ასწლოვანები ე.წ. ლურჯი ზონებიდან
ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო საუკუნეების განმავლობაში იყო მეცნიერებისა და საზოგადოების ინტერესის საგანი. რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ადამიანი 100 წელზე მეტხანს? რატომ ახერხებს ზოგიერთი საზოგადოება ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების შენარჩუნებას ხანდაზმულ ასაკშიც? ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ განაპირობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევითი მიმართულების - ლურჯი ზონების (Blue Zones) შექმნა. ლურჯი ზონა არის გეოგრაფიული რეგიონი, სადაც მოსახლეობაში ასწლოვანთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია... კვლევა აჩვენებს, რომ ამ ზონებში დღეგრძელობა მხოლოდ ერთი ფაქტორით არ აიხსნება. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს გენეტიკა, ცხოვრების წესი, კვება, ფიზიკური აქტივობა, სოციალური ურთიერთობები, გარემო და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ლურჯი ზონების ისტორია
ლურჯი ზონების ისტორია დაკავშირებულია ამერიკელ დენ ბიუტნერთან, რომელმაც National Geographic-ის მხარდაჭერით 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ექსპედიცია მსოფლიოს იმ რეგიონების აღმოსაჩენად, სადაც ადამიანები განსაკუთრებული ხანგრძლივობით ცხოვრობდნენ.
პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იტალიის კუნძულ სარდინიას უკავშირდება, კერძოდ, ბარბაჯის მთიან რეგიონს. კვლევით დადგინდა, რომ ამ ტერიტორიაზე ასწლოვანი მამაკაცების რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო...
სარდინიის შემდეგ მკვლევრებმა დაიწყეს სხვა რეგიონების შესწავლა... საბოლოოდ გამოვლინდა ხუთი ადგილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ კულტურით, ისტორიითა და გეოგრაფიული მდებარეობით, თუმცა ჰქონდათ ერთი საერთო თვისება - იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით დიდხანს ცხოვრობდნენ.
ეს რეგიონებია:
სარდინია (იტალია);
ოკინავა (იაპონია);
იკარია (საბერძნეთი);
ნიკოსია (კოსტა-რიკა);
ლომა-ლინდა (კალიფორნია, აშშ).
ტერმინი "ლურჯი ზონა" პირველად გამოიყენეს მკვლევრებმა სარდინიაზე მუშაობის დროს. ისინი რუკაზე ლურჯი ფერით აღნიშნავდნენ ასეთ ტერიტორიებს.
დენ ბიუტნერის გუნდმა შეისწავლა არა მხოლოდ ადამიანების ასაკი, არამედ მათი ყოველდღიური ცხოვრება: რას ჭამდნენ, როგორ მოძრაობდნენ, როგორი ურთიერთობები ჰქონდათ ოჯახსა და საზოგადოებასთან, როგორ უმკლავდებოდნენ სტრესს და რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ცხოვრებას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ლურჯი ზონების მოსახლეობას აერთიანებდა რამდენიმე საერთო პრინციპი. ამ მახასიათებლებს მოგვიანებით ეწოდა Pოწერ 9 - ხანგრძლივი სიცოცხლის ცხრა პრინციპი.
გენეტიკა და ცხოვრების წესი
ხშირად მიიჩნევა, რომ ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი განმსაზღვრელი გენეტიკური ფაქტორებია. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ გენები მხოლოდ ნაწილობრივ განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას. დანიურმა ტყუპების კვლევამ (Danish Twin Study) აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის 20% შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკასთან, ხოლო დანარჩენი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და გარემოზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის არჩევანი - რას ჭამს, რამდენად მოძრაობს, როგორ მართავს სტრესს და რა მიზანი აქვს ცხოვრებაში - მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
Power 9
Power 9 ეს არის ჩვევებისა და გარემოს ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელ დაბერებას, ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.
1. ბუნებრივად იმოძრავე
ლურჯი ზონების მკვიდრნი, როგორც წესი, არ დადიან სპორტდარბაზში და არ ასრულებენ სპეციალურად დაგეგმილ ინტენსიურ ვარჯიშებს. მათი ფიზიკური აქტივობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ისინი მუშაობენ ბაღში, დადიან ფეხით, უვლიან შინაურ მეურნეობას, ხშირად გადაადგილდებიან ბუნებრივ გარემოში. ეს ეხმარება ადამიანს შეინარჩუნოს კუნთოვანი მასა, ძვლის სიმტკიცე, წონასწორობა ხანდაზმულ ასაკშიც.
2. ცხოვრების მიზანი
ხანგრძლივად მცხოვრებ ადამიანებს ხშირად აქვთ მკაფიო პასუხი კითხვაზე: "რატომ ვიღვიძებ დილით?" ოკინაველები ამ შინაგან მოტივაციას უწოდებენ Iკიგაი-ს, ხოლო ნიკოსიის მოსახლეობა - Pლან დე Vიდა-ს. ორივე ცნება გულისხმობს ცხოვრების მიზანს, პასუხისმგებლობასა და იმ მიზეზს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად მოქმედების სურვილს აძლევს. ცხოვრების მიზანი დაკავშირებულია უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, ნაკლებ სტრესსა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებულ მაჩვენებლებთან. ადამიანს, რომელსაც აქვს მიზანი, ხშირად უფრო აქტიურად ინარჩუნებს სოციალურ კავშირებსა და ყოველდღიურ ჩართულობას.
ასეთი მიზანი შეიძლება სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული იყოს - ოჯახის მხარდაჭერა, პროფესიული საქმიანობა, საზოგადოებისთვის დახმარება, სულიერი ცხოვრება ან სხვა მნიშვნელოვანი საქმე.
3. შეანელე ტემპი
სტრესი ადამიანის ცხოვრების ნაწილია, თუმცა ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია ანთებით პროცესებსა და მრავალი დაავადების განვითარების რისკთან. ლურჯი ზონების მცხოვრებთ აქვთ ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ეხმარება მათ სტრესის შემცირებაში:
ოკინაველები დროს უთმობენ წინაპრების გახსენებასა და სულიერ პრაქტიკებს;
ლომა-ლინდას ადვენტისტები ლოცულობენ და იცავენ დასვენების დღეს;
იკარიელები დღის განმავლობაში ისვენებენ;
სარდინიელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრებსა და ოჯახთან ურთიერთობას.
მთავარი პრინციპი არის ცხოვრების რიტმის პერიოდული შენელება და გონებრივი დასვენებისთვის დროის გამოყოფა.
4. 80%-ის წესი
ოკინავაში გავრცელებულია ტრადიციული პრინციპი "Hara Hachi Bu", რომელიც გულისხმობს ჭამის შეწყვეტას მაშინ, როდესაც ადამიანი დაახლოებით 80%-ით არის დანაყრებული. ეს მიდგომა ხელს უწყობს ზედმეტი კალორიების მიღების თავიდან აცილებას და წონის კონტროლს. ლურჯი ზონების მოსახლეობა, როგორც წესი, ჭამს ზომიერ ულუფებს და თავს არიდებს გადაჭარბებულ კვებას. მნიშვნელოვანია არა შიმშილი ან მკაცრი შეზღუდვა, არამედ ზომიერების დაცვა. ოკინავური ტრადიცია ასევე გულისხმობს იმას, რომ კვება უნდა იყოს გააზრებული პროცესი. ადამიანები ყურადღებას აქცევენ საკვების ხარისხს, რაოდენობასა და კვების დროს.
5. მცენარეული კვება
ლურჯი ზონების ყველა რეგიონში კვების კულტურა განსხვავებულია, თუმცა მათ აერთიანებს ერთი საერთო პრინციპი - მცენარეული საკვების სიჭარბე.
მათი რაციონი ძირითადად მოიცავს:
პარკოსნებს (ლობიო, ოსპი, სოია);
ბოსტნეულს;
ხილს;
მთლიანი მარცვლეულის პროდუქტებს;
თხილეულს;
ბუნებრივ ზეთებს, განსაკუთრებით ზეითუნის.
ხორცი მცირე რაოდენობით გამოიყენება და ხშირად განსაკუთრებულ შემთხვევებში.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული "ლურჯი ზონის დიეტა". მთავარია საკვების ხარისხი - ნაკლებად დამუშავებული, ბუნებრივი და მრავალფეროვანი პროდუქტების მიღება. სარდინიაში გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვება, ოკინავაში ტრადიციულად გამოიყენება ტკბილი კარტოფილი, ტოფუ და ზღვის მცენარეები, ხოლო ნიკოსიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლობიოსა და სიმინდის პროდუქტებს.
6. ღვინო
ზოგიერთ ლურჯ ზონაში, განსაკუთრებით სარდინიასა და იკარიაში, ადამიანები ტრადიციულად მოიხმარენ მცირე რაოდენობით ღვინოს. თუმცა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ღვინო თავისთავად არ არის ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზი. მისი შესაძლო დადებითი ეფექტი დაკავშირებულია მთლიან ცხოვრების წესთან - ზომიერებასთან, მეგობრებთან ერთად კვებასა და ურთიერთობების გაძლიერებასთან. მნიშვნელოვანია, რომ სასმლის ზომიერი მოხმარება არ გადაიზარდოს ჭარბ მიღებაში.
7. კუთვნილება
ლურჯი ზონების მოსახლეობაში ძლიერი სოციალური და სულიერი კავშირები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კვლევების მიხედვით, მრავალი ასწლოვანი ადამიანი ეკუთვნის რაიმე საზოგადოებრივ, რელიგიურ ან სულიერ ჯგუფს. ასეთი კავშირები ადამიანს აძლევს მხარდაჭერის განცდას, ამცირებს მარტოობის სტრესს. სოციალური კუთვნილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში, როდესაც იზრდება იზოლაციისა და მარტოობის რისკი. ადამიანი სოციალური არსებაა და სხვებთან მუდმივი ურთიერთობა დადებითად მოქმედებს როგორც მის ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ლომა-ლინდას ადვენტისტური საზოგადოება ამის ერთ-ერთი მაგალითია. მათი ცხოვრების წესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რელიგიურ შეკრებებს, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ერთმანეთის მხარდაჭერას.
8. საყვარელი ადამიანები
ლურჯი ზონების კულტურებში ოჯახი ცხოვრების ცენტრალური ნაწილია. ხანდაზმული ადამიანები ხშირად ცხოვრობენ ოჯახის წევრებთან ახლოს ან მათთან ერთად. ისინი აქტიურად მონაწილეობენ შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრებაში. ოჯახური კავშირები ადამიანს აძლევს უსაფრთხოების განცდას და ცხოვრების მნიშვნელობის შეგრძნებას. ლურჯი ზონების ბევრ საზოგადოებაში ხანდაზმული ადამიანები არ აღიქმებიან როგორც ტვირთი. პირიქით, ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები არიან, რომელთა გამოცდილება და ცოდნა ფასდება. მაგალითად, სარდინიასა და ნიკოსიაში ხშირად გვხვდება მრავალთაობიანი ოჯახები, სადაც ბებია-ბაბუები შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. ეს ქმნის ურთიერთდახმარების სისტემას, სადაც ასაკოვანი ადამიანები თავს საჭიროდ და დაფასებულად გრძნობენ.
9. სწორი სოციალური წრე
სოციალური გარემო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევებსა და ჯანმრთელობაზე. ოკინავაში არსებობს ტრადიცია Moai - მეგობრების მცირე ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებიან. ასეთი სოციალური ქსელები ქმნის მხარდაჭერის სისტემას, რომელიც ადამიანს ეხმარება რთულ პერიოდებში და ხელს უწყობს ჯანსაღი ჩვევების შენარჩუნებას. ლურჯი ზონების კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის მეგობრებისა და ახლო გარემოს გავლენა ძალიან ძლიერია. ადამიანები ხშირად იმეორებენ იმ ქცევებს, რომლებიც მათ სოციალურ წრეშია გავრცელებული. თუ გარემო ხელს უწყობს ადამიანის მოძრაობას, ჯანსაღ კვებას, ურთიერთობასა და პოზიტიურ დამოკიდებულებას, ასეთი ჩვევების შენარჩუნება უფრო მარტივი ხდება.
მარიამ ბუკია