რუსეთი დიდი კატასტროფისკენ მიექანება?! - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: წაიყოლებს თუ არა გამწარებული პუტინი ნახევარ მსოფლიოს უფსკრულში
მაშინ, როცა რუსეთში ფაქტობრივად ენერგორესურსების კრიზისია და ფრონტის ხაზზე მდგომარეობა გაყინულია, ნატომ უკრაინის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, კრემლმაც გააძლიერა ბირთვული იარაღის შანტაჟი. რა პროცესებია მოსალოდნელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გვესაუბრება.
- გაზეთ "ეკონომისტში" რუსი ოლიგარქის, მელნიჩენკოს, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს რუსების შიშს, რომ სახელმწიფო არ დაიშალოს. ნავთობგადამუშავების 40%-მდე გაჩერებულია. ფასების დაცემასთან ერთად, დაზიანებული პორტების გამო ექსპორტიც შეუძლებელია, ქვეყნის ცენტრალური ნაწილი კი საწვავის ქარხნების გარეშეა დარჩენილი.
ურალს იქით არსებული სიმძლავრეების ლოჯისტიკა ძვირია და შუა რუსეთის მოსამარაგებლად არ კმარა. ამას ემატება სოფლის მეურნეობის შეფერხება, რაც შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამ ფონზე პუტინი დასავლეთს ისევ შანტაჟით პასუხობს, რაც მეტს დაგვბომბავთ, მით უფრო ხისტი იქნება ჩვენი პოლიტიკაო. თუმცა ნატოს ბოლო სამიტმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ძლიერდება - მარტო ევროპელები წელს და გაისად 70-70 მილიარდზე ლაპარაკობენ. უკრაინამ მიიღო უპრეცედენტო უფლება, ლიცენზიით აწარმოოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და "პატრიოტები". აშშ-ის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ პარტნიორები უკრაინის გამარჯვებასა და მის გარეშე ევროპული უსაფრთხოების შეუძლებლობაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.
რუსეთის მთელი სამხრეთი რეგიონი მოშიშვლებულია. ფრონტიდან 125 კმ-ის რადიუსში იბომბება ყველა სამხედრო-ლოჯისტიკური გზა, რის გამოც კრემლი ჯარების გადასროლას ვერ ახერხებს. ომის დაწყებიდან მეხუთე წლისთავზე ეს რუსეთისთვის ყველაზე წარუმატებელი პერიოდია...
- პუტინის შანტაჟი ახსენეთ და, ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია?
- რუს ელიტას კარგად ესმის, რომ ატომური იარაღის გამოყენება მათვე გაანადგურებს. მელნიჩენკოს წერილი სწორედ იმ გავლენიანი წრის პოზიციას გამოხატავს, ვისაც სისტემის გარდაუვალი კრახის გამო ომის გაგრძელება არ სურს. ისინი დასავლეთთან ვაჭრობენ, რათა თავიდან აიცილონ სამი მთავარი შიში: რუსეთის დაშლა, დაჩოქება ან კოლონიად გადაქცევა.
ელიტა მეგობრობას არ ითხოვს, თუმცა სურს დასავლეთი მათ სუვერენიტეტსა და ინტერესებს შეეგუოს. ყირიმს პირდაპირ არ თმობენ, მაგრამ ვაჭრობენ. ასე იკვეთება ორი განსხვავებული ხაზი - პუტინი და ელიტა. ამ უკანასკნელისთვის ომი მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებით გამდიდრების წყაროა, ფრონტზე კი ჩვეულებრივი ხალხი კვდება - მაღალჩინოსანთა შვილებიდან იქ არავინაა. ატომური დარტყმით მილიარდერები და პუტინის გარემოცვა ყველაფერს დაკარგავენ, ამიტომ, ვიდრე ეს მოხდება, უმალ თავად პუტინს გაისტუმრებენ.
პუტინის განცხადებები ირაციონალური და რეალობას აცდენილია. ნატოს სამიტის წინ ბუნკერიდან ტყუილად გამოაცხადა ყველასთვის უცნობი კონსტანტინოვკის აღება. მისი თქმით, თითქოს წინ მიდიან, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა კოსმოსიდან ყველაფერი ხელისგულივით ჩანს, ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ზელენსკიმაც კი დასცინა პრესკონფერენციაზე - ტრამპის კითხვაზე, წავა თუ არა მოსკოვში, უპასუხა, იქ საშიშია, უკრაინული დრონები დაფრინავენო.
ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თუ ჩავარდა, რუსეთში შიმშილის პრობლემა დადგება. ჩემი აზრით, რუს ელიტას მალე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
- პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია რომ გამოაცხადოს, მოსახლეობა როგორ შეხვდება?
- ახალი მობილიზაცია მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ პოზიციებზე მეტი რუსი ჯარისკაცი გამოჩნდება, რაც უკრაინული დრონების რაოდენობას გააორმაგებს, ეს რესურსი კი ტექნოლოგიურად მოწინავე უკრაინას აქვს. რუსი ზეტ-ანალიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ უკრაინამ ტაქტიკა შეცვალა - ფეხით, მსუბუქად გადაადგილდებიან, საჭირო ეკიპირებას კი წინა ხაზზე მძიმე კოპტერებით იღებენ. დრონებით კონტროლირებად გარემოში ასეთი სწრაფი და მობილური მანევრი გადამწყვეტია. უკრაინელები ამაში ბევრად ჯობნიან რუსებს, რომელთაც მსგავსი მძიმე დრონები არ აღმოაჩნდათ. ეს უპირატესობა აბათილებს კრემლის ჭარბ ცოცხალ ძალას. რუსეთს ჯარის ნაკლებობა კი არა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა ახრჩობს. აღარ არის 1941 წელი, როცა ჟუკოვის პრინციპი - "ქალები ახლებს გააჩენენ" - მუშაობდა. რუსებმა ათჯერადი უპირატესობითაც კი ვერ გაარღვიეს ხაზი, რადგან წინ ტექნოლოგიური ბარიერი დახვდათ. უკრაინელებმა რობოტიზებული საშუალებებით, უჯარისკაცოდ და მსხვერპლის გარეშე, 16 000 ლოკალური ოპერაცია ჩაატარეს, რუსებმა კი არცერთი.
- მაგრამ ფრონტის ხაზზე სიტუაცია უცვლელია. გასაგებია, რომ უკრაინა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს, მაგრამ რუსებიც უტევენ კიევს, სადაც მსხვერპლიც არის...
- ამ ეტაპზე რუსეთის "უპირობო მარცხზე" არავინ ლაპარაკობს. უკრაინას ახლა ტაქტიკური ამოცანა აქვს - მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას არსებულ პოზიციებზე. ისინი ჭკვიანები არიან და კარგად ესმით ძალთა თანაფარდობა. თავდაცვა ერთია, მაგრამ შეტევას ცოცხალ ძალაში სამი ერთზე უპირატესობა სჭირდება, უკრაინას კი ჯარისკაცების დიდი დეფიციტი აქვს. თუმცა მათ ეს სიმცირე სწორედ ტექნოლოგიური უპირატესობით დააბალანსეს, რამაც რუსების წინსვლა შეაჩერა. ახლა საუბარია იმაზე, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდეს იმ პოზიციებზე, სადაც დგანან, ოღონდ ეს რუსეთისთვის სიკვდილია - ფაქტობრივად, ვერ აღწევს ვერც ერთ მიზანს, რომელიც 2022 წელს დაისახა - დონბასი არ არის გათავისუფლებული, ხოლო ის რეგიონები, რომლებიც საკუთარ შემადგენლობაში ფორმალურად შეიყვანა, იქნება ეს ზაპოროჟიე თუ ხერსონი, კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ამასთან, პუტინს არავინ ჰპირდება, რომ საომარი მოქმედებების გაჩერება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ნიშნავს. ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ დღეშია, აფეთქებული ქარხნების აღდგენას კი მილიარდები სჭირდება, რაც რუსეთს უბრალოდ აღარ გააჩნია.
- ამ სიტუაციაში პუტინს რა შანსები აქვს, სულ რამდენიმე თვეში რუსეთში არჩევნებია...
- რუსეთში არჩევნების აღარავის სჯერა - ოპოზიცია ციხეშია, ხოლო მორჩილი "იაბლოკოსიც" კი იმდენად ეშინიათ, რომ რეგიონული ორგანიზაციების 70% გაუუქმეს. ელიტის საფრთხეებიც სულ უფრო იზრდება. დაბომბილი ინფრასტრუქტურის 90% სწორედ იმ ოლიგარქების საკუთრებაა, რომლებზეც რეჟიმი დგას. ახალი სანქციები მათ პირდაპირ აკოტრებს...
ამ ფონზე საინტერესოა ჩინეთის როლი - უკრაინული ბრიგადები ღიად იბრძვიან ჩინური იარაღით, მაგალითად, გაეროს მიერ მკაცრად კონტროლირებადი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, რაზეც პეკინს ხმა არ ამოუღია. ეს ამსხვრევს კრემლის ილუზიას დასავლეთის წინააღმდეგ ჩინეთთან ერთობლივ ალიანსზე. ცოტა ხნის წინ გაჟონილი ფარული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღის გამოცდას სთავაზობს სამხედრო ტექნოლოგიების სანაცვლოდ - ტექნიკას მაინც ვერ აწარმოებთ, ქარხნებს გიფეთქებენ და ჩვენ გამოვუშვებთო. პეკინი, ფაქტობრივად, ძარცვავს რუსეთს და მის ჯარისკაცებს საცდელ ვირთხებად იყენებს, იარაღის რეალური მიწოდება კი არ ხდება. პირიქით, ჩინეთს ომის გაგრძელება აწყობს, რადგან დემპინგურ ფასად ყიდულობს რუსულ ნავთობსა და ხეტყეს, სანაცვლოდ კი ორივე მხარეზე დიდი რაოდენობით ყიდის დრონებისა და სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო ჩიპებსა და ელექტრონიკას.