რას ამბობს ქონებაზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ სიგუას ყოფილი მეუღლე?!
ადვოკატი ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა - ეს არის სრული აბსურდი, - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, იოსებ სიგუა შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს და სწორედ ამის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა.
სოფიო სიგუა-შატბერავა აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნა სრულიად ალოგიკურია.
„მან სამაჯურის გაუქმება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. ახლა უკვე ითხოვს მხოლოდ შემაკავებლის გაუქმებას, მაგრამ ეს არის სრულიად ალოგიკური. ეს სამაჯური არის გამოწვეული ზუსტად შემაკავებელი ორდერიდან. არ ვიცი, ეს მოთხოვნა რამდენად ლეგიტიმურია, თუმცა ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. საფრთხე ყოველთვის დიდი იყო, იმიტომ რომ ის ყოველთვის ჩემს ირგვლივ მოძრაობდა. შემაკავებელი ორდერი მაგ მოტივით გამოუწერეს.
მე არანაირი დავა არ დამიწყია, არანაირი საჩივარი არ არსებობს ჩემი. ეგ არის თავისი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა. პირიქით, თვითონ დაიწყო დავა დედაჩემის წინააღმდეგ, ჩემს წინააღმდეგ არა. ადვოკატი, გადაფარვის მიზნით, ცდილობს აქცენტი ქონებაზე გადაიტანოს, თუმცა ჩვენ ყველაფერი თანაცხოვრებაში გვაქვს შეძენილი, აქედან გამომდინარე, ამაზე ვერ იდავებ, ისედაც 50/50-ზეა. ეს არის სრული აბსურდი,“ - განაცხადა სოფია სიგუა-შატბერავამ.
"ინტერპრესნიუსი"