“მისი მეუღლე ამ დრომდე მძიმედაა" - ამერიკაში ბრალი წარუდგინეს 36 წლის დიანა ქუთათელაძეს, რომელმაც ავარიისას ორი ადამიანი იმსხვეარპლა
ამერიკაში, ნასაუს ოლქის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი 36 წლის დიანა ქუთათელაძეს, რომელიც ოუშენსაიდიდანაა. მას ბრალად ედება არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა და საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
ტრაგედია მიმდინარე წლის 15 მარტს, გვიან ღამით, სამხრეთ სტეიტ პარკვეიზე მოხდა. ავარიაში სულ 6 ავტომობილი ფიგურირებდა.
როგორ მოხდა საზარელი ავარია?
პროკურატურისა და პოლიციის მასალების მიხედვით, შემთხვევა დაახლოებით 22:15 საათზე დაიწყო. დიანა ქუთათელაძე, რომელიც მანქანაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
გამოძიების თანახმად, მოვლენები შემდეგი ქრონოლოგიით განვითარდა:
ქუთათელაძემ დაკარგა კონტროლი საჭეზე, გვერდიდან გაჰკრა ნაცრისფერ „BMW“-ს, რის შემდეგაც გადაკვეთა გზის გამყოფი მწვანე ზოლი. გამყოფის გადაკვეთის შემდეგ, მან გზა აღმოსავლეთისკენ მიმავალ ზოლში, მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა.
საპირისპიროდ მოძრავ რამდენიმე მანქანასთან შეჯახების შემდეგ, ქუთათელაძის ავტომობილი შეეჯახა შავი ფერის, 2016 წლის „Toyota Highlander“-ს. საერთო ჯამში, ამ მასშტაბურ ავარიაში 10 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სასწრაფოდ ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.