რას წარმოადგენს თურქული კომპანია, რომელიც თბილისში ტრამვაის ხაზს გაიყვანს?!
თბილისის მერიამ დედაქალაქში ტრამვაის ხაზის გაყვანის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ტენდერში წარდგენილი წინადადებებიდან შეირჩა თურქული კომპანიის EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-ს მიერ გაკეთებული შეთავაზება, რომელსაც ყველაზე ნაკლები თანხა - 287.654 მლნ ლარი ჰქონდა წარდგენილი ტენდერში.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ტრამვაის ხაზის გაყვანის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
თურქული სარკინიგზო-საინჟინრო კომპანია, EMRERAY (EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi) 1994 წელს დაარსდა. სათაო ოფისი ანკარაშია. სულ კომპანიაში 3000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. წლიური შემოსავალი 10.5 მლნ დოლარს შეადგენს.
კომპანია სპეციალიზებულია რკინიგზის სისტემაში და სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში ოპერირებს.
ამასთან, EMRERAY თურქეთის ელექტროსამონტაჟო სამუშაოების ბაზრის, დაახლოებით, 80%-ს ფლობს. მას, ასევე, ფოლადის კონსტრუქციების, საკონტაქტო ქსელების, ენერგიისა და სიგნალის მასალების წარმოებისთვის ორი, 20 000 და 6000 კვადრატულ მეტრის ფართობის ქარხანა აქვს.