სუპერსაიდუმლო ობიექტი თბილისთან ახლოს ანუ კოსმოსიდან სართიჭალაში
რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო პერიოდში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებსა და საზღვაო პორტებზე შეტევების პარალელურად, ახალი სამიზნეებიც გამოძებნეს, კერძოდ, დიდი კოსმოსური ანტენები. რამდენიმე დღის ინტერვალით უკრაინელებმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მიაყენეს რუსეთის იმ კოსმოსურ ობიექტებს, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მართვასა და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში, მათ შორის უკრაინის ფრონტზეც.
უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ბოლო ერთ თვეში ოთხ რუსულ კოსმოსურ ობიექტზე მიიტანეს იერიში, მათგან ერთი დუბნაში, ხოლო მეორე კი ვლადიმირის ოლქში იყო განთავსებული.
რუსეთის ფედერაციის კოსმოსური კავშირის ცენტრები "დუბნა" და "ვლადიმირი" საბჭოთა პერიოდიდან ფუნქციონირებენ და მათი ოფიციალური დანიშნულებაა თანამგზავრული კავშირის უზრუნველყოფა და ასევე ტელეგადაცემების ტრანსლირება შორეულ აღმოსავლეთში. თუმცა კოსმოსური კავშირის ამ ცენტრებს წმინდა სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებენ რუსეთის შეიარაღებული ძალები, კერძოდ, „"ექსპრესის" ტიპის თანამგზავრების სამართავად.
რუსეთს დღეისათვის დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე გაშვებული ჰყავს 11 ერთეული "ექსპრესის" ტიპის თანამგზავრი, რომლებსაც დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვთ, რაც ილონ მასკის "სტარლინკებს".
მასკის "სტარლინკები" უკრაინის არმიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "გაიცხრილა" "სტარლინკების" კუთვნილება და "სტარლინკის" ყველა ის სახმელეთო ანტენა, რომლებიც რუს ოკუპანტებს ფარულად ჰქონდათ შეძენილი დასავლეთში და აქტიურად იყენებდნენ უკრაინის წინააღმდეგ, გამოირთო.
11 რუსული "ექსპრესის" თანამგზავრმა როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია კოსმოსში ამჯერად მოქმედ 10 ათასზე მეტ "სტარლინკს", მაგრამ მასკის თანამგზავრები დაბალ, 400-500 კმ სიმაღლის ორბიტაზე მოძრაობენ, მაშინ როდესაც რუსული "ექსპრესები" გეოსტაციონარულ ორბიტაზე 36 ათას კმ სიმაღლეზე არიან "ჩამოკიდებული" და დედამიწასთან ერთად ერთი სიჩქარით ბრუნავენ, რაც მათ საშუალებას აძლევს მუდმივად დააკვირდნენ ერთი და იმავე რაიონს დედამიწაზე, მაგალითად, უკრაინას.
თუმცა გეოსტაციონარული ორბიტიდან რადიოსიგნალის დედამიწამდე მოსვლასა და უკან დაბრუნებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სულ რაღაც 500-იოდე კმ სიმაღლეზე მოძრავ ილონ მასკის "სტარლინკებს" - შეიძლება ეს განსხვავება მხოლოდ მილიწამებშია, მაგრამ გეოსტაციონარული ორბიტიდან "აქეთ-იქით" რადიოსიგნალის "მოგზაურობას" 36 ათასი კმ-ის ორჯერ გადასალახავად 500-600 მილიწამი მაინც სჭირდება, რაც უკვე მნიშვნელოვან შეფერხებად შეიძლება იქცეს კამიკაძე-დრონის ოპერატორის რეაქციისთვის, რის გამოც შორ მანძილზე დისტანციურად მართვადი და დიდი სისწრაფით მფრენი რეაქტიული დრონის წერტილოვანი მოხვედრა მიზანში გაძნელდეს.
რუსეთის კოსმოსური კავშირის ოთხ ცენტრზე მიზანმიმართული საჰაერო შეტევა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დიდი გეგმები დასახა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე ქვეყანას ძალზე გაურთულოს სიტუაცია ახლო კოსმოსში რუსული სადაზვერვო და კავშირგაბმულობის თანამგზავრების სამხედრო მიზნებით გამოყენებისთვის.
სულაც არ არის გამორიცხული, რომ მომავალში უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონები რუსეთის არხანგელსკის ოლქის პლესეცკის კოსმოდრომზე შემტევებადაც ვიხილოთ. არადა, პლესეცკის სარაკეტო პოლიგონი-კოსმოდრომი ხომ ჩვენი თანამემამულის, გენერალ-ლეიტენანტ გალაქტიონ ალფაიძის აშენებულიცაა, სადაც ის მეორე თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების საცდელ სტარტებსაც ახორციელებდა.
რადგან საბჭოთა პერიოდის "ქართულ კოსმოსზეც" გადმოვედით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, თავის დროზე თუ რა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა თბილისის სიახლოვეს, სართიჭალაში განთავსებული და ერთ დროს ძალზე გასაიდუმლოებული კოსმოსური ობიექტი.
სართიჭალის დასახლება სამ ათეულ წელზე მეტხანს ინახავდა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ თემას - დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მართვის კონტროლს. თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვნივ, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებული უცნაური ფორმის ანტენები და გუმბათები სოფლის მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში შიშს ჰგვრიდა - ამ ანტენებიდან რადიაციული დასხივების შესახებ ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.
საბჭოთა კავშირმა მსოფლიოში პირველი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი 1957 წლის 4 ოქტომბერს გაუშვა, რაც იმავე დღეს მთელმა მსოფლიომ შეიტყო და უეჭველია, ეს ინფორმაცია სართიჭალელებამდეც მიაღწევდა (იმ დღესვე თუ არა, იმ კვირაში მაინც). თუმცა საეჭვოა, მაშინ ამ სოფლის მცხოვრებთ ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ორი ფაქტი - დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება და სამი თვით ადრე, 1957 წლის ივლისში, მათ სოფელში ახალი საბჭოთა სამხედრო ნაწილის გადმოსვლა, რომელმაც მანამდე სართიჭალაში დისლოცირებული კავშირგაბმულობის ბატალიონი ჩაანაცვლა. არადა, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი მართლაც იყო.
1957 წლის 8 მაისს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გასცა საიდუმლო დირექტივა, რომლის თანახმად, მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სწრაფად უნდა შექმნილიყო 12 ცალკეული სამეცნიერო-გამზომველი პუნქტი (რვა - დიდი და ოთხი - პატარა), რომლებსაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გაკონტროლება და მართვა ევალებოდათ. აჩქარება იმით იყო განპირობებული, რომ საბჭოთა კავშირის მაშინდელი ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი მეცნიერებსა და სამხედროებს კატეგორიულად სთხოვდა, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება აშშ-ისთვის საბჭოთა კავშირს დაესწრო.
თანამგზავრის გაშვების შემდეგ აუცილებელი იქნებოდა მართვის პუნქტში ფრენის ტელემეტრული მონაცემების მიღება და მისი ფრენის ტრაექტორიის კონტროლირება, რაც მხოლოდ მოსკოვიდან და ბაიკონურიდან შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც გადაწყდა, ასეთი სამეცნიერო-გამზომველი პუნქტები მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაენაწილებინათ, რათა ორბიტაზე გასული თანამგზავრი დიდხანს გაეკონტროლებინათ.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამეცნიერო-გამზომველი პუნქტის, კერძოდ, НИП-11-ის განთავსების "ბედნიერება" ერგო საქართველოს, კერძოდ, სართიჭალას. 1957 წლის სექტემბერში ეს პუნქტი დედამიწის პირველი თანამგზავრის გაშვებას ელოდებოდა.დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის ფრენას აკვირდებოდნენ სართიჭალის პუნქტიდანაც, სადაც იწერდნენ თანამგზავრის რადიოგადამცემიდან გამოსხივებულ რადიოტალღებს.
საბჭოთა კავშირი დედამიწის ორბიტაზე თვეში რამდენიმე კოსმოსურ ობიექტს უშვებდა და სართიჭალის გამზომველ პუნქტსაც საქმე არ აკლდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი თანამგზავრები შავი და კასპიის ზღვების თავზე რამდენიმე ასეულ ან ათასეულ კმ სიმაღლეზე გამოჩნდებოდნენ. თანდათან სართიჭალის პუნქტში გაჩნდა თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა, რომელიც სტაციონარულად იყო დამონტაჟებული შენობებში.
სართიჭალის სამეცნიერო-გამზომველ პუნქტ НИП-11-ში შეიქმნა სამი განყოფილება: პირველი პასუხს აგებდა თანამგზავრების ფრენის ტრაექტორიის ცვლილებებსა და ცენტრში რადიოხაზებით ინფორმაციის გადაცემაზე; მეორე განყოფილების ფუნქცია იყო თანამგზავრების ტელემეტრული მონაცემების (მაგალითად, თანამგზავრის საბორტე აპარატურის ფუნქციონირებაზე) მოპოვება, მესამე კი ამ ორი განყოფილების მოპოვებულ მონაცემებს ამუშავებდა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით.
სართიჭალის პუნქტი რადიოკავშირს ამყარებდა ორბიტაზე გასულ ყველა საბჭოთა უპილოტო და პილოტირებულ კოსმოსურ აპარატთან, როდესაც ისინი მისი მოქმედების ზონაში შემოდიოდნენ. ცენტრში ინფორმაცია თანამგზავრის ფრენის ტრაექტორიის შესახებ სადენიანი ტელეფონით გადაიცემოდა, თუმცა, ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზებისგან განსხვავებით, ის ЗАС-ის (დახურული კავშირი) სპეციალური აპარატურით იყო აღჭურვილი. თანამგზავრების ტელემეტრული ინფორმაცია იწერებოდა ფოტოფირზე, გამჟღავნების შემდეგ კი მოჰქონდათ თბილისში და პირველივე ავიარეისით ცენტრში, მოსკოვში გზავნიდნენ. თუკი განსაკუთრებული რამ ხდებოდა და ინფორმაცია სასწრაფოდ იყო ცენტრში გადასაცემი, ტელემეტრულ მონაცემებს სართიჭალის პუნქტშივე შიფრავდნენ და შემდეგ ЗАС-ის ტელეფონით გადასცემდნენ.
80-იანი წლების დამდეგს, რადიოელექტრონული აპარატურის ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების შემდეგ, აღარ იყო საჭირო სამეცნიერო-გამზომველ პუნქტებს მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ემუშავათ.
დროთა განმავლობაში სართიჭალის НИП-11-მაც დაკარგა ისეთი მნიშვნელობა, როგორიც კოსმოსური ხანის დასაწყისში ჰქონდა. 1989 წლის 8 ივნისს ეს საიდუმლო კოსმოსური ობიექტი ოფიციალურად გაუქმდა. გასაიდუმლოებული სპეცტექნიკა რუსეთში გაიტანეს. თუმცა სართიჭალის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ცოტა ხნით განთავსდა მონღოლეთიდან გამოყვანილი კავშირგაბმულობის ბრიგადა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გაიყვანეს რუსეთში.
დამოუკიდებელ საქართველოში სართიჭალის ყოფილი გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ერთხანს დისლოცირებული იყო ქართული არმიის საინჟინრო-მენაღმეთა დანაყოფი.