“2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი - 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია...“ - ირაკლი კობახიძე
მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი [ოპოზიციური პარტიები] იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმაისტერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი რეპუტაცია.
“ყოველ ჯერზე, როდესაც სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგება ხოლმე, ისინი წყენას ვერ მალავენ. ეს არც არის მაინცდამაინც საინტერესო. რაც შეეხება მათ მიდგომას - ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ხაზი მინდა გავუსვა რატომ ვერ შედგება ასეთი პოლიტიკური ძალებით ვერასდროს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ჯანსაღ სისტემაში, ჯანსაღი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული ხალხის სიმპათიების დამსახურებაზე. ნებისმიერი, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა ცდილობს, რომ ხალხს მოაწონოს თავი, რომ მერე ხმა მიიღოს, ნდობა გამოუცხადონ და ასე შემდეგ. საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ არ არიან ამაზე ორიენტირებული და პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი, ასე ვთქვათ, რეპუტაცია. ერთადერთი, ვის მიმართაც ცდილობენ თავის მოწონებას, ეს არის გარე ძალები. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. რატომ? ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, აგენტურა ვერ იქნება ორიენტირებული ხალხზე, იქნება ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ პატრონებზე. ეს არის საერთო სურათი.