"კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად გამოიყენონ" - სერგეი ლავროვი
რუსეთი და აზერბაიჯანი ყველა დონეზე აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ყველა დონეზე აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი ელის, რომ „3+3“ ფორმატის მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები მალე შეთანხმდებიან შემდეგი მინისტერიალის გრაფიკზე და გადავწყვეტთ, თუ სად გაიმართება ის - ბაქოში თუ ერევანში“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, „3+3“ ფორმატს საკმარისი პოტენციალი აქვს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის.
„ჩვენ შევეხეთ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, გამოიყენონ სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად. ამ კონტექსტში რეგიონული თანამშრომლობის „3+3“ პლატფორმას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ის აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს - და მათ მეზობლებს: რუსეთს, ირანსა და თურქეთს", - აღნიშნა ლავროვმა.
"ინტერპრესნიუსი"