კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მხოლოდ აბრა „იცავს“ - კვირის პალიტრა

კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მხოლოდ აბრა „იცავს“

რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ციციშვილების ციხე-დარბაზი მოვინახულე, - სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ნიჩბისისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, XVII საუკუნით დათარიღებული შთამბეჭდავი კომპლექსის გალავანი ოდესღაც კოშკებიანი ყოფილა. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, ეტაპობრივად აღდგენილი და გამაგრებული გალავნის ნაწილში მდებარე კოშკები ძალიან დაზიანებულია.

ციხე-დარბაზის შესასვლელთან, კედელზე თუნუქის აბრა გვაუწყებს, რომ ძეგლს სახელმწიფო იცავს და მისი დაზიანება კანონით ისჯება, მაგრამ სინამდვილე სრულიად განსხვავებულია. ეზოს ადამიანის სიმაღლის სარეველა, ეკალბარდი ფარავს. გალავანში შემორჩენილი დარბაზის შენობის ნანგრევები გავერანებულია. საბჭოეთის ხანაში თავადების სასახლე სკოლად გადაუკეთე­ბიათ. მოგვიანებით, სკოლა სხვა შენობაში გადაიტანეს, კულტურული მემკვიდრეობა კი დროს მიუგდეს... უკეთ შემონახულია ეზოს ცენტრში მდებარე სამსართულიანი კოშკი და აბანოს შენობა. თუმცა ორივე ძალიან მოუვლელია. კედლებზე ამოკაწრული წარწერები, სახურავზე ხეები და სარეველა, ქარში გაცრეცილი დროშა და იქვე, კედელზე, აშკარად უნებართვოდ შესრულებული დრაფიტი მძიმე ემოციურ განწყობას ქმნის, რომ აქაურობა არავის ანაღვლებს.

კოშკის სათოფურებიდან და სარკმლებიდან შემოსულ შუქზე გულსაკლავად ჩანს გამურული კედლები და ბუხარში ჯერაც მხრჩოლავი კუნძი. აქ ვიღაც მოდის და ცეცხლს ანთებს, ეწევიან, სვამენ, ერთობიან, როგორც ერთ, რიგით მიტოვებულ შენობაში, სადაც ეტიკეტს არავინ უწესებთ და ქცევასაც არავინ უკონტროლებთ. კოცონის კვალი, შავი ნახშირი მეორე სართულზ­ეც მხვდება, ნიშში, რომელსაც დღეს სხვა დანი­შნულებით იყენებს ვიღაც და აშკარაა, საუკუნეების წინ თავდაცვისთვის შექმნილი ნაგებობა, ფაქტობრივად, თავშესაფრად ქცეულა.

აბანოს შენობამდე მისასვლელი თითქმის გაუვალია. შენობა კი მოუვლელი, დანა­გვიანებულია. ადგილობრივების თქმით, მასში პირუტყვიც შედის. შარდის მძაფრი სუნი, რომელიც აბანოს გასახდელის, საბანაო ოთახისა და საქვაბე განყოფილების სივრცეში დგას, მოწმობს, რომ კულტურულ მემკვიდრობას ადამიანებიც არადანიშნულებისამებრ იყენებენ. საბანაო ოთახის კედელში ახლაც ნახავთ კერამიკულ მილს, რომლითაც აბანოში იქვე მდებარე ხევიდან წყაროს წყალი მოედინებოდა.

1000043439-1783865457.jpg

ეზოში ნიჩბისელ კაცს წავაწყდი, წყალი მოჰქონდა, ბრაზობდა, ვიღაცას კოშკში ცეცხლი დაუნთია და უნდა ჩავაქროო. გულგატეხილმა მიამბო, "ვცდილობ აქაურობა დავიცვა, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. ჩემს სიტყვას კანონთან ერთად ძალა ექნებოდა, მცველის სტატუსი რომ მქონდეს და სახელმწიფო­ ზურგს მიმაგრებდეს. დღეს რამდენიც არ უნდა ვივიშვიშო, მაინც შემო­დენიან საქონელს, დაუდევარი ადამიანები ცეცხლს ანთებენ. თითქოს ციციშვილები სამარიდან გვთხოვენ, ჩვენი მიწაა და აქედან წადითო. ნეტავ კი შეეძლოთ, რომ წამოიხედონ და ისინი დაიფრინონ, ვინც დასაფრენია. ეს ციხე-დარბაზი ჩვენი სოფლის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაა. მაგრამ ზოგიერთი ამ დიდებულ ძეგლს ისე მოიხმარს, როგორც ბოგანო ნაპოვნ ქალამანს. ციციშვილების დანატოვარი ათეულობით წლებია უყურადღებობით ნადგურდება. თქვენსავით მოგზაური ჟურნალისტი, უბრალოდ მოქალაქე ან ისევ ჩვენ, სოფლელები ვიხვეწებით, ძეგლს ყურადღება მიაქციონ და სოფელს სიკეთის იმედი გაუჩინონ, მაგრამ არავინ გვისმენს. თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვინმეს მისწვდი, გპასუხობენ, ფული არ გვაქვსო. მოვიდნენ, ხალხს დაგველაპარაკონ, გვითხრან, ჩვენ უნიათოები ვართ და იქნებ თქვენ მიხედოთო. არც მოდიან, არც გვისმენენ, არც გველაპარაკებიან.

ნიჩბისი ტაო-კლარჯეთიდან ჰერეთამდე დამაკავშირებელი, სტრატეგიული გზის მნიშვნელოვანი პუნქტი ყოფილა. 60-ზე მეტი მარტო ულამაზესი ძეგლი, ეკლესია-სალოცავი ჰქონია და დღეს რა გვაქვს? მე-17 საუკუნის ბოლოს ლეკიანობამ დაცალა ნიჩბისიო და ახლა ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ცლის. ხალხი გარბის. ტურისტს აინტერესებს, მოდის, ვერ შედის, ეშინია, გველეშაპი არ იყოს სადმე გაწოლილიო" - ბოლომდე ამოთქვა ნიჩბისელმა სატკივარი.

1000043497-1783865457.jpg

ამ ერთ-ერთ უძველეს სოფელს ფრიად საინტერესო ისტორია აქვს. აქ არსებული მინის და ჭიქურის დასამზადებელი საბადოების წყალობით, ნიჩბისი მეჭურჭლეობის განთქმული ცენტრი ყოფილა. ამბობენ, მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო მეფეთა სადგომიც არაერთხელ გამხდარაო. გადმოცემების თანახმად, ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა ნინოც სწორედ ამ გზით მოსდგომია მცხეთას.

ნიჩბისის ციციშვილების ციხე-დარბაზის მდგომარეობა ახალი ამბავი არ არის. წლების განმავლობაში ამ თემაზე არაერთი ჟურნალისტური მასალა მომზადდა. ტელეკომპანიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა სხვადასხვა დროს აჩვენეს, რომ კომპლექსი ნადგურდებოდა, სპეციალისტები კი სახელმწიფოს მისი გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

2018 წლის აგვისტოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უძრავი ძეგლების 2019 წლის სარეაბილიტაციო პროგრამულ ნუსხაში სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარე ციციშვილების ციხე-დარბაზიც უნდა შესულიყო. სააგენტო იუწყებოდა, რომ გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსი, რომელსაც სააგენტოს იმდროინდელი გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წლის მაისში მიენიჭა, სტრუქტურულად სამხრეთის ნაწილში განლაგებულ სასახლეს, ორსართულიან საცხოვრებელ კოშკს, აბანოს, მრგვალ კოშკს, ციციშვილების საგვარეულო საფლავს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობასა და აფთიაქს მოიცავდა. სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა მომზადებულიყო, სპეციალისტების მიერ წინასწარ შემუშავებულ კონცეფციას დაეფუძნებოდა და სამომავლოდ რეაბილიტირებული ციხე-დარბაზის შიდა არეალში საზაფხულო სკოლის, შემეცნებითი-საგანმანათლებლო სივრცეების, ტურისტული ელემენტებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსებასა და მოწყობას გაითვალისწინებდა.

1000043512-1783865457.jpg

სააგენტოს იდეა თუ დაპირება შესანიშნავი იყო, თუმცა გავიდა წლები და პროექტი არავის უნახავს. შეიცვალა ხელმძღვანელობა, მინისტრები და ძეგლის ბედი არ შეცვლილა. სააგენტოს არც ოფიციალური ვებ-გვერდის სამომავლო პროექტებში ფიქსირდება ნიჩბისის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია. ისტორიული ციხე-დარბაზები მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა კი არ არის, ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობასაც იძლევა. მათი მოვლა მილიონობით ლარს არ მოითხოვს, მაგრამ სწორი რეკლამისა და მარკეტინგის შემთხვევაში მილიონები შეიძლება მოიტანოს. პირველი ნაბიჯი ტერიტორიის გაწმენდა, მცენარეების მოცილება, სახურავის დაცვა, საინფორმაციო დაფების დადგმა და რეგულარული მონიტორინგი უნდა იყოს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ძეგლს ყოველდღიური განადგურებისგან დაიცავს.

როდესაც მიგდებულ კულტურულ მემკვიდრობას ვნახულობთ, გვიჩნდება კითხვა, სად არის ადგილობრივი მოსახლეობა, რატომ არ უვლის? არადა, ძნელია ადამიანებს პასუხი მოსთხოვო, როდესაც წლების განმავლობაში თავად სახელმწიფო ვერ აჩვენებს, რომ ამ მემკვიდრეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ სოფელში ბავშვი ყოველდღე ხედავს, რომ ისტორიული ძეგლი ეკალბარდშია ჩაფლული, კედლებზე უადგილო გრაფიტია, კოშკში კოცონს ანთებენ და ამ ყველაფერზე არავინ რეაგირებს, ბუნებრივია, მასში ვერ ყალიბდება განცდა, რომ ეს ადგილი განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია.

ციციშვილების ციხე-დარბაზი მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია არ არის. ის საქართველოს ისტორიის ნაწილია. სარეველას ფესვები და კოცონი, რომელიც საუკუნოვან ნაგებობაში ინთება, მხოლოდ არქიტექტურას კი არ აზიანებს, ჩვენს საერთო მეხსიერებასაც ანადგურებს.

მასალის მომზადებისას რამდენჯერმე ვცადე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან დაკავშირება, თუმცა ამაოდ. სტატია დასაბეჭდად იყო მზად, როდესაც შეგვეხმიანენ: "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ციციშვილების ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გეგმაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე მოხდება რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურული განვითარების არსებული კონცეფციის დამუშავება, ასევე შეფასდება ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა და საჭიროებები. აღნიშნული შეფასების საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი ნაბიჯები ძეგლის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად".

იმედია, დაპირება ცარიელ სიტყვებად არ დარჩება და ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელსაც წლებია ელის ყველა, ვისაც ციციშვილების დანატოვარის მნიშვნელობა ესმის, განხორციელდება. აი, მაშინ კი გაჩნდება იმედი, რომ სტატიის დასაწყისში ნახსენები თუნუქის აბრა მცველად იქცევა და დროს ისტორიის შეჭმას არ დაანებებს.