კავკასიური "სამაია" ანუ შეიქმნება თუ არა თბილისი-ბაქო-ერევნის ალიანსი?! - მამუკა არეშიძის ანალიზი: "წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონი მუდმივად ექსპლუ - კვირის პალიტრა

კავკასიური "სამაია" ანუ შეიქმნება თუ არა თბილისი-ბაქო-ერევნის ალიანსი?! - მამუკა არეშიძის ანალიზი: "წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონი მუდმივად ექსპლუატაციის ობიექტად დარჩება"

"სამმა კავკასიურმა რესპუბლიკამ - საქარ­თველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა - ერთობლივად უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, თუ როგორ შეინარჩუნონ ბალანსი მსხვილ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნები მუდმივად სხვისი ინტერესების სივრცედ და ექსპლუატაციის ობიექტად დარჩებიან", - ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი შეფასებით, თუ რეგიონულმა ქვეყნებმა შეძლეს დიდი მოთამაშეების ინტერესების დაბალანსება, სამხრეთი კავკასია შეიძლება იქცეს სტაბილურ, ეკონომიკურად ძლიერ და განვითარებულ რეგიონად. თუ ამას ვერ მოახერხებენ, სამივე ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, რომელიც ახლა "თეთრ ცხენზეა ამხედრებული", ხვალ შეიძლება ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს.

- დღეს რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლა იმისთვის, რომ მსხვილმა მოთამაშეებმა გავლენები გაიძლიერონ. ამას ცდილობს ყველა: ჩინეთი, კოლექტიური დასავლეთი, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი თუ რეგიონული მოთამაშეები - თურქეთი, ირანი და ისრაელი. რუსეთზე საუბარიც აღარ არის, მას სურს შეინარჩუნოს ის პოზიციები, რაც აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში რევანშისთვისაც იბრძვის. ფაქტობ­რივად, მიმდინარეობს დიდი ბრძოლა ორი რეგიონისთვის - ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიისთვის. ეს ორი სივრცე ერთიანდება ერთ დიდ პროექტში, რომელსაც "შუა დერეფანი" ეწოდება. გეოპოლიტიკური ბრძოლის მიღმა არსებობს სხვა პროცესებიც, რომლებიც მომავალზეა ორიენტირებული. მაგალითად, "დიდი თურანის" პროექტის განვითარების პროცესი, რომელიც თავდაპირველად ჰუმანიტარული იყო, შემდეგ ეკონომიკურ კავშირად ჩამოყალიბდა და დღეს უკვე სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით ვითარდება. სწორედ ამ დიდი პროცესების გამოძახილია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, კერძოდ, სხვადასხვა გავლენის ჯგუფების გააქტიურება.

მსხვილი მოთამაშეები მოქმედებენ როგორც პირდაპირ, ასევე მათთან დაკავშირებული გავლენის ჯგუფების მეშვეობით. ეს ჯგუფები სხვა­დასხვა სფეროში არიან - კულტურულ, რელიგიურ, არასამთავრობო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებში. ხშირად ჩვენ მხოლოდ იმ მოთამაშეების გავლენის ჯგუფებზე ვრეაგირებთ, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია, ხოლო სხვების მიმართ, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ, უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას ვიჩენთ. მთელი რეგიონია ჩართული ამ პროცესებში. ამ მოცემულობაში გვმართებს არა ერთმანეთთან დაპირისპირება, არამედ ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა, თუმცა ანალოგიური მდგომარეობაა იმ სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზეც, რომლებიც ამ საერთო სივრცესა და პროცესებში არიან ჩართულნი.

- როგორ აფასებთ ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურებას?

- მიმდინარეობს ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება - ე.წ. შუა დერეფნის პროექტი. ეს არის რეალური პროცესი, რომელშიც ჩართული არიან რეგიონის ყველა ქვეყანა და მათი შესაბამისი სტრუქტურები. ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ასრულებს, მაშინ როდესაც ჩვენ ხშირად ამ საკითხის დაკნინებით ვართ დაკავებული. ამის ნათელი მაგალითია თურქმენეთის პოზიციის ცვლილება. ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის აზერბაიჯანთან კასპიის ზღვის საკითხის გამო, დღეს აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ პროექტებში. თურქმენეთის ლიდერი რეგიონის ქვეყნებში ინტენსიურად მოგზაურობს და სხვადასხვა შეთანხმებას აფორმებს. აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც თურქმენული ენერგორესურსების აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტრანზიტს ითვალისწინებს. სახელმწიფოები ისტორიულ უთანხმოებებსაც კი გვერდზე დებენ, როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ მიზნებს. მაგალითად, უზბეკეთმა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, აზერბაიჯან­თან თანამშრომლობით შექმნა სანავსადგურო ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვის ერთ-ერთ პორტში. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აქტიურად იმუშავა როგორც ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის ბრიუსელთან, ისე ჩინეთთან ახალი ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. რეგიონში მსგავსი მასშტაბის და ინტენსივობის თანამშრომლობა საერთო სატრანსპორტო და ეკონომიკური სისტემის შექმნის მიზნით, ფაქტობრივად, უპრეცედენტოა. ამ პროცესების ფონზე საინტერესოა სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკაც. ფაშინიანი ერთ დღეს ევროპელ პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მეორე დღეს ირანშია, შემდეგ კი რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებს მართავს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ მრავალმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებას და საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრების ინტენსივობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი ვიზიტებიც სწორედ ამ საერთო რეგიონული პროცესის ნაწილია.

- იზიარებთ თუ არა ზოგიერთი ანალიტიკოსის, მაგალითად, გიორგი ბუტიკაშვილის მოსაზრებას, თითქოს რეგიონულ პროცესებში სომხეთმა საქართველო ჩაანაცვლა?

- სომხეთის არც მასშტაბი და არც გეოგრაფიული მდებარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან საქართველო ჩაანაცვლოს. გეოგრაფიულ სივრცეში ერთი ქვეყანა მეორეს ვერ ჩაანაცვლებს, მით უმეტეს, როდესაც საქმე განსხვავებულ შესაძლებლობებსა და ფუნქციებს ეხება. სომხეთი პატარა ქვეყანაა და მას არა აქვს ზღვაზე გასასვლელი. არსებობს ზღვისპირა და ხმელეთზე მდებარე ქვეყნები, მათ შორის კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დღევანდელ რეალობაში ზღვისპირა ქვეყნებს გარკვეული უპირატესობები აქვთ, რადგან ისინი ქმნიან შესაძლებლობას, რომ ხმელეთზე მდებარე ქვეყნები ერთმანეთსა და გლობალურ ბაზრებთან დააკავშირონ. რა თქმა უნდა, ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე სახელმწიფოებისთვის, მაშინ როდესაც დიდი ქვეყნებისთვის ვითარება სხვა ფაქტორებით განისაზღვრება. ის, რომ დღეს ევროპასთან ასეთი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ზოგიერთი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, მიმაჩნია, რომ არსებობს შესაძლებლობა, გადაიდგას ნაბიჯები ვითარების დასაბალანსებლად. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მეზობლებთან - აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად გარკვეული საინიციატივო სივრცის შექმნას და კონკრეტულ საკითხებზე საერთო პოზიციებით გამოსვლას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რეგიონია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ამ რეალობის გათვალისწინება მოუწევთ. ჩვენც შესაბამისი სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ: პირველი - რეგიონში ძლიერი პლატფორმის შექმნა კონკრეტულ საკითხებზე, სადაც სამი ქვეყნის ინტერესები შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს და გვქონდეს საერთო პოზიციები; მეორე - იმ დიპლომატიური მეთოდების გამოყენება, რომლებითაც ჩვენი წარმატებული წინაპრები მოქმედებდნენ. ხშირად მომყავს გიორგი ბრწყინვალის მაგალითი, რომელმაც უმძიმეს ისტორიულ ვითარებაში შეძლო ქვეყნის გაძლიერება და, ფაქტობრივად, ახალი, ძლიერი რეგიონული სახელმწიფოს შექმნა. ეს სწორედ იმიტომ მოახერხა, რომ ყველასთან საერთო ენის გამონახვა შეძლო. ეს არ ნიშნავს პრინციპების დათმობას. უბრალოდ მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმი არ არის ერთადერთი გზა. საქართველოს ამისთვის აქვს რესურსიც და შესაძლებლობებიც. მთავარია, სწორად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და უფრო მოქნილი პოლიტიკით ვიმოქმედოთ.

ხათუნა ბახტურიძე