ბავშვობაში თავსდატეხილი ტრაგედია, დიადი გამარჯვებები, ავარია, კომა და ჭადრაკი, როგორც ხსნა
ბიჭმა უმცროს დას უხმო, ბუხართან მჯდარმა მაგიდის მოპირდაპირედ სკამზე მიუთითა და მაგიდაზე გაშლილ ჭადრაკის დაფაზე ფიგურების დაწყობა დაიწყო. პატარა გოგო ძმას ინტერესით უყურებდა... ბიჭმა ღიმილით დაიწყო უძველესი თამაშის ისტორიის, ფიგურათა ამბების მოყოლა. გოგონა ცდილობდა, მისი თითოეული სიტყვა დაემახსოვრებინა.
მალევე მიხვდა, რომ ამ უცნაური ფიგურების თავის ნებაზე ათამაშება შეეძლო. ძმა მათემატიკოსი იყო, სწრაფად აზროვნებდა, შესანიშნავად თამაშობდა, მრავალ კომბინაციას წარმოსახავდა გონებაში და ჩინებულად შეეძლო მათი განხორციელებაც. თუმცა 8 წლის დამ ერთხელ მოუგო. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი იყო ის შემთხვევები, როცა ბოლო წლების განმავლობაში ბიჭს ვინმესთან წაეგო. წაგებების უმეტესობა მოწინააღმდეგის გამართლება უფრო იყო. ეს მარცხიც უიღბლობას მიაწერა და მიუხედავად იმისა, რომ დით ამაყობდა, ცოტა გაბრაზდა კიდეც...

მალე პატარა დაიკოს გამარჯვებებმა სისტემატური სახე მიიღო. ვერ იჯერებდა, როგორ ახერხებდა პატარა, 8 წლის გოგონა მის დამარცხებას... ერთხელაც, მორიგი წაგებული პარტიის შემდეგ, ბიჭი ისე გაბრაზდა, ჭადრაკის დაფა თავის ფიგურებიანად აგიზგიზებულ ბუხარში შეუძახა...
"ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და რატომღაც ძალიან მალე დავიწყე მოგება. ძლიერი მათემატიკოსი იყო და ჩემი ეს მოგება მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო. ბრაზდებოდა, აიღებდა ჭადრაკს, შეყრიდა ბუხარში და შემდეგ ვქექავდით ნაცარს და ბუხრიდან ვიღებდით. მეუბნებოდა, მსოფლიო ჩემპიონიც რომ გახდე, მაინც ვერ მომიგებო..." - გაიხსენებს წლების მერე უკვე ძალიან წარმატებული მოჭადრაკე.
ქუთაისში, გრიგოლ ჩიბურდანიძის ოჯახში, ბუხართან, მაია თავის ძმა რეზიკოს, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ მოუგებდა, რომ არა უბედურება, რაც ჩიბურდანიძეებს დაატყდათ თავს. სამწუხაროდ, რეზო ტრაგიკულად გარდაიცვალა. ოჯახში გლოვა იყო, მძიმე დღეები დადგა. ვუნდერკინდი, რომელიც იმხანად ქუთაისის პიონერთა სახლში ჭადრაკზე დადიოდა, წრიდან გამოიყვანეს.
ის, რომ მაია გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობის ბავშვი იყო, ადრეული ასაკიდან გამოჩნდა. 3 წლის ასაკში კითხვა ისწავლა, სკოლაში 5 წლისა შევიდა, თან ისე, რომ 3-ციფრინი გამოთვლებით მარტივად "ჟონგლიორობდა".
მომავალში იტყვის, რომ სასწაულებითა და ღვთის მინიშნებებით სავსეა მისი ცხოვრება. სწორედ ასეთი სასწაული იყო, როცა მაიას დედას გარდაცვლილი შვილი ესიზმრა და სთხოვა, რომ მაია ჭადრაკზე ისევ შეეყვანათ.
"რამდენიმე ხნის შემდეგ, ჩემი ძმა დედას სიზმარში რამდენჯერმე გამოეცხადა, სთხოვა, ჭადრაკზე დავებრუნებინე და ასე სასწაულებრივად განვაგრძე თამაში“, - იხსენებს მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
10 წლის მაია სკოლის მოსწავლეებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა. საჭირო იყო ნიჭისა და უნარების გასავითარებლად თბილისში გადასვლა. 1 წელიწადში მაია, დედასთან ერთად, დედაქალაქში გადავიდა, სადაც ჭადრაკის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყო. აქედან მოყოლებული ნელ-ნელა იწყება ვუნდერკინდის აღზევება.

ამას მოწმობს 1973 წლის თბილისში გამართული ტურნირიც, სადაც ერთი უცნაური ფაქტი მოხდა. მონაწილეები იუგოსლავიიდან მოიპატიჟეს და შეცდომით, ახალბედას ნაცვლად, გროსმეისტერი ბორა ივკოვი ჩამოიყვანეს. სტუმარს პატარა, ლაღი, მოციმციმეთვალებიანი გოგონა დაუჯდა და მასტერკლასიც ჩაუტარა. მაიამ მოწინააღმდეგეს ყველა პარტიაში, საბოლოო ანგარიშით 4:0, სძლია.