წიგნები, მუსიკა და დიპლომატია - გაიცანით ალექსანდრე ცეკვაშვილი, მეთერთმეტეკლასელი მრავალმხრივი მისწრაფებებით
ალექსანდრე ცეკვაშვილი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთერთმეტეკლასელია. მომავალში დიდი გეგმები აქვს, დიპლომატობა უნდა, თუმცა მანამდე უზომოდ დიდ განათლებას იღებს. წარმატებული, მრავალმხრივი და ნიჭიერი ახალგაზრდაა. ბავშვობიდან ვიცნობ და სულ პატარაობიდან, მხოლოდ წიგნებით ხელში მახსოვს. უზომოდ ბევრს კითხულობდა და კითხულობს.
ალექსანდრე ჩვენი კოლეგის ანა მარშანიას შვილია, ის ნიუსრუმში ხშირად აკითხავს დედას. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას კი საჯაროდ საუბარზეც დავითანხმე.
მოკლედ, გაიცანით ალექსანდრე ცეკვაშვილი...
როგორ აღმოვჩნდი ამერიკულ აკადემიაში? - შვიდი წელი საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ჩემს ამჟამინდელ სკოლაში გადასვლა ერთი ძალიან კეთილი ადამიანის იდეა, სურვილი და მონდომება იყო. მან დაინახა, როგორ მიყვარდა კითხვა, სწავლა და ძალისხმევა არ დაიშურა, რომ განათლების მიღება უკეთეს პირობებში გამეგრძელებინა. როცა დრო მოვა, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბრებ. აკადემიაში მოსახვედრად საჭირო იყო სამი გამოცდის ჩაბარება, მათ შორის - მათემატიკის მაღალ დონეზე ცოდნა. როცა დედამ მათემატიკის რეპეტიტორთან მიმიყვანა, მასწავლებელმა პირველივე დღეს შესაფასებელი, ე.წ. სადიაგნოსტიკო ტესტი დამაწერინა, რომელშიც 0 ქულა ავიღე.

მისაღები გამოცდები მარტის ბოლოს იყო, ამიტომ მოსამზადებლად მხოლოდ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი მქონდა. იმ მცირე პერიოდში სამთვენახევარში სამივე საგანში ვემზადებოდი, თუმცა ყველაზე დიდი პროგრესი მათემატიკაში მქონდა. ნამდვილ გამოცდაზე 40 შესაძლო ქულიდან 26 ქულა ავიღე. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი და ასეთ მოკლე დროში იმ დონეს მივაღწიე, რომელიც მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად იყო საჭირო. ასე ჩავირიცხე ამერიკულ აკადემიაში, რომელიც ძალიან ძლიერი, პრესტიჟული სკოლაა და დიდ შესაძლებლობებს აძლევს იმ ადამიანს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აპირებს.
რა შეცვალა სკოლამ?
- ამ სკოლამ ჩემი თვალთახედვა რადიკალურად შეცვალა. რა თქმა უნდა, ამაში ასაკიც თამაშობს როლს, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული ღირებულებები და სწავლის მეთოდები აღმოვაჩინე. მაგალითად, ჩვენს კლასებში ოვალური მაგიდები დგას, რომელთა გარშემოც მოსწავლეები ვსხედვართ. ეს ჩემთვის თავიდან უცხო იყო, თუმცა მალევე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთთან ვსაუბრობთ და დისკუსიაში ვართ ჩართულები, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ მასწავლებელს და დაფას ვუყუროთ.