570 მოტყუებული ოჯახი და მასშტაბური თაღლითური სქემა: რა ელოდება "სფერო ჰოლდინგის" სამ თანამშრომელს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ მალე დასრულდება “სფერო ჰოლდინგის” ხმაურიანი საქმის არსებითი განხილვა. განსასჯელის სკამზე სხედან კომპანიის დამფუძნებელი გივი (გიგა) წულეისკირი და ამ კომპანიის იურისტი სოფიკო პეტრიაშვილი, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე იტალიაშია დაკავებული და მის ექსტრადიციას ელოდებიან. რადგან მურუსიძე საქართველოში არ იმყოფება, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას ცალკე გაასამართლებენ.
კომპანიისგან დაზარალებულები განაჩენის მოლოდინში არიან, მაგრამ ისინი ასევე მთავარ კითხვაზე პასუხს ელიან, როდის დაიბრუნებენ კომპანიის მიერ მითვისებულ თავიანთ კუთვნილ თანხებს?!როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომპანია წლების განმავლობაში მუდმივად აკეთებდა სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის რეკლამას, ადამიანებს არწმუნებდა, რომ მათი ფული დაცული იქნებოდა. ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უწევდნენ კომპანიას რეკლამას, რაც ნდობის მოპოვების დამატებითი ფაქტორი იყო. ძირითადად ბინის დაგირავების მსურველი ადამიანები დებდნენ წვალებით შეკოწიწებულ თანხებს კომპანიის ანგარიშებზე და სამწუხაროდ ისინი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ.
570 ოჯახი ელოდება დღეს კუთვნილ თანხებს და როგორც ცნობილია, დაკავებულ პირებს პროკურატურა 32 მილიონი ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. ასევე მათ ბრალად ედებათ უკანონო არასამეწარმეო საქმიანობა. დღეს ძალიან ბევრი დაზარალებული ქუჩაშია დარჩენილი, ყველანაირი თავშესაფრის და თანხის გარეშე.
არაერთი აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან დახმარებასაც ითხოვენ, რადგან რეალურად კომპანიის ქონება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამდენი დაზარალებული დაკმაყოფილდეს. ერთ ერთი დაზარალებულის აკაკი ლუკავას თქმით, მალე ამ საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი პირის გიორგი მურუსიძის ექსტრადიცია მოხდება საქართველოში და ისიც წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.
აკაკი ლუკავა:
- ველოდებით კიდევ ერთი მთავარი დამნაშავის, გიორგი მურუსიძის ექსტრადირებას. ამ კომპანიის სახელზე რიცხული ყველა ქონების ფაქტობრივი მფლობელია, იმიტომ რომ კომპანია სფერო ინვესტის დირექტორი თვითონ გიორგი მურუსიძე იყო. რომელიც გაიქცა ქვეყნიდან 4 ოქტომბერს, გაეპარა საგამოძიებო უწყებას. მისი ექსტრადირების პროცესი ახლა მიმდინარეობს იტალიაში. ჩვენი ინფორმაციით, წინა კვირას გაიმართა უკვე სასამართლო პროცესი იტალიაში, იმყოფება საექსტრადიციო ციხეში, დეკემბრიდან მოყოლებული დააკავეს, რადგან პროცესი უკვე ჩატარდა, გვაქვს მოლოდინი, რომ მალე ჩამოიყვანენ. ჩვენთვის ახლა მთავარი ხელშესახებია გიორგი მურუსიძე დღეს, იმიტომ რომ მის სახელზეა ქონება და გვინდა ჩვენ, დაზარალებულებს მოგვეცეს იმის უფლება, რომ დავიწყოთ ქონებების გაყიდვა, არა აუქციონის წესით, არამედ საბაზრო ღირებულებით, რათა არ მოხდეს რაც არსებობს ამ კომპანიის საკუთრებაში თუნდაც იმ თანხის კიდევ უფრო შეცოტავება. დაზარალებულია უამრავი ადამიანი და ქონება არ არ არის საკმარისი.