"ძალიან განიცდიდა, რომ შვილი არ ჰყავდა..." - მსახიობის ცხოვრება სევდითა და კურიოზებით - ბორის წიფურიას ისტორია
მბობდნენ, რომ მისი ჩაგდებული როლი არ არსებობს. კინოსა თუ თეატრში არაერთი პერსონაჟი ჰყავს შექმნილი. იყო მთავარი თუ ეპიზოდური როლები. საქართველოს სახალხო არტისტი ბორის წიფურია თავის საქმეს ერთგულად და თავდაუზოგავად ემსახურებოდა. სამწუხაროდ, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვინ იცის, ალბათ, კიდევ რამდენი როლის შექმნა სურდა... თავიდან მუშაობა დაუწყია სოხუმის აკადემიური თეატრის ქართულ დასში, შემდეგ - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორიც გახლდათ. წლების განმავლობაში კი ტელეშოუ "ფორტუნა" მიჰყავდა. მასობრივად მაყურებელმა აქედან გაიცნო. 1966 წელს მისი დებიუტი შედგა იური ქავთარაძის ფილმში "უყაიმო თამაში".
მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა ფილმებში ნათამაშებმა როლებმა: ხუტა ოდიშელიძე ("შერეკილები"), მეწისქვილე ("დათა თუთაშხია"), სელიმი ("მიზანში")...ამბობენ, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე ეტიუდის შესრულებისას ბორის წიფურიას სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებულ აკაკი ხორავას წამოუძახია: "კმარა, საკმარისია!" როგორც ჩანს, მასში დიდი სამსახიობო უნარი აღმოაჩინა.
"შერეკილები"
თავად ბატონი ბორისი საკუთარ მოგონებებში ჰყვებოდა: "თეატრალურ ინსტიტუტში ჩემი კურსელები იყვნენ შემდგომში უნიჭიერესი მსახიობები - ზინაიდა კვერენჩხილაძე, თენგიზ არჩვაძე, გივი ბერიკაშვილი, ლია კაპანაძე, ლიკა ჭავჭავაძე. პედაგოგები იყვნენ - სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე, დიმიტრი ალექსიძე, ნადეჟდა შალუტაშვილი, დიმიტრი ჯანელიძე, აკაკი ფაღავა, მალიკო მრევლიშვილი. ამ ადამიანებთან ყოფნასა და თანაცხოვრებაში ბედმა ნამდვილად გამიღიმა. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ ვერ დაიკვეხნის საქართველოში, რომ აკაკი ხორავას საყვარელი სტუდენტი იყო და თენგიზ არჩვაძის ან გივი ბერიკაშვილის მეგობარი. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი, თუმცა ჩემი ჯგუფი სოხუმის თეატრში გაანაწილეს და მეგობრებს გავყევი. სოხუმის თეატრის დირექტორმა იქ დარჩენა და მუშაობა შემომთავაზა. პირველივე სპექტაკლში "გაზაფხულის დილა" ერთ-ერთი მთავარი როლი მომცეს და ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა".

"ვერის უბნის მელოდიები"
გასული საუკუნის მიწურულს აკაკი ბაქრაძე ბორის წიფურიაზე წერდა: "დიდ როლს თამაშობს ბორის წიფურია თუ პატარას, - სულ ერთია. მისი პერსონაჟი ყოველთვის მკვეთრად ჩამოყალიბებული პიროვნებაა... ამის დასტური მისი არაერთი როლია. როდესაც სცენაზე დგას, ცოცხალ ადამიანს ხედავ თავისი თვისებით, ხასიათით, ბუნებით, შინაგანი სამყაროს გამოვლენის დეტალებით და არა სქემასა და რუპორს. სქემა და რუპორი ცივია, ის მაყურებელს არ ათბობს. ცოცხალი ადამიანი კი, თუნდაც მეტად უარყოფითი, იწვევს ემოციას, დაინტერესებას, გატაცებას. ამიტომ ბორის წიფურიას მიდგომა, რომლითაც ის როგორც მსახიობი მოქმედებს, მართალია... თუ ვინმე მკითხავს, ვიტყოდი: არის როლები, რომელიც მას ქართულ თეატრში აუცილებლად უნდა ეთამაშა".

თამაშაობდა და ითამაშებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს გულგატეხილი იყო: "რობერტ სტურუამ თეატრი შემაძულა. სული ამომგლიჯა, უდროოდ გამიშვა თეატრიდან. შეიძლება, 15-20 წელი ისე იყო თეატრში, რომ რეჟისორმა როლი არ მოგცეს?! ცუდია, როცა ვიღაც განაგებს შენს ბედს. იმ კაცს თუ უნდა, გაგაღმერთებს, თუ უნდა - გაგანადგურებს".