"ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა და..." - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: არის თუ არა გამოსავალი პოლიტიკური კრიზიდან?! - კვირის პალიტრა

"ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა და..." - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: არის თუ არა გამოსავალი პოლიტიკური კრიზიდან?!

ოპოზიციის სტრატეგიას, რომელიც "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ დაასახელა - "შიგნით აქცია, გარეთ სანქცია", - ამ ფორმულირებას ხელისუფლების მწვავე შეფასება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა "ქვეყნის ღალატია" და სწორედ ეს საკითხი ამყარებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმებთან დაკავშირება სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაა, მაშინ როცა ოპოზიცია ამას პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად განიხილავს. რა სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ დაპირისპირებას, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ ბრძოლასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და როგორ აფასებს მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ ველზე ახლახან შემოსული ძალა "ჯერ საქართველო", ამის შესახებ პარტიის ლიდერი ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება.

- ყველას აქვს უფლება აზრის გამოხატვის. ბატონი ნიკა გვარამიას ეს პოზიცია და განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ალიანსის სახით გაერთიანება გარკვეული პოლიტიკური ხელწერის მატარებელია. მე ამ პოზიციას ვერც დავიწუნებ, ვერც მოვიწონებ და ვერც რაიმე სხვა შეფასებას მივცემ.

ერთი რამ კი ფაქტია: სანქციებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება გარკვეულწილად ბანალური მიდგომაა. სანქცია არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რეაგირების ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ ის ვერ იქნება აღქმული როგორც "ჯადოსნური ჯოხი", რომლის ერთი მოსმითაც შეიძლება პრობლემის ძირეული გადაწყვეტა. რაც შეეხება აქციას, მე ამას სხვაგვარად ჩამოვაყალიბებდი: მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა ხალხმა თავად აიღოს. თუ პოლიტიკური აქტიურობა სწორედ ამაში გამოიხატება, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი პროცესია და ამას ვერც ერთი საერთაშორისო ჩარევა, ფორმა თუ რეაგირების მექანიზმი ვერ ჩაანაცვლებს.

ბოლოს მინდა საკონსტიტუციო სარჩელზეც ვთქვა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სარჩელს ბევრი საერთო არა აქვს უშუალოდ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ბუნებასთან. შეგახსენებთ, რამდენი ხანია ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი - ხან თაროზე იყო შემოდებული, ხან ისევ აქტუალური ხდებოდა, ხან დავიწყებას მიეცემოდა და შემდეგ კვლავ დღის წესრიგში ბრუნდებოდა. მრჩება განცდა, რომ ამ სარჩელის ფენომენი უფრო პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია და ნაკლებად ჰგავს კლასიკურ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. ბატონი კობახიძის ამ განცხადებამ ეს განცდა უფრო გამიმყარა.

- როგორ აფასებთ ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგახართ როგორც ახალი პოლიტიკური ძალა?

- ვითარება მართლაც ძალიან მძიმეა. ეს სიმძიმე გამოიხატება იმაში, რომ პროცესი უკვე გასულია როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ჩარჩოებიდან. როდესაც სამართლებრივ ჩარჩოზე ვსაუბრობ, მხოლოდ დაწერილ კანონმდებლობას კი არა, სამართლიანობის პრინციპებსა და იმ ფუნდამენტურ ცნებებსაც ვგულისხმობ, რომლებიც სამართლის არსს უკავშირდება. ამ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა და ტვირთი, როგორც ახალი პოლიტიკური ძალის, აბსოლუტურად განსხვავებულია.

ამ ეტაპზე ველოდებით რეესტრის გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ და მზად ვართ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გავიზიაროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ნორმალურ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გარემოში დაბრუნებას უკავშირდება.

- რაში ხედავთ რთული ვითარებიდან გამოსავალს და როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის შეცვლა?

- ამის თქმა ძალიან რთულია. ნორმალური პოლიტიკური პროცესი, პირველ რიგში, გულისხმობს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. ჩვენ სხვა გზას ვერც წარმოვიდგენთ და არც მინდა წარმოვიდგინო. თუმცა იმ პირობებში, რაც დღეს ქვეყანაშია, არჩევნებზე საუბარი, ამ სიტყვის სრული და ბუნებრივი გაგებით, საკმაოდ რთულია. ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა პროგნოზებით დაკავება ან დაპირებების გაცემა. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ვიყოთ ისეთივე გულწრფელი და ობიექტური შეფასებებში, როგორიც ვიყავით 28 ივნისამდე, რეალობას შევხედოთ ზუსტად ისე, როგორც არის.

- იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობდა "კონსტრუქციული ოპოზიციის" საჭიროებაზე და არსებული ოპოზიციური ძალების ნაწილს "დესტრუქციულად" აფასებდა, გაჩნდა თუ არა თქვენ მიმართ აღქმა, რომ შესაძლოა სწორედ თქვენ იყოთ ის ოპოზიციური ძალა, რომლის გამოჩენასაც ხელისუფლება ელოდა? გქონიათ თუ არა მსგავსი შეფასებები და როგორ პასუხობთ ამგვარ მოსაზრებებს?

- ამაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა, "ისეთი ხომ არ არისო..." მაგრამ ჩვენი "ისეთობის" დადასტურება სანოტარო წესით არ ხდება. ვერც ბიბლიაზე დავიფიცებთ და, რადგან ასეთი ინსტრუმენტი და ფორმა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ნებისმიერი შეფასება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუმცა მნიშვნელოვანია არა უბრალოდ შეფასება, არამედ კვალიფიციური, კომპეტენტური და დასაბუთებული შეფასება.

სამწუხაროდ, დღეს ხშირად ვხვდებით მიდგომას, რომელიც უფრო კონსპიროლოგიას უკავშირდება. კონსპიროლოგიური განწყობები იმდენად მოდური გახდა, რომ ამის მიმდევრები მხოლოდ ხელისუფლებაში არ არიან, მსგავსი ტენდენციები, სამწუხაროდ, ოპოზიციურ სპექტრშიც გვხვდება. ხშირად ხდება ბრალდების გაჟღერება მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყოს ფერადი, ხმაურიანი და საზოგადოების ყურადღების მიმპყრობი, თუმცა ნაკლებად ისმის კითხვა - რა მტკიცებულება და საფუძველი ახლავს ამ ყველაფერს. თუ თვალს გადავავლებთ სოციალურ მედიას და სხვადასხვა ინტერვიუს, ხშირად ზოგიერთი ადამიანი საკუთარი პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის ცდილობს იპოვოს მარტივი ინსტრუმენტი, შექმნას ხმაურიანი ბრალდებები და ამით პოზიცია გაიძლიეროს. ამაში ხელს ვერავის შევუშლით. იმედია, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, ასეთ შეფასებებს სათანადოდ შეაფასებს. ამიტომ ამ საკითხის უფრო ღრმად გაშლაც რთულია. ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა - მსგავსი შეფასებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ღრმად არის ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესი დაზიანებული და რამდენად რთული და მტკივნეული იქნება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ჩვენ კი ვერ დავკავდებით მხოლოდ იმით, რომ მუდმივად ვამტკიცოთ, "ასეთი არა ვართ". ჩვენი საქმეა მოქმედებებით დავამტკიცოთ, ვინ ვართ.

წაიკითხე ვრცლად