დატესტავს თუ არა რუსეთი ევროპულ ქვეყნებზე თავდასხმით ნატოს რეაქციას?! - კვირის პალიტრა

დატესტავს თუ არა რუსეთი ევროპულ ქვეყნებზე თავდასხმით ნატოს რეაქციას?!

ანკარაში გაიმართა ნატოს სამიტი, რომე­ლშიც, წევრებთან ერთად, არაწევრი ქვეყნებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური კომუნიკეს თანახმად, ლიდერებმა დაადასტურეს მე-5 მუხლისა და კოლექტიური თავდაცვის ერთგულება და მხარი დაუჭირეს 360-გრადუსიან მიდგომას. გენმდივანმა მარკ რუტემ რუსეთს გრძელვადიანი საფრთხე უწოდა, რის საპასუხოდაც ალიანსმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი მხარდაჭერა დაადასტურა.

სამიტზე გამოცხადდა 50 მილიარდ დოლა­რზე მეტი ღირებულების ახალი შესყი­დვები და კოლექტიური წარმოების გაფარ­თოება. ამ ფარგლებში გერმანიაში იწყებენ ATACMS-ის რაკეტების ერთობლივ წარმოებას. პარა­ლელურად, ინვესტიციები ჩაიდება შორი მანძილის ზუსტი დარტყმების, საჰაერო თავდაცვის, უპილოტო სისტემების, კოსმოსური და კიბერმიმართულებით, ასევე იქმნება ტრანსატლანტიკური ღრუბლოვანი საბრძოლო სისტემა და ინერგება ხელოვნური ინტელექტი... მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ახალ ფინანსურ პაკეტზე უარი თქვა, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ უკრაინისთვის 2026 წლისთვის 70 მილიარდი ევრო გამოყვეს და აიღეს ვალდებულება, შეინარჩუნონ ეს დონე 2027 წელსაც... რამდენად არსებითია ნატოს ეს ცვლილებები და ევროპული გაძლიერება გახდება თუ არა იმის გარანტია, რომ რუსეთის აგრესია შეაჩეროს, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.

- ნატოს ეს სამიტი და მისი კომუნიკე დადასტურება იყო იმ ცვლილებებისა და დინამიკის, რაც ალიანსში ხდება. საუბარია ამერიკასა და ევროპას შორის ძალთა და ტვირთის გადანაწილებაზე, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, მეტი ინვესტირება გააკეთოს თავდაცვის ხარჯებში... სამიტმა აჩვენა, რომ მათ მეტ-ნაკლებად მოახერხეს ურთიერთწინააღმდეგობების მართვა და შეხვედრა ბევრად უფრო პროდუქტიული გამოდგა, ვიდრე ბევრს წარმოედგინა.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის საკითხს, ერთი მხრივ, ნატოში უკრაინის მიღება ამ ეტაპზე გამორიცხულია და ამას ყველა ხვდება, თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინას მაინც განიხილავენ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად და მისი მხარდაჭერა გრძელდება. ტრამპის ბოლოდროინდელი დაპირებაც, რომ უკრაინას შესაძლოა მისცენ უფლება საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყოს "პეტრიოტების" წარმოება, თუნდაც ეს წლების საქმე იყოს, სიმბოლურად მნიშვნელოვანია.

ასე რომ, მოლოდინი, თითქოს ნატო აღარ არის რელევანტური ან ამერიკა მის გაუქმებას აპირებს, მცდარი აღმოჩნდა. მთავარი მესიჯი კი ის არის, რომ ხდება ძალთა გადანაწილება, რის შედეგადაც ევროპელებს ნატოს ევროპულ ნაწილში ბევრად მეტი წონა და პასუხისმგებლობა ექნებათ.

- ბოლო პერიოდში ნატოს მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება იყო და ახლა ნატოს პოზიციების შეცვლა რამ განაპირობა?

- ეს ნიჰილიზმი ტრამპის ადმი­ნისტ­რაციის ნარატივს წარმოადგენდა. თუმცა გერმანიის პოლიტიკური დისკურსი რომ მოგესმინათ, გერმანელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს ყველაფერი რეალობაში არ განხორციელდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკის მთელი სამხედრო ისტებლიშმენტი ამ ნიჰილიზმის წინააღმდეგი იყო; ისინი ხვდებოდნენ, რომ ნატო ამერიკისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ევროპისთვის. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციის თუ სხვადასხვა პირის მიერ გამოთქმული კრიტიკის რეალურ პოლიტიკაში გარდაქმნის სურვილი არ არსებობდა და პირველ რიგში, სწორედ ამერიკის სამხედრო წრეებში. ამიტომ გერმანიიდან დღეს შეიძლება 5 000 ან 10 000 ჯარისკაცი გაიყვანონ ან გადააჯგუფონ, მაგრამ ევროპულ ნატოს წევრ ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის მოშლაზე საუბარი არ არის. რაც არის, ის დარჩება, მათ შორის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოების გარანტიებიც, თუმცა პროცესი უფრო ტრანსაქციური ხდება. უსაფრთხოების გარან­ტიები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებენ ევროპელები თავის წილს. ეს სამართლიანი მოთხოვნაა და, სხვათა შორის, ტრამპს არ დაუწყია, ამას თითქმის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, უბრალოდ, ტრამპი პირდაპირ კომუნიკაციაზე გადავიდა... ამერიკაში საქმეში ჩახედული ინსაიდერი ექსპერტებიც ამბობენ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, რესპუბლიკელები ტრამპის ბანაკიდან თუ დემოკრატები, ეს ხაზი გაგრძელდება. ამერიკა ინტერესებს ჩინეთისა და აზიისკენ გადაიტანს, ნატო კი უფრო დაბალანსდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა ნატოს მიატოვებს, რადგან ხვდებიან, რომ ევროპაში ყოფნა მათივე ინტერესებშია. ამას ევროპელებიც ხედავენ. მაგალითად, გერმანიაში ხვდებიან, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ნატო უფრო ევროპული გახდეს. გერმანია ახლა წარმოუდგენელ სამხედრო რეფორმას გადის, რაც შეუძლებელი ჩანდა - რამდენიმე წელიწადში მათი სამხედრო ბიუჯეტი 150 მილიარდი იქნება, რაც, თუ არ ვცდები, მსოფლიოში მესამეა ამერიკისა და ჩინეთის შემდეგ.

ეს იქნე­ბა სახეცვლილი ნატო, სადაც ევროპის როლი გაიზრდება და ურთიერთობები უფრო ტრანსაქციური გახდება. ამაზე მეტყველებს ისიც, თუ როგორ უყურებენ უკრაინას. უკრაინამ ამ ომით ყველას დაუმტკიცა, რომ შეუძლია რუსეთს გაუმკლავდეს თუნდაც ამერიკის პირდაპირი მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაც შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ თუ პროცესს საქართველოს კონტექსტში გადმო­ვთარგმნით, დღეს ნატოში "ლამაზი თვალების" გამო აღარავინ მიგიღებს, შენ თვითონ უნდა დაამტკიცო, რომ ღირსი ხარ და უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეგაქვს, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა. მომავლის ნატოც სწორედ ასეთი, უფრო ოპორტუნისტული და პრაგმატული იქნება.

- ამერიკას აწყობს, რომ აღარ იყოს მთავარი მოთამაშე ნატოს ეგიდით?

- ტრამპის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, სურს ძირითადი ტვირთი ევროპაზე გადავიდეს, თუმცა თავად ერთპიროვნულ ლიდერად დარჩეს, რაც არ გამოუვათ... ციფრებს რომ შევხედოთ, 10-15 წლის წინ ნატოს მთლიანი სამხედრო დანახარჯების ორი მესამედი ამერიკაზე მოდიოდა, ერთი მესამედი კი დანარჩენ მოკავშირეებზე. წლევანდელი მონაცემებით, ხარჯების ორი მესამედი უკვე ევროპელებსა და კანადაზე მოდის. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რაც ბუნებრივად გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ევროპელების წონის გაზრდას. ამას ამერიკელები ვერ შეაჩერებენ, თუმცა არის დეტალები, რაც მათ არ მოსწონთ. მაგალითად, პრინციპი "იყიდე ევროპული". სამხედრო მოდერნიზაციის პროცესში ევროპელები საკუთარ ინდუსტრიას ეყრდნობიან და ცდილობენ ნაკლები შეიძინონ ამერიკისგან, რაც ვაშინგტონში ბევრს აღიზიანებს. თუმცა უამრავი სფერო არსებობს, სადაც ამერიკას სამხედრო წარმოებაში სრული მონოპოლია აქვს. მაგა­ლითად, იგივე "პეტ­რიოტის" სისტემები, რომელთაც ევროპაში ზუსტი ანალოგი არ გააჩნიათ, ან F-35-ის მსგავსი მეხუთე თაობის გამანადგურებლები. ასევეა "ტომაჰავკის" რაკეტებიც, რომელთა მიწოდებაზეც გერმანიამ ახლახან, ნატოს სამიტზე მიაღწია შეთანხმებას ამერიკასთან.

ევროპელებმა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავზე უნდა აიღონ როგორც საკუთარი უსაფრთხოება, ისე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების პრობლემის გადაჭრა. ეს ამერიკას ხელ-ფეხს გაუხსნის, რათა სრული ფოკუსირება მოახდინოს ჩინეთსა და ტაივანზე. ამერიკელებს შეიძლება არ მოსწონდეთ, რომ ევროპელები ამით მეტ პოლიტიკურ წონას მიიღებენ, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს გარდაუვალი პროცესია.

- ანკარის სამიტის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი პოლონეთში აპირებს შეჭრას. აქამდე საუბარი იყო ბალტიისპირეთზე... იმ ფონზე, როდესაც რუსეთს პრობლემები აქვს უკრაინასთან ომშიც და ქვეყანაშიც, შეიძლება კრემლმა ეს ნაბიჯი გადადგას?

- გამორიცხული არ არის. ნატოს ბევრი ევროპელი წევრი ქვეყანა ამისთვის წლებია ემზადება. დიდი ხანია ლაპარაკია, რომ რუსეთმა შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია და ამისათვის ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდი გამოიყენოს. თუმცა გამოჩნდა, რომ ეს ადმინისტრაციაც არ არის მიამიტი და არც ისეთი დამთმობია რუსეთთან.

პირდაპირი სამხედრო პროვოკაცია, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, მაგრამ არა მგონია, მას სრულმასშტაბიანი შეჭრის ფორმა მიეცეს. ბევრად რეალისტური სცენარია, რომ რუსეთმა ნატოს რეაქცია "დატე­სტოს". ამას შეიძლება ჰქონდეს ჰიბრიდული სამხედრო ოპერაციის, ე.წ. ცრუ დროშის სახე. მაგალითად, ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყნის რუსულენოვან ქალაქში მოაწყონ ადგილობრივი ამბოხი, დააკავებინონ მცირე ტერიტორია, შემდეგ კი იქ "მწვანე კაცუნები" შეიყვანონ; ან თუნდაც გადაკეტონ სუვალკის დერეფანი... ასეთი სცენარი უფრო სავარაუდოა, ვიდრე პოლონეთში სრულმასშტაბიანი შეჭრა და ნატოსთან პირდაპირი ომის დაწყება. თუ რუსეთს პროვოკაცია გაუვიდა და შეატყო, რომ ნატომ ეს "ჩაყლაპა", მაშინ წავა იქამდე, სადამდე მისვლის საშუალებასაც მისცემენ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ნატოს რეაგირებაზე. მთელი ალიანსი ხომ დგას იმ რწმენაზე, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და სხვა ქვეყნები მას აუცილებლად დაეხმარებიან. თუ ეს არ მოხდება, ნატოს სანდოობა ჩამოიშლება. ალიანსი დაკარგავს თავის მთავარ, შემაკავებელ და თავდაცვით ფუნქციას და, როგორც იტყვიან, "ქაღალდის ლომად" გადაიქცევა.

გერმანია ცდილობს აღმოსავლეთის ფრონტი გაამაგროს, მაგალითად, ლიტვაში მუდმივი ბრიგადის გადასხმას გეგმავს და ნატოს ავიაციაც პატრულირებს, მაგრამ საბოლოო ნაბიჯებს მაინც აშშ-ის ადმინისტრაცია გადაწყვეტს. თუ ამერიკა განზე გადგება, დასავლეთევროპელებიც დომინოს პრინ­ციპით მიჰყვებიან. შესაბამისად, რუსული პროვოკაციის წარმატება გამორიცხული არ არის.

მეორე შესაძლებლობაა კრემლისთვისი მკაცრი პასუხი, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არასდროს ყოფილა გამორიცხული, მათ შორის, უკრაინაშიც, სადაც კრემლი ამ ნაბიჯთან რამდენჯერმე საკმაოდ ახლოს იყო. მსგავსი კრიზისული ეპიზოდები მომავალშიც მოსალოდნელია, თუ პუტინი სახის შენარჩუნებით ომიდან გამოსვლის ყოველგვარ შანსს დაკარგავს. ამდენად, რუსეთის მხრიდან რადიკალური ესკალაციისა თუ ნატო-რუსეთის პირდაპირი დაპირისპირების რისკები მუდმივად არსებობს.

რუსა მაჩაიძე