რა გავლენა ექნება რუსეთში კრიზისს საქართველოზე და კიდევ გაძვირდება თუ არა ცხოვრება?! - კვირის პალიტრა

რა გავლენა ექნება რუსეთში კრიზისს საქართველოზე და კიდევ გაძვირდება თუ არა ცხოვრება?!

რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა და სამხედრო პროცესებმა, მათ შორის ენერგორესურსებთან, ლოგისტიკასა და სოფლის მეურნეობაში შექმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა, საქართველოზეც უარყოფითი გავლენა იქონიოს.

როგორც ეკონომისტი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გლობალური ეკონომიკის პირობებში ერთი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული კრიზისი სხვა სახელმწიფოებზეც აისახება, ხოლო საქართველოსთვის მთავარი რისკი იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებაა.

როგორც სოსო არჩვაძე ამბობს, მსოფლიოში ფაქტობრივად, აღარ არსებობს ქვეყანა, რომელიც სრულად თვითკმარია, ამიტომ ნებისმიერი გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური დაძაბულობა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს.

„გავლენა ყოველთვის აქვს, იმიტომ, რომ გლობალური ეკონომიკა ეს არ არის მარტო პუბლიცისტური ან ემოციური დატვირთვის ცნება, მას აქვს ღრმა პრაგმატული, რეალური საფუძველი. მსოფლიოში, ფაქტობრივად, (თუ ერთ-ორ ქვეყანას არ ჩავთვლით), ავტარქიული მეურნეობა აღარ არსებობს. ყველა ქვეყანა, ჩინეთიდან დაწყებული და პატარა სახელმწიფოებით დამთავრებული, დამოკიდებულია საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზე.

როდესაც სამომხმარებლო დოვლათის ნაცვლად გლობალური მასშტაბით იწარმოება და გამოიყენება მასობრივი მოსპობის იარაღი, ეს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს იმ მიმართულებით წარმართავს, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას არ ემსახურება. შედეგად, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისპროპორცია იზრდება. მოთხოვნა ნორმალურ ცხოვრებასა და ხარისხიან პროდუქციაზე არსებობს, მაგრამ მიწოდების რესურსი მცირდება, რადგან რესურსები სამოქალაქო დანიშნულების ნაცვლად სამხედრო მიზნებისთვის იხარჯება. სწორედ ეს იწვევს გლობალურად ფასების ზრდას - იქნება ეს უკრაინის ომი თუ სხვა საერთაშორისო კრიზისი.

ჩვენთვის ეს პროცესი ცალსახად არასასურველია. პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ის მოქმედებს ფასების დონეზე. მსოფლიოში რომ მშვიდობა იყოს და ის უზარმაზარი თანხები, რომლებიც დღეს შეიარაღებაზე იხარჯება, წარმოებასა და განვითარებას მოხმარდეს, ენერგომატარებლებიც გაცილებით იაფი იქნებოდა, ტრანსპორტირებაც და მოსახლეობის კეთილდღეობაც მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

მისივე შეფასებით, საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარეა მსგავსი პროცესების მიმართ, რადგან სასურსათო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტზეა დამოკიდებული.

„წლების განმავლობაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს - მეტი შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. მარცვლეულზე ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ 20-22%-ს აკმაყოფილებს. ასევე მაღალ დამოკიდებულებაში ვართ ხორცსა და ხორცპროდუქტებზე. თვითუზრუნველყოფის ზღვართან მხოლოდ რამდენიმე პროდუქტით ვართ, მაგალითად, კარტოფილითა და კვერცხით, მაშინ როდესაც დანარჩენი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის დიდი ნაწილი იმპორტით შემოდის.

ამიტომ აგრარული სექტორი კვლავ რჩება ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად. საჭიროა მეტი ინვესტიცია, მეტი წახალისება და მეტი მხარდაჭერა, რათა ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს“, - აღნიშნა ეკონომისტმა.

სოსო არჩვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ თუ რუსეთში მიმდინარე კრიზისი სოფლის მეურნეობაზეც აისახება, ეს საქართველოსთვის დამატებითი გამოწვევა იქნება.

განაგრძე კითხვა