"განადგურებული ვარ... არ ვიცი, რა ვუთხრა ერთადერთი შვილის დამკარგავ მშობლებს, გივიკოს შვილებს" - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - კვირის პალიტრა

"განადგურებული ვარ... არ ვიცი, რა ვუთხრა ერთადერთი შვილის დამკარგავ მშობლებს, გივიკოს შვილებს" - ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და, საუბედუროდ, ნანგრევებში მოჰყვა კომპანიის თანამშრომელი, 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. გივიკო გურეშაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მშობლები ემიგრაციაში იყვნენ და ისინი საბერძნეთიდან ჩამოვლენ.

"საოცრად კარგი ადამიანი იყო გივიკო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე. გივიკო საბერძნეთში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად, იქ გაიცნეს ერთმანეთი მაიკომ და გივიკომ, ერთმანეთი შეუყვარდათ და არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნეს. მათი უფროსი შვილი საბერძნეთში დაიბადა, სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, მეორე ბიჭიც შეეძინათ. გივიკოდ 5 და 3 წლის ბიჭები დარჩა. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ. სახლს არემონტებდნენ და თითქმის დასრულებული ჰქონდათ ყველაფერი. გივიკოს მშობლები ემიგრაციაში არიან, ლალი და თემური დღეს ჩამოდიან საბერძნეთიდან, აქ გაიგებენ ერთადერთი მონატრებული შვილის დაღუპვის ამბავს.

არ ვიცი, როგორ უნდა ანუგეშო ერთადერთი შვილის დამკარგავი მშობლები. მონატრებული ჰყავდათ შვილი. საოცრად თბილი ბიჭი იყო გივიკო, იუმორით სავსე, ვერ გააბრაზებდი, სულ მოღიმარი შემოგეგებებოდა. ორი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მისი მეუღლე. უამრავი სურვილი დარჩათ აუსრულებელი. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ. ბეტონს ასხამდნენ კონსტრუქციაში. განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს, მის უსაყვარელს მეუღლეს და შვილებს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.

როგორც ცნობილი ხდება, ობიექტს, რომელიც დაინგრა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა. სამუშაოებს შპს "გრადუს გრუპ მაუდი" ახორციელებდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

“გივიკო, შვილო, ჩემს სახლში არ დაბადებულხარ, თორემ ჩემთან გაიზარდე, ჩემს შვილებთან ერთად. რა უნდოდა შენთან სიკვდილს, ხომ დაადუმე მთელი სოფელი, შვილო?! ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები, ვინ ვიტირო, შვილო, ვინ?!” - წერს მომხდარით შეძრული მეგობრის დედა.

“ჯერ კიდევ შოკში ვარ, ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა ეს უკარგესი ბიჭი, ჩემი მეგობარი იყო გივიკო, არ ვიცი რა ვთქვა, ” -გვითხრა კიდევ ერთმა ახლობელმა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს.

(სპეციალურად საიტისთვის)