რა აშენდება ე.წ. რიყის დოქების ადგილას?! - რას წერს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

რა აშენდება ე.წ. რიყის დოქების ადგილას?! - რას წერს რომან გოცირიძე

სხვა ადგილას რომ ყოფილიყო ეს მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ნაგებობა, მართლაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მისი დანგრევა ბარბაროსობაა - როგორც ირკვევა, სასტუმრო-კაზინოს ჩადგმას აპირებენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილების მიღმა „ოცნების“ კლანის პირადი ინტერესები იმალება.

„თბილისის მთას თავი წააჭრეს, პანორამად წოდებული ნაგებობების კომპლექსი გააშენეს, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი შუშის სასახლე ჩადგეს, სოლოლაკის მთა შუშის „ტრუბებით“ შეამკეს და ამაზე ხმას არ იღებდე, ხოლო დოქების მიერ რიყის დამახინჯებაზე მოთქვამდე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

სხვა ადგილას რომ ყოფილიყო ეს მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ნაგებობა, მართლაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მისი დანგრევა ბარბაროსობაა. უკეთესი რა უნდა ააშენო? როგორც ირკვევა, სასტუმრო-კაზინოს ჩადგმას აპირებენ. თუ დანგრევაზე მიდგა საქმე, მოდით, დავიწყოთ „პანორამის“ დემონტაჟით.

რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ.

ესთეტიკა და იერსახე აქ არაფერ შუაშია. კაზინოსთვის უკეთეს ადგილს, ალბათ, მართლაც ვერ იპოვი. შეუძლებელია, იქ ისეთი ზომის სასტუმრო ააშენო, რომელიც ერთდროულად მომგებიანიც იქნება და რიყის იერსახესაც არ დაამახინჯებს. ის დოქების გაბარიტებს ბევრად გადააჭარბებს. ეს ნაგებობები სიგრძეში მაინც არის გაწოლილი, ის კი, სავარაუდოდ, სიმაღლეში მათ ხუთჯერ გადააჭარბებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა