ელექტორატი გაიყოლო, დღეს საქართველოში ორი ვარიანტი არსებობს: ან უნდა გყავდეს ქარიზმატული ლიდერი - ივანიშვილის ჩათვლით, ყველა ჩვენი ყოფილი ხელისუფალი გარკვეული ქარიზმის მატარებელი იყო - ან უნდა გქონდეს ძლიერი იდეა.

კი, ამომრჩეველთა უმრავლესობა პროდასავლურადაა განწყობილი, მაგრამ ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ საგარეო ორიენტაცია იცვლება და ამიტომ ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, საკმარისი არ არის. დღევანდელი ოპოზიცია ვერ ახერხებს ოპოზიციური ელექტორატის ნდობის დამსახურებას და მათ გაერთიანებას. რა ტიპის გაერთიანებაც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების მექანიკური შეკავშირება კი არ არის, არამედ ის, გამოიწვევს თუ არა ეს ნაბიჯი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას.

დღევანდელ ვითარებაში, როგორც ათასჯერ მითქვამს, სამი ძირითადი ელექტორალური ნაწილი გვაქვს: ერთი "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, მეორე - "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო მესამე ოპოზიციურადაა განწყობილი როგორც ერთის, ისე მეორის მიმართ. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. პოლიტიკოსების გაერთიანება არაფერს მოიტანს, თუ არ მოხდა ამ მესამე, ნეიტრალური ელექტორალური ნაწილის დასაკუთრება.

დღეს ქართულ ოპოზიციურ ელიტას ნდობა იმიტომაც არა აქვს, რომ მისი ერთადერთი ლოზუნგია, თითქოს ვართ რეპრესიებში და ქვეყანაში ანტიდასავლური ვითარებაა. როგორც ჩანს, ეს ფაქტორები არ არის საკმარისი ამომრჩეველთა დიდი მასის მისამხრობად და გადამწყვეტი როლის სათამაშოდ. ამიტომ აქედან გამოდის მეორე ფაქტორი - საჭიროა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც დღეს არ ჩანს. ძველი ფიგურები, სააკაშვილიც და ივანიშვილიც, ყოფილი ქარიზმებია, თუმცა დღეს არც ერთი მათგანი აღარ არის ფართო ამომრჩევლისთვის მისაღები, საკუთარი ვიწროჯგუფური სექტების გარდა. თუ ქარიზმატული ლიდერი არ გყავს, მაშინ ოპოზიციამ ახალი იდეა უნდა შემოგვთავაზოს, რაც ასევე არ ჩანს. ოპოზიციამ იმაზე უნდა იფიქროს, რას სთავაზობს ელექტორატს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი.

მაგრამ ნახეთ, რა ხდება - როდესაც ყოფილი "ნაციონალები" ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, იქ ელექტორატის გაერთიანება ძნელია - ეს ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. გარდა ამისა, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერები მომავალშიც ვერ შეძლებენ ელექტორალურ ერთიანობას, ამიტომ მათ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილზე უნდა იმუშაონ, რომელიც უკვე მათი მხარდამჭერია. თუ ისინი საკუთარი ამომრჩევლის გაძლიერებას სხვა ოპოზიციონერების ჩაძირვის ხარჯზე შეეცდებიან, ყოველთვის ხელისუფლება დარჩება გამარჯვებული. დღეს ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, არა პოლიტიკური ლიდერებისთვის, არამედ უშუალოდ მათივე ამომრჩევლისთვისაა ძალზე დამაზიანებელი.

რუსა მაჩაიძე