"მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ დაკავებულები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას" - ზვიად მაისაშვილი - კვირის პალიტრა

"მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ დაკავებულები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას" - ზვიად მაისაშვილი

თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა,- ამის შესახებ გდდ-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა ზვიად მაისაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სახელმწიფოს არ სურს ის დანაშაული და ძალადობრივი ქმედებები გამოიძიოს, რაც 2024-2025 წელს მიმდინარე აქციებზე მოხდა.

„წელიწად-ნახევარია გასული და მთელი ეს დრო გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება და უცებ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია. კონკრეტულად ჩემს საქმეშიც ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ორი ადამიანი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა საერთოდ არ ცდილობს გამოიძიოს, ის რაც ხდება. ეს ყველაფერი ფარსი და ტყუილია. შესაბამისად, სხდომებიც იმიტომ არის დაკეტილი, არ უნდათ ზედმეტი დეტალების გამოაშკარავება. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანები მართლა ისინი არიან, ვინც ჩემს ცემაში იღებდნენ მონაწილეობას, რადგან ხელისუფლება საერთოდ არ ცდილობს იმ ადამიანებს გაემიჯნოს, რომლებმაც ძალადობა განახორციელეს, რაც იმას ნიშნავს, თავად არიან ამ საქმის პირდაპირი მონაწილეები. თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა. ეს მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფო არ ცდილობს გამოიძიოს ის დანაშაული, რაც მოხდა“, - განაცხადა მაისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა