რა თქვა ვატო შაქარიშვილმა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმის სახით იკითხება?! - კვირის პალიტრა

რა თქვა ვატო შაქარიშვილმა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმის სახით იკითხება?!

საქართველოში წლებია მოქმედებს ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც ფინანსდება და დავალებებს იღებს ქვეყნის გარედან. ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობა, რამაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ დააყენა სერიოზული რისკის ქვეშ. შესაბამისად, ამას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასება. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულების გამო, რაც ჩადენილი აქვთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, მოწმის სახით იკითხება.

კითხვაზე, მისული არის თუ არა ის სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით, ვატო შაქარაშვილმა აღნიშნა, რომ მათი განცხადებების საფუძველზე კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება პროკურატურის პრეროგატივა იყო, თუმცა მათ უწყებაში ვრცელი მასალა წარადგინეს, სადაც „ლოგიკური ჯაჭვებია გაბმული“.

„წელიწადზე მეტი ხნის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს მათი საქმიანობის გამოძიება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. მტკიცებულებებია მთელი მათი საქმიანობა 25 წლის განმავლობაში. მათი საქმიანობის ყოველი დღე, მათი ყველა ნაბიჯი, მათი ყველა განცხადება, მათი ყოველი ქმედება არის დანაშაულის შემცველი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს წარდგენილი ძალიან ვრცელი მასალა, მათი მოქმედებათა ჯაჭვი, დროში და სივრცეში მათი მოქმედებები რომ იყო კოორდინირებული, იმართებოდა ერთი ცენტრიდან, იყო ერთი სცენარი, რომელშიც აგენტურული ქსელის ყველა რგოლს ჰქონდა თავისი დავალება. აგენტურული ქსელი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, ეს იყო ე.წ. პოლიტიკური პარტიები, ეს იყო მედიები, ეს იყო NGO-ები, ეს იყვნენ სხვადასხვა სფეროების ცალკეული წარმომადგენლები და იყო კოორდინირებული, ორგანიზებული და დაფინანსებული ქვეყნის გარედან, არაერთ ქვეყნიდან. მთავარი ის არის, რომ ისინი არ ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის ინტერესებს, არ მოქმედებდნენ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ, მოქმედებდნენ უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად. სამართლებრივი მტკიცებულებები ჩვენი განცხადების საფუძველზე იყო პროკურატურის პრეროგატივა, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილება. ჩვენ წარვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, რომელიც იყო აგებული მათივე საჯარო განცხადებებსა და ქმედებებზე და იყო გაბმული მათ შორის ლოგიკური ჯაჭვი. ჩვენს მიერ იყო დასაბუთებული, რომ არსებობს კოორდინაციის მაღალი ხარისხი აგენტურული ქსელის სხვადასხვა დანაყოფებს შორის და ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან, ეს საქმიანობა ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ძირის გამოთხრას, ეს არის მტრული საქმიანობა და უცხო ძალებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა