ქორვაჭრები, ყაფანდარები და  მეკურტნეები - კვირის პალიტრა

ქორვაჭრები, ყაფანდარები და  მეკურტნეები

ძველი თბილისის ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გული ბაზრები იყო. საუკუნეების განმავლობაში ისინი ქალაქის მთავარ სავაჭრო კერებს წარმოადგენდნენ, სადაც თავს იყრიდნენ ადგილობრივი თუ უცხოელი ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. სწორედ აქ ჩანდა ყველაზე ნათლად ტფილისის მრავალეროვნული ბუნება, აღმოსავლური და ევროპული ტრადიციების შერწყმა. ძველი თბილისის ბაზრები წარმოადგენდნენ ქალაქის გულისცემას, სადაც ყოველდღიური ცხოვრება, კულტურა და ეკონომიკა ერთმანეთში იყო გადაჯაჭვული.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში თბილისში, ჩვენს ხელთ არსებული ქალაქის გეგმების მიხედვით, სამი დიდი ბაზარი ყოფილა. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ბაზრებიდან ერთი მეფის მოედანთან იყო, მეორე - თათრის მოედანთან. მარცხენა ნაპირზე მდებარე ბაზარი კი - მეტეხის გალავნის შიგნით. იგი 1782 წლის ქალაქის გეგმაში "სურსათ-სანოვაგის ბაზრის" სახელითაა ცნობილი. ძველი დოკუმენტები მოწმობენ, რომ ამ პერიოდში ქალაქში არსებობდა "ზემო ბაზარი", "ქვემო ბაზარი", "მოედნის ბაზარი", ანუ "რასტაბაზარი" და "ჩორსუბაზარი". მათ სხვანაირად "დიდ ჩორსოსა" და "პატარა ჩორსოსაც" ეძახდნენ. მოედნის ბაზრის - იგივე "რასტაბაზრის" სახელწოდების ქვეშ "თათრის ბაზარი" იგულისხმება. ის ითვლებოდა ყველაზე დიდ სავაჭრო სივრცედ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ირანშიც, ბაზრები კედლით იყო დაცული, კედელში გაკეთებული ნახვრეტებიდან კი ბაზარში შუქი აღწევდა. მეცნიერების ვარაუდით, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო დედაქალაქის უდიდესი ბაზარი. რიგ შემთხვევაში, ბაზრის ცენტრში მოედანი ეწყობოდა, რომელიც მრგვალი გუმბათით იყო გადახურული. ამგვარ გუმბათს ირანში "ჩარსუდ" მოიხსენიებდნენ. სავარაუდოდ "ჩორსუბაზარიც" ამგვარი ტიპის ნაგებობას წარმოადგენდა.

დიდი ბაზრების გარდა, XVIII საუკუნეში სხვა პატარა ბაზრებიც ფუნქციონირებდა, სადაც ხელოსნები ვაჭრობდნენ. ასეთები იყო "ხარაზხანის ბაზარი", "ოქრომჭედლის ბაზარი", "მექვაბეების ბაზარი", რომლებსაც უმეტესად გარკვეული ქუჩები, რიგები ჰქონდათ დაკავებული.

XIX საუკუნის ავტორთა ნაშრომებსა და მოგზაურთა შთაბეჭდილებებს თუ გავითვალისწინებთ, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ძველი ტფილისის ბაზარი: ქალაქი სისხამ დილით იღვიძებდა - ქალაქისკენ ურმებით, ცხენებითა და სახედრებით მიემარ­თებოდნენ გლეხები, რომლებსაც თან მიჰქონდათ ხილ-ბოსტნეული, ქორფა მწვანილი, ყველი, მაწონი, კვერცხი და სხვა პროდუქტები... მეიდანზე, "სომხის ბაზარსა" და სხვა სავაჭრო მოედნებზე ჩამწკრივებული დუქნები ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა. XIX საუკუნის თბილისში წესად იყო შემოღებული - რეგიონებიდან ჩამოსული საქონელი ჯერ ქალაქის მცხოვრებთ უნდა შეეძინათ და მხოლოდ ამის შემდეგ - ქორვაჭრებს. სანამ "ყაფანზე" - ბაზრის დიდ სასწორზე ბაირაღი იყო აღმართული, ქალაქის მოსახლეობა ვაჭრობდა, დღის 12 საათისთვის კი ბაირაღს დაუშვებდნენ და მათ ადგილს უკვე ქორვაჭრები იკავებდნენ. სასწორები ბაზრის წინ იყო განთავსებული, მათ თავისი მომსახურე პერსონალი, "ყაფანდარი" განაგებდა. იგი ქირას არა მხოლოდ საქონლის აწონისთვის იღებდა, არამედ ისეთი საქონლისთვისაც, რომელსაც არ წონიდნენ, მაგალითად, გასაყიდი ცხენის, ჯორის, ძროხის სანაცვლოდ.

ყველაზე ხალხმრავალი "თათრის მოედნის" ბაზარი იყო. სადაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმი ყველაზე მკაფიოდ იგრძნობოდა. ბაზარში ძირითადად სურსათ-სანოვაგე იყიდებოდა.

"სარდარ-აბადის" ბაზარი პურისა და ბოსტნეულის დიდი ასორტიმენტით გამოირ­ჩეოდა.

486649063-1204896564543107-7851721808685561396-n-1783868636.jpg

ერევნის მოედანზე (დღევანდელი თავის­უფლების მოედანი) განლაგებულ ბაზარში დილაობით შეშა და თივა იყიდებოდა.

"სალდათის ბაზარში" ყოველდღიურად ძირითადად მანგლისსა და თბილისის შემოგარენში მცხოვრები ადგილობრივი გარნიზონის დაბალჩინოსანი რუსი ჯარისკაცები ვაჭრობდნენ ხელნაკეთი ნივთებით, ავეჯ­ითა და ძველმანებით. სწორედ აქედან დაერქვა ბაზარს სახელიც - "სალდათის ბაზარი". კვირაობით კი "სალდათის ბაზარი" უფრო მასშტაბურ სახეს იძენდა. იმართებოდა ყოველკვირეული ბაზრობა, რომელსაც ადგილობ­რივები "იარმურკას" ეძახდნენ. პირველი "იარმარკა" თბილისში 1828 წლის შემოდგომაზე გახსნილა და მთელი თვე გაგრძელებულა. ბაზრობაზე იყიდებოდა ყველაფერი, სურსათ-სანოვაგით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. იაკობ ბალახა­შვილი ასე აღწერს "იარმარკას": "განთიადიდანვე ასობით მოვაჭრე თავს იყრიდა მოედანზე. ამგვარად ეწყობოდა მწკრივები, რომელიც იწყებოდა ქალაქის გამგეობის შენობიდან და მიდიოდა სემი­ნარიამდე. ზოგი ძველ ტანსაცმელს, ზოგი ძველ ავეჯს, ზოგი ჭურჭელს და ზოგიც სხვადასხვა ნახმარ საოჯახო ნივთს ჰყიდდა. ზოგიერთს ახალი და ხმელი ხილი მოეტანა, ზოგს კომბოსტო, კარტოფილი და სხვა სანოვაგე ჩამოეტანა".

3-1783868636.jpg

ბაზრის ერთგვარ კოლორიტს ქმნიდნენ მეკურტნეები ანუ კურტნის მუშები. ისინი თათრის მოედანზე იყრიდნენ თავს. მეკურტნეების სიმრავლის გამო, სამუშაოს შოვნა ძლიერ ჭირდა, თუმცა, მათ საქმიანობას უსტაბაში აკონტროლებდა, რომ სამუშაოზე ერთმანეთს არ შესცილებოდნენ. მეკურტნეებს ძალიან დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ და უმცირესი ტვირთის გადასატანად შეეძლოთ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასულიყვნენ. ავდარში მეკურტნეებს კიდევ ერთი საქმე ემატებოდათ - მაღალი წრის ქალების გადაყვანა საჭირო ადგილას.

დავით ყიფიანი იგონებს: "მინახავს, როგორ მოიყვანდნენ ხოლმე მანდილოსნებს იმგვარადვე ორიგინალურად, როგორც შორეულ იაპონიაში იყო შემოღებული. ქოლგის ქვეშ შეფარებულს, ზორბა მუშის კისერზე დამჯდარს".

4-1783868636.jpg

ბაზარი ხმებითაც დაგამახსოვრებდა თავს. ვაჭრები თავიანთ საქონელს აქებდნენ, მყიდველები ფასზე ევაჭრებოდნენ, ხელოსნები თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი. ქუჩაში გაიგონებდით ქართულ, სომხურ, სპარსულ, თურქულ, რუსულ საუბარს. ტფილისის მრავალეროვანი ბუნება სწორედ აქ ჩანდა ყველაზე ცხადად.

შუადღისას ბაზარში ხალხის ნაკადი მატულობდა. ვინ - სავაჭროდ, ვინ - სამუსაიფოდ ან სულაც, წასახემსებლად. ყავახანებში ნელ-ნელა იკრიბებოდნენ აშუღები, მგზავრები, ვაჭრები და ქალაქის სხვა სტუმრები.

საღამოსკენ ვაჭრობა თანდათან წყნარდებოდა. დახლები იცლებოდა, ურმები ისევ სოფლებში ბრუნდებოდნენ, დუქნების ნაწილი იკეტებოდა, თუმცა ქალაქის ცხოვრება არ ჩერდებოდა - იგი ორთაჭალის ბაღებსა და ტრაქტირებში გრძელდებოდა. ბაზარი კი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს მსპინძლობდა, მეორე დილისთვის კვლავ ემზადებოდა, რათა ძველი თბილისის ყოველდღიურ რიტმს ისევ აჰყოლოდა.

ფოტოები დაცულია ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში. მადლობას ვუხდით ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმს გაწეული დახმარებისთვის.

ქეთი ადეიშვილი