"ბუნება სულ ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად..." - რას პროგნოზირებს გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი - კვირის პალიტრა

"ბუნება სულ ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად..." - რას პროგნოზირებს გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი

„თელავის მოვლენა ის შემთხვევაა, როდესაც სამეცნიერო პროგნოზი არ გიხარია”, - ამის შესახებ გეოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, რომ მთელი რიგი სამშენებლო სტანდარტები, წესები და ნორმები მოძველდა და გადასახედია. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ დღეს რასაც ავაშენებთ, პოტენციურ რისკს ვდებთ მათში.

შეგახსენებთ, რომ თელავში უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ქუჩების ნაწილიც დატბორა.

„სამწუხაროდ, თელავის მოვლენა ის შემთხვევაა, როდესაც სამეცნიერო პროგნოზი არ გიხარია, იმიტომ, რომ მსგავსი მოვლენა დიდი ხანია პროგნოზირებული იყო. გარკვეული სამზადისი ამის საწინააღმდეგოდ ხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი და მთლად სწორად გათვლილი.

ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი მიდგომები მოითხოვს გადახედვას და ეს ეხება, მათ შორის, მოძველებულ მთელ რიგ სამშენებლო სტანდარტებს, წესებსა და ნორმებს, რომლებიც გარკვეული საუკუნის მონაცემებით არის შემუშავებული. თითქოს ახლახან, 2009 წელს, იყო მიღებული მათი უმრავლესობა, მაგრამ მოძველდა.

ჩემი აზრით, აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის ტენდერები და ტექნიკური გადაწყვეტები, ამ სტანდარტებზეა დამყარებული. ეს ნიშნავს, რომ დღეს რასაც ავაშენებთ, რასაც გავაკეთებთ, უკვე პოტენციურ რისკს ვდებთ მათში.

ჩემი აზრით, იმ უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად, რომელიც გადასაწყვეტია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ კატასტროფებთან მიმართებით, ერთ-ერთი ძირითადი არის ამ მოძველებული სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების, მათ შორის კლიმატური ნორმების, გადასინჯვა, მათი რევიზია, ახალი მიდგომების შემუშავება და მიღება.

გარკვეული გაკვეთილები ვისწავლეთ, მაგრამ ბუნება სულ ახალ სიურპრიზებს გვიმზადებს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.

განაგრძე კითხვა