დემოგრაფიული უფსკრული და მთავარი დილემა: ემუქრება თუ არა ქართველ ერს გადაშენება?!
დემოგრაფიული პრობლემა, მხოლოდ შობადობის სიმცირეს არ მოიცავს, ის მოიცავს სრულწლოვან დაუოჯახებელთა ძალიან დიდ რაოდენობას, ვისაც ოჯახის შექმნის სურვილი წლების გასვლასთან ერთად სულ უფრო უქრება. რა არის ამის მიზეზი და აქვს თუ არა ჩვენს ერს თვითგადარჩენისა და იდენტობის შემანარჩუნებელი ინსტინქტი, ამის შესახებ სოციოლოგ მარინა დონაძეს ვესაუბრეთ:
- ქალბატონო მარინა, რომელ საინფორმაციო წყაროსაც არ უნდა მიმართო, დაბერებულ, სიცოცხლის გაგრძელებისთვის უპერსპექტივო ერად ვითვლებით, რაც, ცხადია, ეროვნულ საფრთხედ განიხილება. ამის მიუხედავად, შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ თვითგადარჩენის ინსტინქტზე.
- ბოლო წლების განმავლობაში გარდაცვალების სტატისტიკა დაბადების სტატისტიკას აჭარბებს, უცხოეთში კი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის. თუმცა, მსგავსი საფრთხე არაერთხელ გადაგვილახავს. დაახლოებით 4000 წელიწადი იმიტომ არ გვიცხოვრია, რომ ახლა გადავშენდეთ.
დღეს ჩვენში არსებული ე.წ. შემწეობებით სრულიად წარმოუდგენელია დემოგრაფიის გაუმჯობესება. ამ დროს მედია წლების განმავლობაში დაუღალავად წარმოაჩენს ჩვენი დემოგრაფიული უკუსვლის სურათს, რასაც, ცხადია, თავისებური გავლენა აქვს ჩვენს დანაწევრებულ საზოგადოებაზე. დანაწევრებასაც მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი არ განაპირობებს. თუ დავაკვირდებით, ბოლო ათეულ წლებში ჩვენ თვალწინ მოხდა საზოგადოების ტრანსფორმაცია. ეს გულისხმობს იმ გლობალური ღირებულებების მიღებას, რაც დემოგრაფიის შესახებ მსოფლიოს დიდ ნაწილშია. მაგალითად, მარტოობის ნორმალიზაციას, უპირველესად კარიერისა და განათლებისაკენ სწრაფვას და ა.შ. ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენც გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იდენტობა დავკარგოთ და დემოგრაფიულად გავნადგურდეთ. სახელმწიფო ადეკვატურად რომ ითვალისწინებდეს დემოგრაფიულ საფრთხეს, დასაოჯახებელთა სტატისტიკის ასეთი მკვეთრი ზრდა არ იქნებოდა. უმცირესად დასახლებულ ადგილებშიც კი სრულასაკოვანი დასაოჯახებლები ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც უფროსი ასაკის დაუოჯახებელი მამაკაცების ყველაზე დიდი პროცენტული წილი დაახლოებით 28.5%-მდეა. მხედველობაში მაქვს 40-დან 50-მდე წლის პირები, რომლებიც არასოდეს ყოფილან დაქორწინებული. ქალაქებშიც იგივე სურათია.
რაც შეეხება ქორწინების ასაკის გადაწევას, ამ მხრივაც "დიდი ნახტომი" გვაქვს: ბოლო სტატისტიკით, ქალებში ქორწინების საშუალო ასაკია 30.1, ხოლო მამაკაცებში - 32.4 წელი. ჯერ კიდევ 10 წლის წინ საშუალო ასაკი ქალებში 26.5 წელი იყო, ხოლო მამაკაცებში - 29.5 წელი.
- რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ადამიანი რაც უფრო გაძლიერდება მატერიალურად, ოჯახის შექმნაც მაშინ ჯობს.
- დიახ, თუმცა თავისი უარყოფითი მხარე ყველაფერს აქვს. ჩვენს სიტუაციაში უკეთესის მოლოდინში ყოფნა იმდენად დიდხანს გრძელდება, რომ შესაძლოა პიროვნებამ დღის წესრიგიდან ოჯახის შექმნა საერთოდ ამოიღოს. საუბარს აღარ გავაგრძელებ განქორწინებებზე, რის მატებასაც ბოლო არ უჩანს.
- თუმცა იზრდება მეორე ქორწინებების რიცხვი. რაც, შესაძლოა, დემოგრაფიაზე პოზიტიურადაც აისახოს.
- ზოგიერთ შემთხვევაში. თითოეული ჩვენგანი იცნობს ოჯახებს, რომელთაც მომდევნო შვილის გაჩენა სწორედ მეორე და მესამე ქორწინებაში გადაწყვიტეს. თუმცა განქორწინებას აქვს მკვეთრი უარყოფითი მხარე, ეს ბავშვების ფსიქიკას ანგრევს, რის შემსუბუქებაზეც ზრუნვა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა.
მახარებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მესამე და მეოთხე ბავშვების დაბადების სტატისტიკა არ იკლებს, Uუფრო პირიქით. თავადაც დავაფიქსირე ტენდენცია, რომ ცნობილი პირები ცდილობენ მესამე შვილი იყოლიონ. შესაძლოა ვინმემ თქვას, იმიტომ, რომ მათთვის ადვილია ეკონომიკური შესაძლებლობების გამოო, თუმცა ასეც არ არის. გავიხსენოთ ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანები, რომელთაც მატერიალური შესაძლებლობების მიუხედავად, მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ.
არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ღირებულებებს თავისი დიდი როლი აქვს. მიმბაძველობა უდიდესი ფსიქოლოგიური მოვლენაა, როდესაც ვიღაც ხედავს, რომ მავანმა დასძლია გარემოს შიში და გადაწყვიტა, რომ ახალი სიცოცხლის გაზრდას შეძლებდა, Gგამორიცხული არ არის თავადაც იგივე გააკეთოს.
- სოციალურ სივრცეში გააქტიურდა გაცნობა-დაოჯახების გვერდები. ადრე ადამიანები ცდილობდნენ ეს ინკოგნიტოდ გაეკეთებინათ, ამჟამად კი ფოტოებსაც აქვეყნებენ ოჯახის შექმნის მიზნით.
- ძალიან ბევრი ოჯახი იქმნება სოციალურ ქსელებში გაცნობით. არაერთი ოჯახი მყავს, როდესაც ემიგრაციაში წასულმა ქართველმა ახალგაზრდებმა სოციალური ქსელით შეძლეს საქართველოში ისეთი ნაცნობობის დამყარება, რომ შემდეგ ოჯახის შექმნაში გადაიზარდა. ჩვენ უკეთესის იმედად უნდა ვიყოთ და არა უარესის. თუმცა უნდა გვესმოდეს, რამხელა დემოგრაფიული, ეროვნული საფრთხის წინაშე ვდგავართ, რის გაცნობიერებაშიც ყველა თაობას თავისი როლი ეკისრება.