"რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ" - გიორგი შარაშიძე
კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური. რა დმანისის, ლანჩხუთისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლოს პროკურატურამ - თუ კობახიძეს მართლა სურს, დაამტკიცოს, რომ ის ფასადურად არ ებრძვის კორუფციას, მაშინ თბილისის მერიიდან დაიწყონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში პრობლემა არის სისტემურ პოლიტიკურ კორუფციასა და ელიტარულ კორუფციაში.
„სუს-ის ბრიფინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური. ის თანხები და მოცულობები, რაც ამ ბრიფინგზე გახმოვანდა, “ოცნების“ კორუმპირებული მაღალჩინოსნები, ვინც ამას უყურებს, ალბათ, გულში ეღიმებათ, იმიტომ, რომ კარგად იციან, თავად რამდენი მილიონი აქვთ მოპარული. ამ დროს საუბარია დაბალი, საშუალო რგოლის ჩინოვნიკებზე და ასეულობით ათას ლარზე. დღეს საქართველოში პრობლემა არის სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაში, ელიტარულ კორუფციაში.
აბსოლუტურად ლოგიკური კითხვაა, თუ არა კორუფციასთან ბრძოლა, რატომ არიან დაჭერილები ყოფილი მაღალჩინოსნები. ამას აქვს მეორე მხარე - რეალურად ეს მხოლოდ კლანებს შორის ინტერესთა გადანაწილებაა. დღეს ვინც დაჭერილია, უმაღლესი თანამდებობის პირი, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრი. კობახიძეც თავად კლანის წარმომადგენელია. აბა, ვინაა მაშინ კახა კალაძე? რა დმანისის, ლანჩხუთისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერიაზეა საუბარი და ასეულობით ათას ლარზე, თბილისის მერია შეისწავლოს პროკურატურამ. ეს კლანია სწორედაც, რომ კობახიძე - კალაძის. თუ კობახიძეს მართლა სურს, რომ დაამტკიცოს, ის ფასადურად კი არ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ. არ არსებობს ამაზე დიდი კითხვის ნიშნები არცერთ სხვა ორგანიზაციაში საქართველოში. სუს-ის მიერაა გამოვლენილი, რომ ბავშვების კვების თანხებიდან მილიონებია მოპარული. ასევე, უფასო სასადილოების საქმე. ეს ხომ მათივე პროკურატურის, სუს-ის გამოძიებული და დამტკიცებული საქმეებია?! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს: კი, ბატონო, დმანისშიც შევიდეს, ოზურგეთშიც და ყველგან, მაგრამ დაიწყოს თბილისის მერიით. ჰოდა, რომ არ მიდიან, ამიტომ იყო ეს ბრიფინგიც ფასადური ბრძოლის მორიგი გამოხატულება. თუ ეს სისტემურია, ნახევარი „ოცნება“ დასაჭერია, მეტიც, 80%. პარლამენტის „ოცნების“ შემადგენლობის 80% ასევე დასაჭერია. ყველა მინისტრი... ეს ბრძოლა არის ფასადური, ეხება მხოლოდ მცირე და საშუალო რგოლს. მილიონობით ლარზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"