“მე არ ვარ კარგი მსახიობი... ეს ოპერაცია ლიკას მივუძღვენი“ - ია ფარულავას გულახდილი საუბარი
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა ზაკ მირიანაშვილის პოდკასტ „შანტრაპას“ პირველ ეპიზოდს სტუმრობდა. ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა - რატომ გამოუშვეს თეატრიდან? რატომ დაიწუნა სტივენ სპილბერგმა „შინდლერის სიის“ ქასთინგზე და რომელ როლზე განიხილებოდა მისი კანდიდატურა? ვის მიიჩნევს სილამაზის ეტალონად და რატომ ფიქრობს, რომ არ არის კარგი მსახიობი?

ყველასგან გამორჩეული- პირველ რიგში ეს იყო გარეგნობა, რომელიც არ იყო სტერეოტიპული ქართული გარეგნობა. ძალიან ვგავდი, ასე ვთქვათ, ესმერალდას, ცოტა ფლამენკოს, ანდალუზიას, კარმენს — განსაკუთრებით გარეგნობით. თუ ზღვაზე დასასვენებლად წავიდოდი და სექტემბერში გარუჯული ჩამოვიდოდი, სულ მთლად მარტო კბილები ანათებდა. სწორედ ეს განსაკუთრებული გარეგნობა იპყრობდა პირველ რიგში ყურადღებას.
მეორე მხრივ, ყურადღებას იპყრობდა ჩემი ძალიან გაბედული ხასიათი. ჩარჩოებში არ ვჯდებოდი. რატომ მქონდა ასეთი ხასიათი, არ ვიცი, მაგრამ მაინც ხელოვანის ოჯახში ვიყავი გაზრდილი. მამა მოქანდაკე იყო და ხშირად ვსტუმრობდი მის სახელოსნოს. იქ ვუყურებდი ქანდაკებებს, შიშველ ნატურებს, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას... მოკლედ, არავის ვგავდი.
მაგრამ, წარმოიდგინეთ, მაშინ ამას საერთოდ ვერ ვგრძნობდი, რომ რაღაც განსაკუთრებული ვიყავი. ეს მერე მეუბნებოდნენ: „ინსტიტუტში ერთხელ დაგინახე შენი ხუჭუჭა თმებით, რა ლამაზი იყავი“. ვფიქრობდი, კაცო, მოსულიყავი და გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, რომ განსაკუთრებული ვიყავი. არავინ არაფერს მეუბნებოდა...
აი, ამ ჩემ თავისუფლებას და ამ საოცარ ბუნებას,ძალიან ცუდად შეეჩეხა პირველი ქორწინება. ფაქტობრივად, იყო მცდელობა ჩემი ფრთების მოკვეთის. ჩემი პირველი დიდი გამოცდა სწორედ იქიდან დაიწყო.

რა თქმა უნდა, გამოცდები მანამდეც მქონდა ბავშვობაში და ამაზე არაერთხელ მილაპარაკია, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზული გამოცდა იყო. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა — მე თუ ტრადიციული ქართული ოჯახური კლანი, რომელიც მთხოვდა, თეატრალური ინსტიტუტიდან საბუთები გამომეტანა და სამედიცინოზე შემეტანა.ვეუბნებოდი: „სამედიცინოზე არც ფიზიკა ვიცი, არც ქიმია, არც მათემატიკა“.