ვინ არის ავტობუსის გზიდან გადავარდნისას დაღუპული მძღოლი - რა დეტალები ხდება ცნობილი საგარეჯოში მომხდარ ავარიაზე? - კვირის პალიტრა

ვინ არის ავტობუსის გზიდან გადავარდნისას დაღუპული მძღოლი - რა დეტალები ხდება ცნობილი საგარეჯოში მომხდარ ავარიაზე?

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბადიაური-ვეფხვიანის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა ეს ავარია. ვეფხიანის და ბადიაურის გზაზეა მომხდარი. ბადიაურის მიმართულებით მოძრავი მწვანე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ვარაუდობენ, რომ ავარიის მიზეზი სველ გზაზე მოცურება იყო. ისიც ითქვა, შესაძლოა მძღოლი შეუძლოდ გახდაო. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მე რომ შემთხვევის ადგილზე მივედი, სასწრაფო, პოლიცია, მაშველები უკვე ადგილზე იყვნენ და დაშავებულები გადაჰყავდათ კლინიკაში. როგორც ვიცი, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს ისინი. დაშავებულებს არ ვიცნობ, მითხრეს სოფელ შიბლიანში მიდიოდა, მანქანაში ორი ქალბატონი იჯდაო. საბედნიეროდ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. თურმე მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ, ერთ-ერთი პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან, მეორე კლინიკაში რჩება. არც გარდაცვლილ მძღოლზე მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი საიდან იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

კიდევ ერთი ადამიანი გვეუბნება, რომ შეესწრო მომხდარ ფაქტს.

“ დილით დაახლოებით 9 -10 საათზე მოხდა ეს ავარია. მე როცა გავიარე მანქანით, ავარია უკვე მომხდარი იყო, თბილისიდან რომ მოდიხარ, მარცხენა მხარეს იყო მანქანა გადაგდებული, მძღოლს ბეჟი ფერის მაისური ეცვა. სასწრაფო და სამაშველო, ყველა უკვე იქ იყო, ცდილობდნენ დახმარებას. ისე აღვიქვი, სატვირთო მანქანა მეგონა, უკან აშკარად რაღაც მოწყობილობები ჰქონდა. ავტობუსს ვერ მივამსგავსე. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ავტობუსი იყო. მე რომ მანქანით გავიარე, მძღოლი გადმოყვანილი იყო მანქანიდან. ძირს ეწვინათ. იქვე იყო სასწრაფოც, მძიმე სანახავი იყო, მანქანა არ გამიჩერებია, ავარიულები ჩავრთე და ისე გავიარე, ცუდი ამინდი იყო, მთელი დილა ხან წვიმდა, ხან წვიმამ გადაიღო, გზა სველი იყო. ავარიის მიზეზი რა იყო, ამას ვერ გეტყვით”- ამბობს ჩვენთან საუბარში.

ჩვენ კიდევ ერთ ქალბატონს დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ მისი ახლობელი იჯდა ავტოავარიის დროს იმ ავტობუსში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “დილა იყო და ეტყობა ბევრი ადამიანი არ იჯდა ამიტომ იმ ტრანსპორტში. ჩემი ახლობელი დაშავდა, მაგრამ მსუბუქად,- ამბობს ის.

მძღოლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებენ ადგილობრივები გარდაცვლილის ოჯახს

“საგარეჯოს ზემო უბნის მოსახლეობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უსაყვარლესი, მწვანე ავტობუსის მძღოლის, თამაზ ბეჟიტაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს. იგი იყო უაღრესად კულტურული და ტკბილად მოსაუბრე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი და ასეთი დარჩება ჩვენს გულებში სამარადისოდ,”- დაწერა სოციალურ ქსელში ადგილობრივმა, დარეჯან ნაზარაშვილმა.

ჩვენ მას დავუკავშირდით. ძალიან განიცდის მომხდარს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.

“ყოველდღიურად ვმგზავრობდი მისი ავტობუსით, 73 წლის იყო თამაზ ბეჟიტაშვილი. იმდენად კარგი ადამიანი იყო, საგარეჯოს ჯგუფში რამდენჯერმე მადლობის ტექსტიც მაქვს მასზე გამოქვეყნებული. ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ ადამიანთან, ყველა მადლიერი ჰყავდა. ყველა დამეთანხმება, მართლა კარგი ადამიანი იყო. უპრობლემოდ უჩერებდა ყველას ნებისმიერ ადგილზე. რომ სთხოვდი გაჩერებას, გეტყოდა, კი გენაცვალე, გაგიჩერებ. უდიდესი სითბო და სიყვარული დაგვიტოვა ყველას. მისი მარშრუტი მოიცავდა მორიგეობით საგარეჯოს სოფლებს შიბლიანის ჩათვლით. ერთ დღეს რომ საგარეჯო სადგურის მარშრუტით იყო ჩვენ გვემსახურებოდა და ასე მოძრაობდა საგარეჯოს მასშტაბით. თვითონაც საგარეჯოელი გახლდათ და ძალიან მეწყინა დღეს ეს ამბავი რომ გავიგე. სამძიმარი მინდა ვუთხრა მის ოჯახს. როგორც ვიცი, დღეს მარშრუტი სოფელ შიბლიანში ჰქონია. რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, ვერ გეტყვით. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. განვიცდი ამ უაღრესად კარგი ადამიანის ასე ტრაგიკულად დაღუპვას”, - ამბობს ჩვენთან საუბარში დარეჯან ნაზარაშვილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

თეა ხურცილავა

(სპეციალურად საიტისთვის)