ვის აწყობს სინამდვილეში ამერიკა-ირანის ომის განახლება?! - კვირის პალიტრა

ვის აწყობს სინამდვილეში ამერიკა-ირანის ომის განახლება?!

ამერიკა-ირანის საჰაერო ომის განახლება არ აწყობს უკრაინას, რუსეთს კი...

დიდი წვალების შემდეგ აშშ-ისა და ირანს შორის გასულ თვეს ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ბოლო მეხუთე ღამეა, ირანელები ჰორმუზის სრუტეში „მალულად“ გამავალ ტანკერებს რაკეტებს ესვრიან, ამერიკული „ტომაჰავკები“, სამაგიეროდ, ირანის სანაპიროს ბომბავენ, ხოლო თეირანი „პასუხის პასუხად“ უტევს სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული...

როგორც ჩანს, ეს საჰაერო ომი, ამერიკა-ირანს შორის, პერმანენტურად გაგრძელდება, მასში ისრაელის „დაბრუნების“ დიდი ალბათობით, რაც იმოქმედებს ნედლი ნავთობის და, შესაბამისად, საავტომობილო ბენზინის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის მსოფლიო ბაზარზეც, რასაც თავის ჯიბეზე დედამიწის ასეულობით მილიონი მაცხოვრებელი უარყოფითად იგრძნობს...

მაგრამ გარდა ამისა, ამერიკა-ირანის საჰაერო ომის განახლება და მით უმეტეს - დროში გაწელვა, ასევე ძალზე უარყოფითად აისახება უკრაინაზე, არა მხოლოდ ბენზინის გაძვირების სახით.

abschuss-einer-pac-3-rakete-auf-dem-testgelande-white-sands-1783930673.jpg

ფოტო: ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის - „პეტრიოტის“ ეს PAC-3 ტიპის ანტირაკეტები დღეს მსოფლიოს რიგი ქვეყნების დედაქალაქების - კიევის, ელ-ქუვეითის, დოჰას, ერ-რიადისა და აბუ-დაბის საჰაერო უსაფრთხოების მთავარ გარანტად გადაიქცნენ...

აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მსოფლიოს იმ მხარეს, რომელიც თავის თავს „დემოკრატიის აკვანს“ უწოდებს და პრეტენზია აქვს „მსოფლიოს მართვის“, თურმე, არ შესწევს იმის ძალა და არ აქვს სათანადო რესურსები, რომ გარანტირებულად თავი დაიცვას მსოფლიო იმ მეორე ნაწილისგან, რომელიც „ბოროტების ღერძად“ მონათლეს.

პირველი „ ცივი ომიდან“ მოყოლებული, „ბოროტების ღერძს“ დასავლეთი მიაკუთვნებდა საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს.

მეორე „ცივი ომის“ დაწყების შემდეგაც ეს „სია“ დიდად არ შეცვლილა. საბჭოთა კავშირი რუსეთმა ჩაანაცვლა, თუმცა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი გამოუჩნდა, ხოლო ირანმა ჰორმუზის სრუტეზე „საზღვაო შლაგბაუმის“ დაყენება და მილიონიანი მოსაკრებელის დაწესება მოინდომა...

„დემოკრატიის აკვნისა“ და „ბოროტების ღერძის“ ქვეყნების ღია შეიარაღებულმა დაპირისპირებამ კი გამოაჩინა, რომ ტექნიკურად შედარებით ნაკლებად განვითარებული ირანის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე - კამიკაძე-დრონების მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით მოგერიების საშუალება იმავე აშშ-ს არ ჰქონიათ, მით უმეტეს დროში გახანგრძლივებული საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში...

შესაბამისად, პენტაგონს წარმოექმნა ირანული ბალისტიკური რაკეტების მეტ-ნაკლებად ეფექტიანად მომგერიებელი „პეტრიოტის“ ანტირაკეტების დიდი დეფიციტი, რადგან მათ წელიწადში მხოლოდ 650 ერთეულს ამზადებდნენ, ხოლო სპარსეთის ყურეში ერთი ირანული ბალისტიკური რაკეტის მოსაგერიებლად კი ამერიკელი მეზენიტეები 4 და 8 ანტირაკეტასაც კი „ახარჯავდნენ“...

გასაგებია მათი უკრაინელი კოლეგების შური, როდესაც აქამდე კიევისკენ გაშვებული მორიგი რუსული „ისკანდერისთვის“ ისინი „პეტრიოტის“ ერთ ანტირაკეტას ძლივს „იმეტებდნენ“, ახლა კი ცარიელი „პეტრიოტებიდან“ უყურებენ კიევში ერთმანეთის მიყოლებით „დაშვებულ“ რუსულ „ისკანდერებს“ და უმწეობისგან თითებს იჭამენ...

რუსული „ისკანდერების“ მოგერიება ამ ეტაპზე უკრაინელ მეზენიტეებს მხოლოდ „პეტრიოტის“ ანტირაკეტებით თუ შეუძლიათ, მაგრამ მათ აშშ უკრაინას თითქმის აღარ აწვდის, არა მარტო იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სამხედრო დახმარება შეუწყვიტა კიევს, არამედ თავად პენტაგონს გაუჩნდა ამ ანტირაკეტების დიდი დეფიციტი, რადგან სპარსეთის ყურეში საკუთარი სამხედრო ბაზების დაცვის გარდა, ასეთივე ანტირაკეტები სჭირდებათ ისრაელის, იორდანიის, ქუვეითის, კატარის, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც წარმოუდგენლად ურთულეს საბრძოლო ამოცანას წარმოადგენს...

ირანი კი აგრძელებს თავისი, ბევრად იაფი და მრავალრიცხოვანი კამიკაძე-დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებას ამ ქვეყნების მიმართულებით, რითაც მათ მთავრობებსა და მოსახლეობას ყოველდღიურად უმტკიცებს, რომ „მსოფლიო პოლიციელს“-აშშ-ს თურმე მათი სრულყოფილი დაცვა არ შეძლებია...

ეს ყველაფერი ძალზე უარყოფითად აისახება უკრაინის საჰაერო თავდაცვაზეც, თუმცა სამაგიეროდ ძალზე მოგებული რჩება პუტინის რუსეთი, რომელსაც შეუძლია, ყოველთვიურად „ისკანდერის“ 60-ზე მეტი კვაზიბალისტიკური რაკეტის დამზადება, რომელთა მოსაგერიებლად უკრაინას „პეტრიოტის“ ამდენივე ანტირაკეტაც არ ეყოფა, მაშინ, როდესაც უკრაინას პოლონეთმა დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ მხოლოდ... ხუთი ანტირაკეტა დაუთმო...