აფხაზები თან იმუქრებიან და თან თბილისის ეშინიათ - მამუკა არეშიძის ანალიზი:"ფიქრობენ, რომ რუსეთის დასუსტების შემთხვევაში საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს შეუტევს" - კვირის პალიტრა

აფხაზები თან იმუქრებიან და თან თბილისის ეშინიათ - მამუკა არეშიძის ანალიზი:"ფიქრობენ, რომ რუსეთის დასუსტების შემთხვევაში საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალს შეუტევს"

ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ კვირას უკრაინული დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. მოქალაქეებს მკაცრად აუკრძალეს, არ გადაეღოთ უპილოტოების ფრენა და ჩამოგდება. გააქტიურდა პროპაგანდაც, რომ საქართველო რუსეთის დასუსტებას ელოდება, რათა აფხაზეთისკენ იმოქმედოს.

"თუმცა ძალიან ცდებიან, არც თავად და არც მათი შვილები ვერ მოესწრებიან ამას", - განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ. დრონების საფრთხეზე განგაში აფხაზეთში ჯერ სამშაბათს დილით ჩაირთო. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა. გააფრთხილეს, რომ არ მიახლოებოდნენ საეჭვო ობიექტებსა და მათ ნამსხვრევებს. გვიან ღამით განგაშის საფრთხე მოიხსნა. იგივე განმეორდა მეორე დღესაც. საღამოს "თავდაცვის სამინისტრომ" გამოაცხადა, რომ რამდენიმე დრონი დაფიქსირდა გუდაუთის, გაგრისა და ოჩამჩირის რაიონებში, თუმცა "შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ". ფოტოვიდეო გადაღების აკრძალვის მიუხედავად, რამდენიმე აფხაზურ ტელეგრამარხზე მაინც გავრცელდა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონების ცაზე მფრინავი დრონების კადრები, რასაც დიდი განხილვები მოჰყვა, აფხაზეთიც გახდება თუ არა უკრაინის დარტყმების სამიზნე. ასევე დაიწერა, რომ აფხაზეთში დრონების თავდასხმას გულშემატკივრობენ თბილისში და რომ ქართველებს აფხაზეთში ხელახალი შეჭრის იმედი აქვთ. დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხ "ამრა-ლაიფის" ცნობით, მსგავსი შემოფრენები უკვე სისტემურ საფრთხედ იქცა. "არავინ იცის, რა მიზნით დაფრინავენ ისინი. წარსული ფრენების საფუძველზე, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩვენს ტერიტორიას იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. თუმცა მანამდეც ინტერნეტში ვრცელდებოდა აფხაზეთში არსებული რუსული ობიექტების კადრები, როგორც უკრაინული დრონების პოტენციური სამიზნეები. დროა მივიღოთ ზომები ამ "ჩიტების" გასანადგურებლად ჯერ კიდევ აფხაზეთთან მოახლოებისას", - წერს "ამრა-ლაიფი" და მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ საჰაერო თავდაცვის მუშაობისა და დრონებთან დაკავშირებული მასალის გამოქვეყნება აკრძალულია. განგაში აფხაზეთში წელს უკვე მეორედ გამოცხადდა. პირველად 5 მარტს, როდესაც ოკუპირებული რეგიონის თავზე ათეულობით უპილოტო აპარატი გამოჩნდა. ადგილობრივები აფეთქებების ხმასაც ისმენდნენ და, როგორც მაშინ სოციალურ ქსელებში წერდნენ, "მთელმა აფხაზეთმა ღამე ცის ყურებაში გაატარა". მეორე დღეს დე ფაქტო "თავდაცვის სამინისტრომ" განაცხადა, რომ 30-ზე მეტი დრონი დააფიქსირეს, მათი დიდი ნაწილი კი ჩამოაგდეს. ამასთან, უწყებამ მაშინ აღიარა, რომ მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, თუმცა მოსახლეობას განზრახ არ ატყობინებდნენ პანიკის თავიდან ასაცილებლად. "ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დახმარებით", - აცხადებდნენ დე ფაქტო უწყებაში. ამის შემდეგ, ივნისის დამდეგს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ტერიტორიებზე დრონების მასშტაბური შეტევის დროს რამდენიმე უკრაინული უპილოტო აპარატი აფხაზეთის თავზეც ჩამოაგდეს, თუმცა ამ ფაქტს აფხაზურ საინფორმაციო სივრცეში პრაქტიკულად არ გამოხმაურებიან, ამჯერად კი განგაში თავად დე ფაქტო თავდაცვის უწყებამ გამოაცხადა და ის ორი დღე გრძელდებოდა.

ტურისტული ჯავშნები, საწვავის კრიზისი და СВО-ს გამო უკმაყოფილება

დრონების საფრთხე აფხაზეთში ტურისტული სეზონის ერთ-ერთ მთავარ თემადაც იქცა. დე ფაქტო სახელისუფლებო მედია ამტკიცებს, რომ რეგიონში ტურისტების ინტერესი გასულ წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და მატარებლის ბილეთების თითქმის 90% უკვე გაყიდულია. თუმცა ოპოზიციური ტელეგრამარხები საპირისპიროს წერენ. მათი ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთში გახშირებული დრონული შეტევების გამო სოჭის აეროპორტში ფრენა ხშირად იზღუდება, რაც აფხაზეთის მიმართულებაზეც აისახება - მგზავრების ნაწილი ბილეთებს აბრუნებს, ხოლო რუსეთის საზღვრის ახლომდებარე აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაგრასა და ბიჭვინთაში, სასტუმროების ჯავშნებიც უქმდება, მცირე საოჯახო სასტუმროები კი თითქმის ცარიელია.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონების გახშირებულმა შეტევებმა აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეც იმოქმედა. როგორც ტელეგრამარხები წერენ, ბენზინის დეფიციტი იმ მასშტაბის არ არის, როგორიც კრასნოდარის მხარეში, თუმცა ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე ერთ ავტომობილზე 20 ლიტრამდე შეზღუდვა დაწესდა.

დე ფაქტო ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომს, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მუდმივად უჭერს მხარს სხვადასხვა ღონისძიებით, თუმცა ეს, როგორც ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე ანონიმურად წერენ, საზოგადოების ნაწილს აღიზიანებს.

"კავკაზსკი უზელის" ცნობით, 1992-1993 წლების ომის მოგონებები მეორე პლანზე გადადის და მის ადგილს СВО-სთან დაკავშირებული დღის წესრიგი იკავებს - გამოფენები მუზეუმებში, მემორიალური აქციები და სხვა ღონისძიებები. საჯაროდ ამ თემაზე საუბარს ბევრი ერიდება, თუმცა გამონაკლისია "ომის ვეტერანი" და ოპოზიციონერი ლაშა ზუხბა, რომელიც "ფეისბუქზე" რეგულარულად აქვეყნებს პოსტებს უკრაინის ომზე, რუსეთის მიერ დაბომბილ უკრაინულ ქალაქებსა და ასევე ბენზინის რიგში რუსების ჩხუბზე. ამის გამო დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხმა "ამრა-ლაიფმა" მის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. არხი ამტკიცებს, რომ ზუხბა "რუსეთის არმიის დისკრედიტაციას ეწევა" და მისი საქმიანობით "უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს". ამავე პოსტებში მას "უცხო ქვეყნის აგენტსაც" უწოდებენ და თბილისში მიმდინარე აქციების მხარდამჭერ ძველ პოსტსაც ახსენებენ.

"თბილისში რუსეთის დასუსტებას ელოდებიან"

პარალელურად აფხაზურ საინფორმაციო სივრცეში სულ უფრო აქტიურად ვრცელდება გზავნილი, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება მთლიანად რუსეთის სამხედრო ძლიერებაზეა დამოკიდებული. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის დასუსტებას ელოდება, რათა აფხაზეთისკენ იმოქმედოს. "...ქართველები ელოდებიან, რომ რუსეთი დასუსტდება - ასეთი ტაქტიკა აქვთ. თუ რუსეთში ნეგატიური პროცესები წავა, შეიარაღებული ძალებიც ამიტომ სჭირდებათ, რომ რაღაც საკითხის სწრაფად დაწყება გადაწყვიტონ. თუმცა ეს ამხანაგები ძალიან ცდებიან, არც ისინი თავად და არც მათი შვილები ვერ მოესწრებიან ამას. ჩვენ მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ რუსეთთან".

მანამდე კი ვეტერანთა ორგანიზაცია "აარუას" ლიდერმა ტიმურ გულიამ კიდევ უფრო მკვეთრი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აფხაზეთს "შეუძლია დღეში 1000 დრონი გაუშვას საქართველოსკენ და 10 დღეში მოუღოს ბოლო", ხოლო თუ თბილისს ამაში ეჭვი ეპარება, "დაე, გარისკონ და იქ გამოჩნდება". გულიას მტკიცებით, საქართველოს უკრაინის იმედი აქვს, რადგან "უკრაინა იყო საქართველოს მთავარი მოკავშირე 1992 წელს და ახლაც ასეა".

"აფხაზეთში ფიქრობენ, რომ რუსეთის დასუსტების შემთხვევაში საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევას წამოიწყებს"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - აფხაზეთის ტერიტორიაზე მასშტაბური დარტყმები ჯერჯერობით არ ფიქსირდება. უკრაინის დღევანდელი სტრატეგია სხვა მიმართულებაზეა ორიენტირებული. ერთი მხრივ, ბრძოლის ველზე დრონების მეშვეობით საბრძოლო ოპერაციების ჩატარება, მეორე მხრივ კი მთავარი ტაქტიკური ამოცანაა რუსეთის ენერგოსისტემის განადგურება და ენერგომატარებლების პარალიზება, რადგან ეს რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო ლოჯისტიკაზე ბევრად უფრო მძიმე გავლენას ახდენს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები, როგორიც ნოვოროსიისკში ან ტუაფსეშია, არ არის. სწორედ ამიტომ აქ დრონების თავდასხმების ინტენსივობა გაცილებით დაბალია. ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსული სამხედრო ობიექტები და საზღვაო ინფრასტრუქტურა არ ხვდება უკრაინელთა სამიზნეში. ბოლო პერიოდში დაახლოებით 30-40 დრონის შეტევა დაფიქსირდა. თანამედროვე ომის პირობებში ეს დიდი რაოდენობა არ არის. ჩვენ არაერთხელ გვინახავს შემთხვევები, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე კონკრეტულ ობიექტს ერთდროულად რამდენიმე ასეული დრონი უტევს. ამიტომ 30-40 დრონი მასშტაბური შეტევის ნიშნად ვერ ჩაითვლება და აფხაზეთში განლაგებული საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ასე თუ ისე, იგერიებს ამ დონის შეტევებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ დღეს ინტენსიური შეტევები არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ იგივე ვითარება იქნება.

- როგორია აფხაზების დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ და რატომ გააქტიურდა მუქარა?

- მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის თავად ომი პრიორიტეტული თემა არ არის. თუმცა ერთ საკითხზე კონსენსუსი ნამდვილად არის - მათ არ სურთ რუსეთის დამარცხება. აფხაზეთში ფიქრობენ, რომ თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას დაკარგავს, საქართველო შეეცდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. სწორედ ამ შიშზეა აგებული დღევანდელი პოლიტიკური რიტორიკა. სოციალურ ქსელებში დღემდე აქტუალური თემაა ყარაბაღის მაგალითი, რომ უკრაინაში ომის დაწყებამ აზერბაიჯანს შესაძლებლობა მისცა ყარაბაღი დაებრუნებინა. ამიტომ შიშობენ, რომ რუსეთის დასუსტების შემთხვევაში საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევის წამოიწყებს. მოსახლეობაში გაჩნდა ხვალინდელი დღის შიში, რომ საქართველო რუსეთის დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად მოინდომებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამიტომაც გაახშირეს ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ მუქარა. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია - მეხუთე წელია ეს ომი მიმდინარეობს და წინა ოთხი წლის განმავლობაში ხმა ამოუღია რომელიმეს ამ თემაზე? არა, იმიტომ რომ, მაშინ რუსეთი გამარჯვებულის სტატუსში იყო, ახლა კი სასწორზე დევს ეს, აქედან გამომდინარე, რადგან შეშინებულია მოსახლეობა, ცდილობენ გული გაუმაგრონ პოპულისტური განცხადებებით. სად აქვს აფხაზეთს 1000 დრონი? ეს უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია მოსახლეობის მობილიზებისთვის. ეს არის ცდა, საზოგადოებას აუხსნან, რატომ არის აუცილებელი რუსეთის მხარდაჭერა. აფხაზეთში ყველაზე მეტად ის აფხაზობს, ვისაც აფხაზური გვარი არა აქვს და ქართველია. ასეთები არიან გულიაც და ლოლუაც, ვითომ მათი წინაპრებიც აფხაზები იყვნენ. აგერ ახლა სტუდენტი ნათია კიკვაძე გახდა დეპუტატი ოჩამჩირის საკრებულოში, რომ ჰკითხო, ისიც აფხაზია. ესენი ქართული ეთნოსიდან ნებით გასული ქართველები არიან, რომლებიც აფხაზობას იჩემებენ და ათჯერ მეტად არიან სეპარატისტული იდეოლოგიის დამცველები.

ეკატერინე ბასილაია