დიდი სკანდალი უკრაინაში: კონფლიქტი თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს შორის - რატომ არჩია ზელენსკიმ "სალდაფონი" სირსკი "აიტიშნიკ" ფიოდოროვს?! - კვირის პალიტრა

დიდი სკანდალი უკრაინაში: კონფლიქტი თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს შორის - რატომ არჩია ზელენსკიმ "სალდაფონი" სირსკი "აიტიშნიკ" ფიოდოროვს?!

თურმე ასეც ხდება - თავდაცვის მინისტრის მოხსნის გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩებში გამოდის...

უკრაინის ქალაქებში და მათ შორის - დედაქალაქშიც, მეორე დღეა, ქუჩებში პროტესტის გამოსახატავად მოსახლეობის ნაწილი გამოდის, რომელთა მთავარი მოთხოვნაა, თანამდებობაზე დატოვონ უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი...

ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერების მხარდამჭერი მიტინგების გამართვა ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ის, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდნენ, ცოტა დაუჯერებლად მოჩანს...

ეს მართლაც დაუჯერებლად მოჩანს იმ უკრაინაში, რომელმაც ომის მეხუთე წლამდე ოთხი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა (თუმცა ამით ქართველებს ვერ გაგვაკვირვებს, რადგან ოთხი თავდაცვის მინისტრი საქართველომ მხოლოდ ერთ, 2004 წელს „გამოცვალა“) და მათგან სამ მინისტრს კრიტიკა არ მოჰკლებია - არც სამხედროებისგან და არც მოსახლეობისგან...

მაშინ ვინ არის 35 წლის მიხაილ ფიოდოროვი, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრად სულ ახლახან, 2026 წლის 14 იანვარს დაინიშნა და 14 ივნისამდე ანუ თავდაცვის მინისტრის რანგში სულ რაღაც 7 თვის განმავლობაში ყოფნის დროს ისე შეაყვარა თავი მოსახლეობის ნაწილს, რომ მის მხარდასაჭერად ქუჩებშიც კი იწყებენ მასობრივად გამოსვლას?

ზაპოროჟიეში დაბადებული „აიტიშნიკი“ მიხეილ ფიოდოროვი 2019-დან 2026 წლის დასაწყისამდე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის, ასევე, უკრაინის ინოვაციების, განათლების განვითარების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების პოსტებს იკავებდა შენაცვლებით და ამასთანავე გახლდათ ვიცეპრემიერიც.

მან დიდი როლი შეასრულა უკრაინის არმიის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვაში და სრულიად ლოგიკური გახლდათ, როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ფიოდოროვი მეომარი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დანიშნა, იმ ქვეყნის, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე სრულყოფილად ფლობს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო დრონების საბრძოლო გამოყენების ციფრულ ტექნოლოგიებს.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე ფიოდოროვმა ერთი უდიდესი კარგი საქმე გააკეთა უკრაინის არმიისთვის და მთლიანად თავის ქვეყნისთვის - მან გამოიყენა თავისი პირადი კარგი ურთიერთობა ილონ მასკთან და ის სწრაფად დაიყოლია „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის გათიშვაზე უკრაინის ტერიტორიაზე...

დიახ, დროებით გათიშვის, რადგან „სტარლინკის“ ხელახლა ჩართვის შემდეგ ამოქმედნენ მხოლოდ ის თანამგზავრული ანტენები, რომლებმაც ოფიციალური რეგისტრაცია გაიარეს უკრაინის შესაბამის სტრუქტურებში, ხოლო ფრონტის მეორე მხარეს რუსი ოკუპანტის განკარგულებაში არსებული „სტარლინკის“ ათასობით ანტენა (რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს ევროპაში და აზიაში ჰქონდათ ნაყიდი და ადგილობრივ მოსახლეობაზე ფიქტიურად გაფორმებული) გამორთული დარჩა, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დიდი დანაკლისი განიცადეს...

მარტო ესეც კმაროდა იმისთვის, რომ უკრაინაში შეცვლილ მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ ფიოდოროვისთვის შეენარჩუნებინა პრეზიდენტ ზელენსკის, მით უმეტეს, რომ ფიოდოროვი მისი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი გახლდათ და 2019 წლიდან მის გვერდით იდგა და მოჰყვებოდა...

მაგრამ, ასე არ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა უცნაურად ახსნა - დავიღალე, რომ აგრესორ რუსეთთან მეომარ ქვეყანაში, „შიდა ომი“ აქვთ გაჩაღებული თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს, ფიოდოროვი ერთს მეუბნება, სირსკი - მეორეს, ორივეს ერთდროულად ვერ მოვხსნიდი, სექტემბერში დიქტატორი პუტინი რუსეთში დიდ მობილიზაციას დაიწყებს და ამას ჩვენ ვერ შევხვდებით ისე, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ერთმანეთს კიევში „ეომებოდნენო“...

2-piodorovi-1784193199.png
კიევის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვენ მიხაილ ფიოდოროვის დაბრუნებას თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ახალ მინიტრთა კაბინეტში...

ეს პრობლემა, კერძოდ კი დაპირისპირება ქვეყნის თავდაცვის სამოქალაქო მინისტრსა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ თუ გენშტაბის უფროს გენერალთან, ბევრ ქვეყანას აქვს გავლილი.

გავიხსენოთ თუნდაც იმ ორ ათეულზე მეტ თავდაცვის მინისტრსა და, დაახლოებით, ამდენივე გენშტაბის უფროსს შორის დაპირისპირებები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, რამდენი მათგანი მამასისხლად იყო ერთმანეთზე გადაკიდებული და პრეზიდენტთან - ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალთან ერთმანეთს როგორ აძაგებდნენ... (ერთ-ერთ ასეთ დაპირისპირებას თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შორის, პირადად ვარ შესწრებული, ქართულ მიწაზე მორიგი ომის დროს, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯერ ტელევიზიით გამოაცხადა თავისი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯარების გამოყვანაზე და მხოლოდ შემდეგ დაურეკა თავდაცვის მინისტრს...)

ფიოდოროვისა და სირსკის დაპირისპირების მთავარ მოტივად კი ის იქცა, რომ „აიტიშნიკი“ თავდაცვის მინისტრი ციფრული ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებით აპირებდა ომის გაგრძელებას აგრესორ რუსეთთან მაშინ, როდესაც საბჭოთა სამხედრო სკოლის აღზრდილი გენერალი სირსკი საბრძოლო მოქმედებების ტრადიციული მეთოდებით გაგრძელებას უჭერდა მხარს...

წესით, თავდაცვის სამოქალაქო მინისტრი არ უნდა ჩაერიოს გენშტაბის გენერლების მიერ საბრძოლო მოქმედებების დაგეგმვა-განხორცილების ურთულეს პროცესში და მისი მთავარი მოვალეობაა, სამხედროებისთვის დროულად შეისყიდოს და მიაწოდოს ყველა ის შეიარაღება და საბრძოლო საჭურველი, რასაც გენშტაბი მოითხოვს თავდაცვის სამინისტროდან.

თუმცა რუსეთ-უკრაინის ეს დიდი ომი გამოდის ტრადიციული ომების ფარგლებიდან და უკრაინას მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით რომ ებრძოლა, დღემდე წააგებდა მას.

სწორედ ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა დანერგვამ, ჯარების მართვის სისტემაში, ციფრული კავშირგაბმულობის განვითარებამ, საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ ციფრულ არეალში განთავსებამ და, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დანიშნულების დრონების საბრძოლო გამოყენების ტაქტიკის მუდმივმა სრულყოფამ ქნა ის, რომ უკრაინა მეხუთე წელია, არ ნებდება და ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს მასზე ბევრად უფრო ძლიერ აგრესორ რუსეთს...

უახლესი მომავალი უჩვენებს, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ, როდესაც „აიტიშნიკ“ ფიოდოროვს „სალდაფონი“ სირსკი ამჯობინა, რადგან კრემლს ბოლო გადამწყვეტი ქმედებებისთვის დარჩა მართლაც დიდი მობილიზაციის გამოცხადება, რისთვისაც უკრაინა მზად უნდა იყოს...