"ადამიანთა ზოოპარკები“ ჰიტლერმა აკრძალა,(!) ბელგიამ კი ყველაზე გვიან დახურა(!)
"ადამიანთა ზოოპარკები", რომლებსაც ასევე "ეთნოლოგიურ გამოფენებს" უწოდებდნენ, XIX - XX საუკუნეებში ადამიანთა საჯარო გამოფენებს წარმოადგენდა, სადაც ისინი, როგორც ექსპონატები, პირვანდელი,„პრიმიტიული სახით იყვნენ წარმოდგენილი. მაშინდელი საზოგადოების აზრით, ეს ჩვენებები ხაზს უსვამდა კულტურულ განსხვავებებს აბორიგენ, ტრადიციულ ხალხებსა და დასავლურ, განვითარებულ საზოგადოებას შორის. ეთნოგრაფიული ზოოპარკები ხშირად ე.წ. სამეცნიერო რასიზმსა და სოციალური დარვინიზმის ერთ-ერთ ვერსიას ეფუძნებოდა. ამ მიზეზით, ეს მოვლენა მოგვიანებით მკაცრად დაგმეს, როგორც უკიდურესად დამამცირებელი და რასისტული.
ადამიანთა "გამოფენები", როგორც ინდუსტრია
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის შოუებმა მასშტაბური სახე ევროპაში მიიღო, პირველი დიდი კომერციული წარმატება აშშ-ში ჩაიწერა. 1835 წელს ცნობილმა შოუმენმა ფინეას ტეილორ ბარნუმმა საჯაროდ "გამოფინა" უსინათლო, პარალიზებული აფროამერიკელი ქალი, ჯოის ჰეტი. ბარნუმი ამტკიცებდა, რომ ჰეტი 161 წლის იყო და თავის დროზე ჯორჯ ვაშინგტონის ძიძად მუშაობდა. ხალხი მის სანახავად რიგში დგებოდა...
ამ შოუს მოგვიანებით სიამის ტყუპების: ჩანგ და ენგ ბანკერების "გამოფენაც" მოჰყვა, თუმცა, ადამიანის, როგორც საგამოფენო ექსპონატის აღქმას, სულ მცირე, კოლონიალიზმის დროინდელი ისტორია აქვს.
1493 წელს კოლუმბმა "ახალი სამყაროდან" ესპანეთის სამეფო კარზე ინდიელები ჩამოიყვანა. კიდევ ერთი ცნობილი მაგალითია სამხრეთაფრიკელი ქალის, საარტი ბარტმანის ისტორია, რომელიც "ჰოტენტოტ ვენერას"“სახელითაა ცნობილი; იგი ლონდონში 1815 წლამდე იყო "გამოფენილი". "ჰოტენტოტ ვენერას" სხეულის ფორმები მაშინდელი ევროპული ბომონდის განხილვის თემად იქცა. გარდაცვალების შემდეგ კი, ნაპოლეონის პირადმა ქირურგმა, ჟორჟ კიუვიემ, მისი სხეულის ფორმის თაბაშირის ყალიბი დაამზადა, ტვინი და სასქესო ორგანოები კი ფორმალინიან ქილებში შეინახა. ეს ექსპონატები პარიზის მუზეუმში 1970-იან წლებამდე ინახებოდა.
ცნობილია კიდევ ერთი ამბავი: ტაიტელი მამაკაცი, ომაი, ლონდონში იმდენად პოპულარული გახდა, რომ სადილებზე თავად არისტოკრატია ეპატიჟებოდა. მან ისწავლა ინგლისური, თამაშობდა ჭადრაკს და მეფე ჯორჯ III-საც კი შეხვდა. თუმცა, მიუხედავად სოციალური წარმატებისა, ინგლისური პრესა მას მაინც "კეთილშობილ ველურად" მოიხსენიებდა, საზოგადოება კი აღიქვამდა არა როგორც თანასწორს, არამედ როგორც "ბუნების საინტერესო ანომალიას"...
"ადამიანთა ზოოპარკები" საყოველთაო მოვლენად 1870-იან წლებში, ე.წ. ახალი იმპერიალიზმის ეპოქაში იქცა. პროცესმა მასობრივი, ინდუსტრიული სახე მიიღო. "ეგზოტიკური პოპულაციების გამოფენები" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეგაპოლისებში იმართებოდა - ჰამბურგში, პარიზში, ლონდონში, ბრიუსელში, ჩიკაგშო, ნიუ-იორკში, ჟენევაში, ბარსელონაში, მილანში, ვარშავასა და ოსაკაში... უმსხვილესი ქალაქები, რომლებიც თავს იწონებდნენ თანამედროვეობით, "ადამიანთა ზოოპარკებში", გალიებში ამწყვდევდნენ მათ, ვისაც ველურებად მიიჩნევდნენ. სენეგალელები, ნუბიელები, დაჰომეელები, ეგვიპტელები, ლაპლანდიელები, ამერიკელი ინდიელები, კორეელები და სხვა ე.წ. ეგზოტიკური ხალხები "გამოფენილი" იყვნენ ხელოვნურ გარემოში, ნახევრადშიშვლები, გარეული ცხოველების სიახლოვეს. თითოეულ გამოფენას 200 000-დან 300 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა.
გერმანელმა შოუმენმა და გარეული ცხოველებით მოვაჭრემ, კარლ ჰაგენბეკმა, ჰამბურგში სამოელებისა და ლაპლანდიელების, როგორც „წმინდად ბუნებრივი პოპულაციების პირველი ჩვენება მოაწყო. წარმატება იმდენად კოლოსალური აღმოჩნდა, რომ მალე ნუბიელებით, სენეგალელებითა და ინუიტებით სავსე მატარებლებმა მთელი ევროპა მოიარეს. პარიზის "აკლიმატიზაციის ბაღში" დამთვალიერებელთა ნაკადი ერთ წელიწადში გაორმაგდა და მილიონს მიაღწია. 1870-1940 წლებში ამ სანახაობისთვის მილიარდზე მეტმა ადამიანმა გადაიხადა ფული.
როგორ გამოიყურებოდა ეს სივრცეები? - ეს არ იყო უბრალოდ გალიები. დიდ ტერიტორიაზე შენდებოდა ეგზოტიკური სოფლები. მაგალითად, პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენაზე ააშენეს "კოლონიური სოფელი", სადაც 28 მილიონი მნახველი მივიდა(!) ორგანიზატორები ქმნიდნენ მოგზაურობის ილუზიას: დიდ ტერიტორიაზე განლაგებული იყო ჩალისა და ბამბუკის ქოხები, გარშემო ტროპიკული მცენარეებითა და ხელოვნური ტბორებით. თუმცა, მთავარი ატრიბუტი გახლდათ ფიზიკური ბარიერი - მესერი, თხრილი ან ლითონის ბადე. ის ფსიქოლოგიურ საზღვარს ავლებდა "ცივილიზებულ დამთვალიერებელსა" და "ველურ ექსპონატებს" შორის. შოუს მსვლელობისას მათ აიძულებდნენ გამოწყობილიყვნენ ჭილის ქვედაბოლოებსა ან ტყავის ნაგლეჯებში. დღეში რამდენჯერმე, ზუსტად გაწერილ საათებში, უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ილეთები, ეცეკვათ ან უმი ხორცი ეჭამათ ბრბოს თვალწინ, რათა დაეკმაყოფილებინათ მასების მოთხოვნა კანიბალიზმსა და სისასტიკეზე. გალიებზე ეკიდა აბრები, სადაც ადამიანები ცხოველებად იყვნენ წარმოჩენილი. ტურისტები "ველურ ადამიანებს", მათ შOორის ბავშვებს, მონეტებს, თხილსა და ბანანებს ესროდნენ და დასცინოდნენ, როცა ისინი ლუკმისთვის ერთმანეთს თავს ესხმოდნენ... საინტერესოა, რომ ბევრ "ექსპონატს" კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ხელფასს უხდიდნენ, თუმცა პირობები იმდენად მძიმე იყო, ამასთან, ევროპული კლიმატისა და დაავადებების მიმართ არ ჰქონდათ გამომუშავებული იმუნიტეტი, რომ ათასობით მათგანი ფილტვების ანთებით ან ინფექციებით იღუპებოდა.
ტრაგიკული ისტორიები
ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა კონგოელ პიგმეის, ოტა ბენგას უკავშირდება. 1906 წელს ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში ის პირდაპირ მაიმუნების ვოლიერში ჩასვეს და აიძულებდნენ, მათსავით მოქცეულიყო. შოუმ შავკანიანი სასულიერო პირების პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც ბენგა გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
კანადელი ესკიმოსი აბრაამ ულრიკაბი წერა-კითხვის მცოდნე, ქრისტიანი მამაკაცი იყო, რომელიც ვიოლინოზეც უკრავდა. მას ადგილობრივი მისიონერების დიდი ვალი ჰქონდა და ევროპაში "ექსპონატად" წამოსვლას ვალის გადასახდელად დათანხმდა. თან წამოჰყვა ცოლი, ორი პატარა ქალიშვილი და კიდევ ოთხი თანამემამულე. გერმანიაში ჩასვლისთანავე ისინი აიძულეს, შემოსილიყვნენ ცხოველის ტყავებით და ირმებზე ნადირობის შოუ მოეწყოთ... ორგანიზატორებმა მათ არ ჩაუტარეს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის გამოც რამდენიმე თვეში ჯგუფის რვავე წევრი საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა. შემორჩენილია აბრაამის დღიური, სადაც წერს, როგორ უყურებდა შვილების სიკვდილს. იგი გარდაიცვალა ზუსტად 9 დღით ადრე, სანამ მისი კონტრაქტი დასრულდებოდა და სამშობლოში დაბრუნების ნებართვას მიიღებდა...
1880-იან წლებში ამერიკელმა შოუმენებმა საფრანგეთში, ბულონის ტყეში მოწყობილ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ჩაიყვანეს კალიფორნიელი ინდიელების ჯგუფი, რომელთა შორისაც იყო ახალგაზრდა მამაკაცი სახელად კალოო. კალოოს და მის მეგობრებს დღეში 14 საათს ამუშავებდნენ, აიძულებდნენ მაყურებლის წინაშე უმი ხორცი ეჭამათ, მათ გალიებში კეტავდნენ. როდესაც კალოომ გააპროტესტა და უარი თქვა შოუში მონაწილეობაზე, მენეჯერმა სასტიკად სცემა და საკვები მოაკლო. სასოწარკვეთილმა კაცმა დამცირებას ვერ გაუძლო და ერთ-ერთი წარმოდგენის წინ გალიაშივე მოიკლა თავი.
კიდევ ერთი ტრაგიკული ისტორია პატარა ინდიელ ბიჭს, ხუან დიეგოს უკავშირდება, რომელიც 1889 წელს, პარიზის მსოფლიო გამოფენისთვის, ჩილეს მთავრობის ნებართვით, სხვა თანატომელებთან ერთად კუნძულ ცეცხლოვანი მიწიდან გაიტაცეს. \ჯაჭვებით დაბმულები გემის სატვირთო ნაწილში მოათავსეს და ევროპაში ჩაიყვანეს. პარიზში მათ აიძულებდნენ ცხოველებივით ეჭამათ უმი ხორცი. ფრანგი ექიმები მათზე კვლევებს ატარებდნენ და განიხილავდნენ, როგორც "მაიმუნიდან ადამიანამდე გარდამავალ საფეხურს". არასწორი კვებისა და ვენერიული დაავადებების გამო (რომლებითაც ისინი მცველებმა დააინფიცირეს), ჯგუფის უმეტესობა პარიზსა და ლონდონშივე გარდაიცვალა. ხუან დიეგომ და კიდევ რამდენიმემ ჩილეში დაბრუნება მოახერხეს, თუმცა ჩაიტანეს ევროპული ვირუსები, რამაც კუნძულზე დარჩენილი ტომის თითქმის სრული განადგურება გამოიწვია.
პარადოქსი
პარადოქსია, მაგრამ ადოლფ ჰიტლერი იყო პირველი, ვინც ევროპაში ადამიანთა ეთნოგრაფიული შოუები აკრძალა 1930-იან წლებში, ბელგიამ კი ბოლო ასეთი გამოფენა 1958 წელს ბრიუსელში გამართა.
ძალაუფლებაში მოსვლისთანავე, ნაცისტებმა დაიწყეს გერმანული მიწის "გაწმენდა" ყველასგან და ყველაფრისგან, რაც მათი აზრით, "არაარიული" იყო. ჰიტლერისთვის მიუღებელი იყო გერმანიის ქალაქებში შავკანიანი, აზიელი თუ ინდიელი ხალხის ჩამოყვანა, თუნდაც ისინი გალიებში ყოფილიყვნენ გამოკეტილი. ნაცისტური იდეოლოგია მიიჩნევდა, რომ გერმანელების გვერდით ამ ხალხის ფიზიკური არსებობა საფრთხეს უქმნიდა„გერმანული სისხლის სიწმინდეს. თუმცა ადამიანთა ზოოპარკების აკრძალვას გერმანიაში ჰუმანური ნაბიჯები არ მოჰყოლია. პირიქით, ბევრი შავკანიანი ნაცისტებმა ჯერ სამუშაო ადგილებიდან დაითხოვეს, აუკრძალეს თეთრკანიანებზე ქორწინება, ჩაუტარეს იძულებითი სტერილიზაცია, მოგვიანებით კი მათი ნაწილი საკონცენტრაციო ბანაკებში (მაგალითად, ბუხენვალდში) გადაიყვანეს.
სამეცნიერო რასიზმი
ამ არაადამიანური სისტემის უკან მყარად იდგა იმდროინდელი მეცნიერება. მე-19 საუკუნის ანთროპოლოგია "სოციალური დარვინიზმით" იყო შეპყრობილი. კაცობრიობა ერთგვარ იერარქიულ კიბედ იყოფოდა, სადაც თეთრკანიანი ევროპელი მწვერვალზე იდგა, ხოლო სხვა რასები - ცხოველურ სამყაროსთან ახლოს. როდესაც 1880 წელს ჰამბურგში ინუიტების (ესკიმოსების) ოჯახი ყვავილისგან გარდაიცვალა, შოუს ორგანიზატორებმა მათი ცხედრები კი არ დაკრძალეს ან სამშობლოში დააბრუნეს, არამედ გერმანელ მეცნიერებს მიჰყიდეს. მათ ჩაატარეს საჯარო გაკვეთები (აუტოფსიები) უნივერსიტეტებში, რათა "დაემტკიცებინათ", რომ ჩრდილოეთის ხალხების ანატომია განსხვავდება ევროპულისგან.
ინდუსტრიის დასასრული
"ადამიანთა ზოოპარკების" ნგრევა ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იყო. პირველი ბზარი სისტემას პროგრესულმა ხმებმა გაუჩინეს. ოტა ბენგას დასაცავად შავკანიანი ბაპტისტი მინისტრი, ჯეიმს გორდონი აღდგა, რომელმაც ნიუ-იორკის მერს მისწერა: "ჩვენი რასა ისედაც საკმარისად დისკრიმინირებულია... მიგვაჩნია, რომ ჩვენც გვაქვს სული". მოგვიანებით კი თანამედროვე ანთროპოლოგიის მამამ, ფრანც ბოასმა, საკუთარი სამეცნიერო ნაშრომებით რასების იერარქიას საფუძველი გამოაცალა...
„შენ შავკანიანი ხარ“
გალიები დაიშალა, თუმცა ბრძოლა გონებაში არსებული უხილავი გისოსების დასამსხვრევად დღესაც გრძელდება, რისი ნათელი დადასტურებაც ორი ცნობილი თანამედროვე ფეხბურთელის: ლილიან ტიურამისა და კრისტიან კარამბეს ისტორიებია...

ლილიან ტიურამი
ლილიან ტიურამი 1972 წელს დაიბადა გვადელუპაში, გაიზარდა კარიბის ზღვის კუნძულზე, სადაც ყოველი ქუჩა, პლანტაცია და გვარიც კი მონობის ისტორიას ახსენებდა. ლილიანს მამა არ ჰყავდა, დედა ხუთ შვილს უკიდურეს სიღარიბეში ზრდიდა. მან მიიღო გადაწყვეტილება, შვილებისთვის უკეთესი მომავალი მიეცა და 1981 წელს ისინი პარიზში ჩაიყვანა. ცხრა წლის ლილიანისთვის პარიზის გარეუბანში გადასვლა კულტურული შოკი აღმოჩნდა. სკოლის პირველივე დღეებში თანაკლასელებმა მას კანის ფერის გამო დაცინვა დაუწყეს. როგორც თავად იხსენებს, სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ ის შავკანიანი იყო, რადგან მანამდე საკუთარ თავზე ასე არასდროს უფიქრია. ამ დამოკიდებულებამ მასში პროტესტი გააჩინა. ბიჭმა გადაწყვიტა გაერკვია, საიდან მოდიოდა თეთრკანიანთა ილუზორული უპირატესობა.
საფეხბურთო ნიჭმა ტიურამს დიდებისკენ გზა გაუკაფა. ის იყო ფენომენალური მცველი: მძლავრი, ტაქტიკურად უზადო და ინტელექტუალური მოედანზე. მისი კარიერა "მონაკოში" დაიწყო, შემდეგ იტალიურ გრანდებში: "პარმასა" და "იუვენტუსში" გაგრძელდა და "ბარსელონაში" დასრულდა. საფრანგეთის ნაკრებში მან 142 მატჩი ჩაატარა (რაც წლების განმავლობაში რეკორდი იყო). მისი კარიერის პიკი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გახდა. ნახევარფინალში, ხორვატიის წინააღმდეგ, საფრანგეთი აგებდა, როდესაც ტიურამმა - ფეხბურთელმა, რომელსაც ნაკრებში მანამდე არც ერთი გოლი არ ჰქონდა გატანილი - ორი გოლი შეაგდო და გუნდი ფინალში გაიყვანა. საფრანგეთი ჩემპიონი გახდა.
გუნდი, რომელშიც ზინედინ ზიდანი, ტიურამი და სხვა ემიგრანტი ფეხბურთელები ლიდერობდნენ, მონათლეს როგორც lack-Blanc-Beur (შავ-თეთრ-არაბული) საფრანგეთის მულტიკულტურული ტრიუმფის სიმბოლო. თუმცა, სანამ ქვეყანა რასიზმის დასრულებას ზეიმობდა, ტიურამი სკეპტიკურად უყურებდა ამ ეიფორიას. მან იცოდა, რომ ერთი საფეხბურთო მატჩი საუკუნოვან ცრურწმენებს ვერ წაშლიდა.
ტიურამი არასდროს ყოფილა "ჩუმი" სპორტსმენი. 2005 წელს, როდესაც პარიზის გარეუბნებში ემიგრანტი ახალგაზრდების მასობრივი ამბოხი დაიწყო, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და შემდგომში პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ამბოხებულებს საჯაროდ უწოდა "ნაგავი" და პირობა დადო, რომ გარეუბნებს კერხერით (წყლის ჭავლით) "მორეცხავდა".
ტიურამი ერთადერთი ვარსკვლავი იყო, რომელიც მინისტრს დაუპირისპირდა. მან მედიით საჯაროდ უპასუხა სარკოზის:
"მეც ამ გარეუბნებში გავიზარდე. თუ ისინი ნაგავია, მაშინ მეც ნაგავი ვყოფილვარ. პრობლემა ამ ახალგაზრდების კანის ფერი კი არაა, არამედ ის, რომ სახელმწიფომ მათზე უარი თქვა და სოციალურ ჩიხში მოაქცია. როდესაც მინისტრი ასეთ ლექსიკას იყენებს, ის თავად აღვივებს რასიზმს". ამ დაპირისპირებამ ტიურამი წმინდა პოლიტიკურ და სოციალურ ფიგურად აქცია.
2008 წელს, "ბარსელონას" რიგებში ყოფნისას, ტიურამს გულის დეფექტი (ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია) აღმოაჩნდა - იგივე დაავადება, რამაც რამდენიმე წლით ადრე მისი ძმის სიცოცხლე იმსხვერპლა. ლილიანი იძულებული გახდა სპორტიდან წასულიყო. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების მეორე, ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი. მან დააარსა ლილიან ტიურამის ფონდი: "განათლება რასიზმის წინააღმდეგ". მისი მთავარი იდეაა: "რასისტად არ იბადებიან, რასისტები ხდებიან". 2011 წელს მან პარიზის კუა ბრანლის მუზეუმთან ერთად მოაწყო გამოფენა: L’invention du sauvage ("ველურის გამოგონება"). ტიურამი წლების განმავლობაში აგროვებდა "ადამიანთა ზოოპარკების" ძველ პლაკატებს, ღია ბარათებსა და დოკუმენტებს. გამოფენის მიზანი იყო ფრანგებისთვის ეჩვენებინა, რომ ზოგიერთი ადამიანის ქვეცნობიერში არსებული რასიზმი არის არა ბუნებრივი მოვლენა, არამედ საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოსა და შოუბიზნესის შექმნილი ნეგატიური კულტურული პროდუქტი.
ტიურამმა გამოსცა რამდენიმე სერიოზული ნაშრომი, სადაც აანალიზებს, როგორ გახდა "თეთრი რასა" დასავლური სამყაროსთვის ნორმა და უპირატესობის საზომი.
დღეს ლილიან ტიურამი მსოფლიოს მასშტაბით ხვდება ბავშვებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ლექციებს კითხულობს. ამბობს, რომ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის "შავკანიანების ბრძოლა თეთრკანიანების წინააღმდეგ", ეს არის ჰუმანურობის ბრძოლა იმ უსამართლო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ყველას გვართმევს თავისუფლებას. ყოფილი სპორტსმენი, რომელსაც ბავშვობაში "მაკაკას" ეძახდნენ, დღეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი და ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საზოგადოებრივი ფიგურაა.

კრისტიან კარამბე
კრისტიან კარამბეს დიდი პაპის, ვილი კარამბესა და მისი თანამემამულეების ისტორია მეოცე საუკუნის კოლონიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და დოკუმენტირებული დანაშაულია. ეს ტრაგედია დეტალურად არის აღწერილი ფრანგი მწერლის, დიდიე დაენინქსის ცნობილ ისტორიულ რომანში "კანიბალი" და თავად კრისტიანის ავტობიოგრაფიულ წიგნში.
1931 წელს საფრანგეთი გრანდიოზული პარიზის საერთაშორისო გამოფენისთვის ემზადებოდა. მთავრობას სურდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თავისი იმპერიის სიდიადე და ის, თუ როგორ "აშინაურებდა" შორეულ ხალხებს... საფრანგეთის კოლონიურმა ადმინისტრაციამ წყნარ ოკეანეში კუნძულ ახალ კალედონიაზე აგენტები მიავლინა. მათ ადგილობრივ კანაკთა ტომის ბელადებს განუცხადეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს პირადად სურდა მათი ნახვა პარიზში, რათა პატივი ეცა ამ ტომის კულტურისთვის. 111 კანაკი, მათ შორის ქალები და ბავშვები, სიხარულით დათანხმდნენ საფრანგეთში გამგზავრებას, რადგან ეგონათ, რომ თავიანთი სამშობლოს "ოფიციალური ელჩები" ხდებოდნენ. მათ შორის იყო ფეხბურთელ კრისტიან კარამბეს დიდი პაპა, ვილი კარამბე.
მრავალკვირიანი და დამქანცველი საზღვაო მგზავრობის შემდეგ კანაკები პარიზში ჩავიდნენ. თუმცა, ელისეს მინდვრებისა და საპატიო მიღებების ნაცვლად, ისინი პირდაპირ პარიზის "აკლიმატიზაციის ბაღში" აღმოჩნდნენ. ორგანიზატორებმა ისინი მავთულხლართებით შემოღობილ ვოლიერებში შეყარეს, სადაც ხელოვნურად იყო მოწყობილი "პოლინეზიური სოფელი", გალიებზე კი ჩამოკიდეს საინფორმაციო დაფები წარწერით: "პოლინეზიელი კანიბალები".
კანაკებს ჩამოართვეს ტანსაცმელი და აიძულეს, თითქმის შიშვლებს დღეში რამდენჯერმე ეცეკვათ "ველური ცეკვები", გამოეცათ საზარელი ხმები, მაყურებლისთვის კბილები დაეკრიჭათ, რათა დაეკმაყოფილებინათ პარიზული ბურჟუაზიის მოთხოვნა "ეგზოტიკურ სისასტიკეზე"...
სულ რაღაც ორ თვეში პარიზის გამოფენაზე ნამდვილი კრიზისი დაიწყო - "აკლიმატიზაციის ბაღში" არასწორი მოვლისა და დაავადებების გამო ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცნენ ნილოსის ნიანგები, რომლებიც გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატები იყვნენ. ზოოპარკის ხელმძღვანელობამ "გამოსავალს" მიაგნო: დაუკავშირდნენ გერმანელ ბიზნესმენსა და ცირკის მაგნატ კარლ ჰაგენბეკს, რომელსაც ჰამბურგში უზარმაზარი ზოოპარკი ჰქონდა. საფრანგეთმა გერმანიასთან საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა: ჰამბურგმა პარიზს ახალი ნიანგები გამოუგზავნა, ხოლო სანაცვლოდ საფრანგეთმა გერმანიას "დროებითი სარგებლობისთვის" გადასცა 60-მდე კანაკი, მათ შორის ვილი კარამბე. კანაკები მატარებლის სატვირთო ვაგონებში გამოკეტეს და გერმანიაში გაამწესეს, სადაც ისინი ჰამბურგის, კიოლნისა და მიუნხენის ზოოპარკებში "გამოფინეს", როგორც ცხოველების მორიგი პარტია... ვილი კარამბე და გადარჩენილი კანაკები სამშობლოში მხოლოდ 1931 წლის ბოლოს დაბრუნდნენ. თუმცა, გადატანილი საშინელი დამცირების გამო, კუნძულზე დაბრუნებულებს ამ ტრაგედიაზე ლაპარაკი კანონითა და ტომობრივი ტაბუთი აეკრძალათ. შიში და სირცხვილი იმდენად დიდი იყო, რომ ოჯახები ათწლეულების განმავლობაში დუმდნენ...
მომავალი ფეხბურთელი კრისტიან კარამბე 1970 წელს ახალ კალედონიაში დაიბადა. მან ეს სიმართლე მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა და პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. მისთვის ეს უდიდესი მორალური დარტყმა აღმოჩნდა: ქვეყანამ, რომლის ეროვნულ მაისურსაც ის ამაყად ატარებდა, სულ რაღაც ორი თაობის წინ მისი სისხლი და ხორცი ცხოველად მიიჩნია და ნიანგებში გაცვალა!
როდესაც საფრანგეთის ნაკრებმა 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, კრისტიან კარამბე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. თუმცა, ყოველი მატჩის წინ, როდესაც სტადიონზე საფრანგეთის ჰიმნი - "მარსელიეზა" სრულდებოდა, კარამბე მტკიცედ დუმდა. ფრანგული მედია და ნაციონალისი პოლიტიკოსები მას ხშირად აკრიტიკებდნენ და საფრანგეთის უპატივცემულობაში ადანაშაულებდნენ. კარამბემ კი მათ მხოლოდ წლების შემდეგ უპასუხა:
"მე ვიცი ჩემი ოჯახის ისტორია. ვიცი, რა გადაიტანა ჩემმა დიდმა პაპამ პარიზის გალიებში. მე ვთამაშობ საფრანგეთისთვის, მიყვარს ჩემი გუნდი, მაგრამ ჩემს წინაპრებს ვერ ვუღალატებ. "მარსელიეზა" ჩემთვის კოლონიური ჩაგვრის ჰიმნია".“
შორენა ბიწაძე
წაიკითხეთ ასევე: პრემიერი, რომელმაც ქვეყანა 15 წლის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფა